მითი ხის ბეჭზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხის ბეჭი – ერთი მონადირე მარტოდმარტო წასულა სანადიროდ. მთელი დღე უნადირია. რომ დაღამებულა, კლდის ძირში პირჯვარი გადაუწერია და შევედრებია: ამ კლდის ბატონ-პატრონო, შენი სტუმარი ვარ, შემიფარეო. დაწვა დასაძინებლად და საიდანღაც ძახილი გაუგონია: „ეე, ბაჭიჭაურო, წამოდი აქეთ, შვილის ქორწილი მაქვსო!“ – „ვერა, ვერ წამოვალ, სტუმარი მყავსო!“ – „წამოდი შენც და შენი სტუმარიც წამოიყვანეო!“ დადგომია თავზე მონადირეს, ქორწილში ეპატიჟება და არ იგებს: „წავიდეთ და, სანამ მე არ გეტყვი, პური არ ჭამოო“.

ადგა და წაყვა მონადირე ამ დევს ქორწილში. წინ დევი მიდის, უკან მონადირე. ბევრი იარეს და ერთ კლდის გამოქვაბულში შევიდნენ. იქ ბევრი ხალხი დახვდათ – კაცები, ქალი და რძალი. დამსხდარან. მასპინძლებს სამი ჯიხვი მოუყვანიათ და სამივე დაუკლავთ. მოუხარშავთ სამივე, ამოუყრიათ ხორცი და დაუწყიათ პურის ჭამა. იმ მონადირესთვის უთქვამთ, შენც ჭამეო. მაგრამ სტუმარს პირი არ დაუკარებია საჭმელისთვის, ახსოვდა, დევმა რომ უთხრა, სანამ მე არ გეტყვი, არ ჭამოო. მეორედ მიიპატიჟეს, პური ჭამეო, არც მაშინ უჭამია. მესამედ კი, როცა ნაცნობმა უთხრა, ახლა კი ჭამეო, აიღო ხორცი და შეჭამა. მასპინძლებს უთქვამთ: სამ-სამს მკლავსო. ახლა დევმა უთხრა მონადირეს, ერთი რომელიმე ძვალი დამალეო. ამდგარა კაცი და დაუმალავს ბეჭი სახელოში. რომ გამოუხრავთ ძვლები, ერთად მოუგროვებიათ და ტყავებზე დაუყრიათ გამოხრული ძვლები. დაუკრავთ მათრახი და ამდგარა ერთი ჯიხვი, გაცოცხლებული. მეორისთვისაც დაუკრავთ და ისიც გაცოცხლებულა. ახლა მესამის ძვლების შეგროვება დაუწყიათ. ეძებეს ერთი ბეჭი, მაგრამ ვერ ნახეს. ბევრი უძებნიათ. ბოლოს, ხისგან გამოთალეს ბეჭი და ის ჩაუდგამთ ჯიხვისთვის. დაუკრავთ მათრახი და უთქვამთ: „ადე, ადე, ხეჭეჭაო, ხისა გიდგას ბეჭედაო“.

დამთავრდა ეს ქორწილი და გათენდა კიდეც. მონადირე წასულა მთაში სანადიროდ და დაუნახავს სამი ჯიხვი. უსვრია და სამივე მოუკლავს, გაუტყავებია. ოთხში რომ ამოიღო ჯიხვები, ერთ ჯიხვს ის ხის ბეჭი ჰქონია ჩადგმული.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები