მითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითი - (ძვ. ბერძ. μῦθος — თქმულება, გადმოცემა) წარმოადგენს საზოგადოებრივი ცნობიერების პირველ ფორმას, რეალობის შესახებ ქვეცნობიერად, იმპულსურად შობილ განზოგადებულ კოლექტიურ იდეას, გარემომცველი სამყაროს კონცეპტუალური შეცნობის საშუალებას, რომელიც წარმოიქმნება სამი მიზეზის ძალით: როგორც სურვილი, აიხსნას უნივერსალური, ზოგადი მოვლენები, რომელთა თაობაზე ცოდნა ჯერაც არ არის (მაგალითად, ბუნების, კოსმოსის, სიცოცხლის, თვით ადამიანისა და სხვათა წარმოშობის შესახებ); როგორც ადამიანთა შემოქმედებითი წარმოსახვის შედეგი; როგორც რეზულტატი იმის რწმენისა, რაც მოგონილია. ამდენად, მითი კოლექტიური შემოქმედებაა და დაფუძნებულია მხატვრულ მსოფლგანცდებზე, საზოგადოებრივ ილუზიებზე, რომელიც ადამიანთა დიდი ჯგუფის მიერ სოციალური პროცესებისა და ამ პროცესებში მისი როლის არაადექვატური აღქმის შედეგად წარმოიშობა. მითისთვის შეუმეცნებელ-აუხსნელი არაფერი რჩება; იგი ახალი, გამოგონილი რეალობაა, რომელშიც არქაული საზოგადოება ცხოვრობს და რომელიც მისი „კომფორტული“ არსებობის აუცილებელი პირობაა. ამიტომ ფუნქციონალური თვალსაზრისით მითი უმნიშვნელოვანეს ფენომენს წარმოადგენს.

მითი მოგვითხრობს ღმერთებზე, ღვთაებრივ და დემონურ არსებებზე, თავიანთი წარმომავლობით ღმერთებთან დაკავშირებულ გმირებზე, პირველწინაპრებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნიერების, მისი ბუნებრივი და კულტურული ელემენტების შექმნაში მონაწილეობენ. მითოლოგია, როგორც მითების ერთობლიობა, სამყაროს შესახებ ფანტასტიკური წარმოდგენების სისტემაა, და იმავდროულად მითების შემსწავლელ მეცნიერებასაც აღნიშნავს. მითოლოგია დაფუძნებულია რაციონალური, ლოგიკური აზროვნების საპირისპირო, პოზიტიური ცოდნის ნორმებისათვის შეუსაბამო კოსმოლოგიურ ცნობიერებაზე, მითოსურ აზროვნებაზე, რომელშიც აზრი კონკრეტულ ემოციურ, პოეტურ სახეებში, მეტაფორებში გამოიხატება. აქ ერთმანეთთან არის დაახლოებული ბუნებრივი და კულტურული მოვლენები, გარემომცველ სამყაროზე გადატანილია ადამიანური თვისებები, რის შედეგადაც გასულიერებულია კოსმოსი და სხვა ბუნებრივი ძალები. ამიტომ მითში მკვეთრად არ არის გამიჯნული სუბიექტი და ობიექტი, საგანი და ნიშანი, არსება და მისი სახელი, დრო და სივრცე და ა. შ. როგორც ერთიანი მსოფლაღქმის პროდუქტი, „სამყაროს მითოლოგიური სურათი“ — სამყაროს ხატი — დატვირთულია პოეტური სახეებით, მეტაფორებით. მითის ქსოვილში უცნაურად არის შეკრული რეალური და ირეალური, ბუნებრივი და ზებუნებრივი, აზრი და გრძნობა, ცოდნა და რწმენა.

მითი მრავალგვარ ფუნქციას ასრულებდა: მისი მეშვეობით ხორციელდებოდა „დროთა“ კავშირი, ყალიბდებოდა ამა თუ იმ ხალხის კოლექტიური წარმოდგენები, თაობათა სულიერი ერთობა. მითოლოგიური ცნობიერება განამტკიცებდა მოცემული საზოგადოების წიაღში შობილ ფასეულობათა სისტემას, ქცევის გარკვეულ ფორმებს.

მოგვიანებით მითიური დრო, შესაქმის, პირველქმნადობის დრო, ქვაზიისტორიულიდან ისტორიულ დროში გადადის. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია მითის შინაარსის ისტორიზაცია, ანუ დემითოლოგიზაცია. ამ პროცესის ტიპიური მაგალითია სომხური წერილობითი ტრადიციით გადმოცემული მითები, რომლებშიც არქაული ღმერთები და გმირები გარდაქმნილნი არიან სომეხთა ეპონიმებად, ქვეყნისა და სახელმწიფოს დამაარსებლებად (მაგალითად, ჰაიკი, არამი, არა გეხეციკი, ვაჰაგნი და სხვ.); მითიური მოქმედებები კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში ვითარდება; კოსმიური თუ ხთონური ბოროტი ძალები ფიგურირებენ, როგორც მტრული სახელმწიფოების ბელადები, მეფეები და დედოფლები (მაგალითად, აჟდაჰაკი, ჰაიკის ანტაგონისტი ბაბილონელი ბელი, ბარშამინი და სხვ.); ქაოსსა და კოსმოსს შორის ბრძოლა სომხეთსა და უცხო ხალხებს, სახელმწიფოებს შორის სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებად არის გარდაქმნილი. ძველსომხური მითოლოგიის ცენტრალური სიუჟეტი უცხოელ მოძალადეებთან პროტოსომხებისა თუ სომხების დაპირისპირება გახდა. არქაული მითების დემითოლოგიზაციისა და ისტორიზაციის და ეპოსის ფორმირების დროს სხვადასხვა მითოლოგიურ პერსონაჟებს შორის გარკვეული გენეალოგიური კავშირები ყალიბდება: სომეხთა ერთ-ერთი ეპონიმი არამი — პირველწინაპარ ჰაიკის შთამომავალია, არა გეხეციკი — არამის შვილი, ანუშავან სოსანვერი — არა გეხეციკის შვილი; ჰაიკის შთამომავლები არიან ეპიკური მეფეებიც (ტიგრანი, ართაშესი, ართავაზდი). ქართლის ისტორიის ადრეული ეტაპის კოსმოლოგიური აღწერის ნიშნებს ლეონტი მროველის თხზულებაც შეიცავს.

ცხოვრების პირველყოფილი ფორმების გაქრობასთან ერთად, მითი, როგორც ადამიანთა ცნობიერების განვითარების ადრეული საფეხური, ისტორიის სცენიდან გადის, მაგრამ საბოლოოდ არ კვდება. თანამედროვე ცხოვრებასა და კულტურაში ვლინდება მითოლოგიური ცნობიერების მრავალი რეფლექსი, უფრო მეტიც, მისი ფუძემდებლური პრინციპები, „ბაზისური“ ელემენტებიც კი. ასეთ ფუძემდებლურ პრინციპს განეკუთვნება, მაგალითად, ბინარული ოპოზიცია „თვისი — უცხო“, რომელზედაც ბაზირებულია ქსენოფობიური მითები; მითოლოგიური საფუძველი გააჩნია შეთქმულებათა თეორიასაც; სამყაროს დასასრულის თაობაზე მითებში ხორცშესხმული ესქატოლოგიური მოდელი თანამედროვე მასობრივი ადამიანის განცდებშიც ვლინდება, გამოხატულია მოტივებში: „სამყაროს სიკვდილი დათბობით“, „ბუნებრივი რესურსების ამოწურვა“, „ოზონის ხვრელები“ და ა. შ. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ მეცნიერული საფუძველი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი საშუალო, ტიპიური ადამიანი მეცნიერებიდან ისევე ისრუტავს მასალებს, როგორც შორეულ წარსულში ემპირიული დაკვირვებიდან ისრუტებოდა და მითოლოგიური მსოფლმხედველობით გადამუშავდებოდა ისინი. მაგრამ არქაული და თანამედროვე მითების საფუძველი სხვადასხვაგვარია: არქაულ საზოგადოებაში მითოსური აზროვნება საყოველთაოა, ტოტალურად ბატონობს, თანამედროვე ადამიანის ცნობიერება კი მოზაიკური და ფრაგმენტირებულია. მასში ის ფუნქციები, რომელიც უძველეს საზოგადოებაში მითს გააჩნდა, გადანაწილებულია ისეთ ცალკეულ ტრადიციებში, როგორიცაა ლიტერატურა, ხელოვნება, მასობრივი კულტურა.

სარჩევი

მითის სახეობები


მითიურ გმირები

პირველწინაპრები

გვარებისა და ტომების გამჩენნი და ამ სოციალურ გაერთიანებათა მომწესრიგებელნი. არქაულ მითოლოგიებში მოქმედებენ მითოსურ დროში; მათი მოგზაურობა და ქმედებები განსაზღვრავენ ადგილის რელიეფს, სოციალურ ინსტიტუტებს, წესებსა და ჩვეულებებს, მსოფლიო მდგომარეობას. თუ გვარის ტოტემი ცხოველია, ტოტემური წინაპარი ზოოანთროპომორფული არსებაა; გარდაცვალებისას შეიძლება ბუნებრივ საგნად, ცხოველად ან სულად იქცნენ, ზეტოტემური წინაპარები — შემოქმედ ღმერთად გვევლინებიან, ხოლო პირველწინაპრი ქალები აყალიბებენ დედა-ღმერთის, დიდი დედის სახეს და განასახიერებენ დამბადებელ საწყისსა და მიწიერ ნაყოფიერებას (შდრ. ოსური ალდარ-მადი). პირველწინაპარი ზოგჯერ გაიგივებულია პირველ ადამიანთან ან პირველად ანთროპომორფულ არსებასთან, რომლის ნაწილებიდან იქმნება ქვეყნიერება.

მითიური დროის, შესაქმის პერიოდის პირველწინაპრებისგან განსხვავებით „ისტორიულ“ ხანაში გარდაცვლილი წინაპრები წარმოადგენენ გვარის, ტომის წარმომადგენლებს, რომლებმაც საიქიოში გადაინაცვლეს და ღვთაებებსა და ადამიანებს შორის შუამავალნი (მედიატორები) გახდნენ.

კულტურული გმირები

მითიურ პერსონაჟთა უნივერსალური კატეგორია, ღვთაებათა ან მოკვდავ ადამიანთა, ან კიდევ ღვთაებათა და ადამიანთა ვაჟები ან შთამომავლები, კულტურული საგნების (ცეცხლის, კულტურული მცენარეების, შრომის იარაღების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სხვ.) მომპოვებლები ან შემქმნელები, ხვნა-თესვის, ხელობის, ხელოვნების პირველი მასწავლებლები, ანუ კულტურის შემქმნელები.

კულტურული გმირები, როგორც დემიურგები (ძვ. ბერძ. δημι-ουργός „ხელოსანი“, „ოსტატი“, „შემოქმედი“, ზუსტად: „ხალხისთვის შემქმნელი“; δημι „ხალხი“ + ουργός „საქმე“, „შრომა“), კოსმიური მასშტაბის შემოქმედნი, არამარტო ქმნიან სამყაროს ცალკეულ ელემენტებს — კულტურულ და ბუნებრივ ობიექტებს (სამყაროს ელემენტებს, ადამიანებს, შრომის იარაღებს და სხვ.) სამეთუნეო, სამჭედლო და სხვა სახის ინსტრუმენტების გამოყენებით არამედ ამკვიდრებენ კოსმიური წესრიგს, ებრძვიან ამ წესრიგის მტრებს — ქაოსის ძალებს.

კულტურული გმირის კომიკურ-დემონური დუბლიორია ტრიქსტერი (ინგლ. Trickster „მატყუარა“, „გაქნილი“, „მოხერხებული“), რომელიც ცუღლუტობით, გაიძვერობით, მავნებლობით ხასიათდება. კავკასიურ მითოლოგიაში ტრიქსტერის ტიპური მაგალითია ნართული ეპოსის ოსური რედაქციის სირდონი.

ღმერთები

ზებუნებრივ არსებათა კლასი განვითარებულ რელიგიურ (პოლითეისტურ)-მითოლოგიურ სისტემებში; წარმოადგენენ უმნიშვნელოვანესი სტიქიებისა (ზღვის, წყლის, მიწის, ცის, ცეცხლის, ჭექა-ქუხილის ღმერთები და ა. შ.) და სოციალური ფუნქციების პერსონიფიკაციას; განაგებენ ბუნების ცალკეულ ძალებსა და მთლიანად კოსმოსს; შეადგენენ პანთეონს, რომლის ყოველი წევრის ფუნქცია გამიჯნულია სხვათა ფუნქციებისაგან. პანთეონის სათავეში დგას უზენაესი ღმერთი, რომლის რანგში, როგორც წესი, მზის ან ჭექა-ქუხილის, ზოგადად, ამინდის ღვთაებები გვევლინებიან. პილითეისტური პანთეონის უზენაესი ღმერთის შესახებ წარმოდგენების ევოლუციის პროცესში ყალიბდება მონოთეისტური რწმენა, სამყაროს გამგებელი შემოქმედი ღმერთის სახე.

სულები

ღმერთებზე დაბალი რანგის ზებუნებრივი არსებები, რომლებიც განვითარებულ მითოლოგიურ სისტემებში ბუნების მატერიალურ ობიექტებს (ხეებს, წყაროებს, მთებს და სხვ.), ბუნების ძალებს (კლიმატურ, ატმოსფერულ მოვლენებს) და სოციალურ კავშირებს (წინაპრებს, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და სხვ.) განასახიერებენ. ამავე კლასში ერთიანდებიან ადამიანთა, გვართა, საკრალურ საგანთა, სნეულებათა მფარველი სულები, ნადირთპატრონები, სხვადასხვა სახის პარციალური სულები



ლიტერატურა

  • Автономова Н. С. Миф: хаос и логос // Заблуждающийся разум?: Многообразие вненаучного знания. М., 1990;
  • Байбурин А. К. Ритуал в традиционной культуре. Структурно-семантический анализ восточнославянских обрядов. СПб., 1993;
  • Бергер П. Социальное конструирование реальности / П. Бергер, Т. Лукман. М., 1995;
  • Бобрихин А. А. Социальная прагматика ритуала в народной культуре // Вестник Челябинского государственного университета. 2009. № 10 (148);
  • Ван Геннеп А. Обряды перехода. М., 1999;
  • Давидов И. П. Сравнительно-функциональный анализ мифа и ритуала как составляющих частей мифоритуального религиозного комплекса // Вестник Провославного Свято-Тихоновского гуманитарного университета. Серия 1. Вып. № 45 (1), 2013;
  • მისივე, Материалы Международной научно-практической конференции «Человек и религия» (Минск, 14-16 марта 2013 г.). Минск, 2013;
  • მისივე, Эпистема мифоритуала. М., 2013;
  • Евзлин М. Космогония и ритуал. М., 1993;
  • Жирар Р. Насилие и священное. М., 2000;
  • Иванов В. В., Топоров В. Н. Исследования в области славянских древностей. М., 1974;
  • Ионин, Л. Г. Социология культуры. 4-е изд. М., 2004;
  • Леви-Брюль Л. Первобытное мышление. М., 1930;
  • მისივე, Сверхестветственное в первобытном мышлении. М., 1937;
  • Леви-Строс. Структурная антропология. М., 1985;
  • მისივე, Первобытное мышление. М., 1994;
  • Лосев А. Ф. Диалектика мифа. М., 1930;
  • Малиновский Бр. Магия, наука и религия. М., 1998;
  • Мелетинский Е. М. Происхождение героического эпоса. М., 1963;
  • მისივე, Поэтика мифа. М., 1976;
  • მისივე, Общее понятие мифа и мифологии // Мифологический словарь. Гл. Редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Рэдклифф-Браун А. Р. Структура и функция в примитивном обществе. М., 2001;
  • Стеблин-Каменский М. И. Миф. Л., 1976;
  • Тернер В. Символ и ритуал. М., 1983;
  • Токарев С. А., Мелетинский Е. М. Мифология // Мифы народов мира.Т. I. М., 1980;
  • Топоров В. Н. О ритуале. Введение в проблематику // Архаический ритуал в фольклорных и раннелитературных памятниках. М., 1988;
  • Уорнер У. Живые и мертвые. М.-СПб., 2000;
  • Фрейденберг О. М. Миф и литература древности. М., 1978;
  • Хендерсон Дж. Л. Древние мифы и современный человек // Человек и его символы. СПб., 1996;
  • Элиаде М. Космос и история. М., 1987;
  • მისივე, Аспекты мифа. М., 1995;
  • Durkheim E. Les forms elementaires de la vie religieuse. Paris, 1960.


იხილე აგრეთვე

მითები

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები