ტოროშელიძე-ორჯონიკიძე მინადორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მინადორა ტოროშელიძე-ორჯონიკიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოროშელიძე-ორჯონიკიძე მინადორა

ტოროშელიძე-ორჯონიკიძე მინადორა ეფრემის ასული - (14.III1879, სოფ. ღორეშა, შორაპნის მაზრა - 19.X.1967) - პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, მედიცინის დოქტორი, სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (1901), სადაც დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს, იქვე იქორწინა მალაქია ტოროშელიძეზე. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, მიემხრო მენშევიკთა ფრაქციას, მისი მეუღლე კი ბოლშევიკებს. 1906 წელს კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად. 1914 ევაკუაციის წესით დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. მუშაობდა თბილისის ქალთა კავშირში. იყო თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდგომ კი პარლამენტის (ეროვნული საბჭოს) წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად (1919-1921). იყო შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად (1918-1921).

წითელი არმიის შემოჭრისას იყო ფრონტის ხაზზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი”. ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელის, ელენე მაისურაძის დაპატიმრების შემდეგ მ. ტოროშელიძე გახდა მისი ხელმძღვანელი. 1924 წელს იძულებით გაასახლეს მოსკოვში და მხოლოდ მენშევიკებთან მუშაობაზე უარის თქმის შემდგომ მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება. მისი ნათესავის, სერგო ორჯონიკიძის, სიკვდილის შემდგომ მ. ტოროშელიძის მდგომარეობა გართულდა. 1936 წლის დეკემბერში ანტისაბჭოთა საუბრებისა და მენშევიკ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან კონტაქტების ბრალდების საფუძველზე 5 წლით გადაასახლეს ყაზახეთში. ქ. ჩიმკენტის პოლიკლინიკის ექიმად მუშაობდა, როდესაც დააპატიმრეს და 1937 წლის ოქტომბერში „სამეულმა“ გულაგში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გაასახლეს ჯერ „ტაიშეტლაგში“, შემდეგ ყარაგანდის შრომა-გასწორების ბანაკში (1942-დან). სასჯელის ვადის ამოწურვის შემდგომ კიდევ 3 წლით გაუგრძელეს გადასახლება. „სამეულის“ გადაწყვეტილებით 1937 დახვრიტეს მისი ოჯახის წევრები: მეუღლე - მალაქია და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეები. გადასახლებიდან 1950 წელს დაბრუნდა. 1956 მოხდა მისი რეაბილიტაცია.

ბონდო კუპატაძე

ლიტერატურა

ქალები წარსულიდან, თბ., 2015; დაკარგული ისტორია-მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ, SOVLAB, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები