მილი ჯონ სტიუარტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ სტიუარტ მილი

ჯონ სტიუარტ მილი - Mill John Stuart, Милль Джон Стюарт, 1803-1873

ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, ეკონომისტი. ასოციაციური ფსიქოლოგიის და მამთავრებელი ეტაპის მესვეური. მიიღო საოჯახო განათლება მამამისის, ცნობილი სწავლულის, ჯ. მილის ხელმძღვანელობით. მსახურობდა ოსტ-ინდურ კომპანიაში, სადაც დიპლომატიური საქმიანობით იყო დაკავებული, ასევე ჩართული იყო პოლიტიკაშიც, როგორც პარლამენტის თემთა პალატის წევრი.

ჯ. ს. მილის ფსიქოლოგიური შეხედულებები გადმოცემულია ტრაქტატში „ლოგიკის სისტემა” (1843), რომელმაც ავტორს ევროპული სახელი მოუტანა. წიგნი კლასიკური გახდა უპირატესად იმიტომ, რომ მასში დამუშავებულია მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიის საკითხები პოზიტივიზმისა და ინდუქციური ლოგიკის პოზიციებიდან. ამასთან, ავტორმა დასვა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ვლინდება ლოგიკის კანონები ადამიანის სუბიექტურ სამყაროში. მისი ლოგიკა ფსიქოლოგისტურია. საზოგადოდ, ჯ. ს. მილი ფსიქოლოგიზმისკენ იხრება - ეკონომიკა, მორალი, პოლიტიკა, სამართალი, პედაგოგიკა და სხვა განიხილება ფსიქოლოგიური კანონების მოქმედების გამოვლინებად. პირველ რიგში ეს ითქმის ლოგიკაზე, როგორც მეცნიერებაზე „აზროვნების ტექნიკის” შესახებ. ამ სფეროს შემეცნება გვერდს ვერ აუვლის იმ საკითხს, თუ როგორ ვლინდება ცნება, მსჯელობა თუ დასკვნა ცოცხალი აზროვნების პროცესში, რა ფსიქოლოგიური კანონზომიერება უდევს ამ პროცესს საფუძვლად. რაკი აზროვნებისა და სხვა ფსიქიკური მოქმედების მთავარი კანონი ასოციაციაა, ჯ. ს. მილმაც, ბუნებრივია, ასოციაციის პრინციპის ღრმა დამუშავება დაიწყო.

ფსიქიკური მოვლენების (შეგრძნებათა და იდეების) კავშირის ბუნება ჯ. ს. მილთან ფიზიკის მოდელის მიხედვით კი არ არის გააზრებული, როგორც ჯ. მილთან (რომელიც „სულის მექანიკაზე” ლაპარაკობდა), არამედ ქიმიის მოდელის შესაბამისად. აქედან მოდის მისი სისტემის სახელწოდება: „სულის ქიმია” ანუ „მენტალური ქიმია” . სულიერი ელემენტების ასოციაციური გაერთიანების წესი ისეთივეა, როგორიც ქიმიური ელემენტებისა. ქიმიური რეაქციის შედეგად სრულიად ახალი ნივთიერება მიიღება. ასეთივე ვითარებაა ფსიქიკაშიც. რთული იდეა თავისთავადი, ახალი ფსიქიკური ფაქტია და არა ნაწილების მექანიკური ჯამი. აქ ვითარება ისეთივეა, როგორც, მაგ., წყლის შემთხვევაში, რომელიც არც წყალბადია, არც ჟანგბადი და არც მათი უბრალო ჯამი. ქიმიური რეაქციის პროდუქტების მიხედვით არ შეიძლება მსჯელობა თავდაპირველ ელემენტებზე, ვერც ფსიქიკური მთლიანობის კანონებს გამოვიყვანთ ნაწილთა კანონებიდან. ელემენტებიდან ვერ გაიგებ მთელს, ხოლო მთელიდან ვერ იმსჯელებ შემადგენელი ელემენტების თვისებებზე. ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს მარტივი იდეებიდან რთული იდეების წარმოქმნის პროცესი. მაგრამ როგორ? ეს პროცესი უეჭველად ემპირიული გზით, ექსპერიმენტულად უნდა იქნეს შესწავლილი. ამასთან, იმის ცოდნა, თუ როგორ წარმოიქმნება ერთი გვარის ფსიქიკური მოვლენებიდან მეორენი (სულის ქიმია), „ვერ მოხსნის წარმოქმნილი მოვლენის ექსპერიმენტული შესწავლის აუცილებლობას; ისევე, როგორც ჟანგბადისა და გოგირდის თვისებათა ცოდნა ვერ გამოდგება იმისათვის, რომ სპეციალური დაკვირვებისა და ცდის გარეშე გამოვიყვანოთ გოგირდმჟავას თვისებები” .

ჯ. ს. მილი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი იყო და არა ბუნებისმეტყველი, უმეტესად ლოგიკის საკითხებს იკვლევდა. მიუხედავად ამისა, ასოციაციური შენაერთების მოძღვრებას მან მკაფიოდ გამოხატული ექსპერიმენტალისტური ჟღერადობა შესძინა. ჯ. ს. მილის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიების (მაგ., ვ. ვუნდტისა და ე. ტიტჩენერის) მუშაობის პროგრამებზე.

ცნობილია ჯ. ს. მილის აფორიზმი: „ჭეშმარიტებას საფრთხეს უქმნის მდაბიური დემოკრატია და ბრიყვული კონფორმიზმი, რომელიც უმრავლესობის აზრს სცემს თაყვანს.”

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები