მინბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინბაში - (თურქ. minbāşi - ათასითავი, ათასეულის მეთაური). ადგილობრივი, „საქვეყნოდ გამრიგე“ სამხედრო მოხელე, მეციხოვნე, მნიშვნელოვანი ფიგურა აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ქართულ სამოხელეო აპარტში. ირანსა და თურქეთში მინბაში „ათასისთავის მეთაური“ იყო, სამხედრო რაზმის უფროსი, ასევე, მომთაბარე ტომებისა და არარეგულარული ჯარის მეთაური. მის ხელქვეითად უზბაშები ითვლებოდნენ, რომელთა დახმარებით მინბაში სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობას უწევდა. მინბაშის ვალდებულებებში შედიოდა, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის ჯარის გამოყვანა, საბაჟო გადასახადების აკრეფა და მართლმსაჯულების აღსრულება.

ტერმინი მინბაში საქართველოში XVII ს-დან ჩნდება, როსტომის მეფობის პერიოდში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერდება ირანის გავლენა. მინბაშის შესახებ მასალა დაცულია ქართულ, საპრსულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ მოხსენებულია მინბაშის სახელო და ჩამოთვლილია საბაჟო გადასახდელები, რომლებიც უნდა აეკრიფა თბილისის (ქალაქის) მინბაშს სახვადასხვა ტიპის საქონელზე (ქსოვილები, კვების პროდუქტები, რკინის ნაწარმი და სხვ.). მინბაში, როგორც საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვეზირსა და მუსტოფთან ერთად, ჩაენაცვალა ქართულ „ციხისთავს“. იგი თბილისის გარნიზონის უფროსად და, ამავე დროს, ირანის მოხელედ ითვლებოდა ერეკლე II-ის დროსაც, მაგრამ, როცა ვითარება შეიცვალა და აღმოსავლეთ საქართველოში აღარ იდგა სოაკუპაციო ჯარი, მინბაში, როგორც ციხისთავის აღმნიშვნელი სახელწოდება, დარჩა. მინბაშები იყვნენ გორში, სურამში, თბილისში, ცხინვალში, რომელთაც, უმრავლეს შემთხვევაში, სამხედრო ფუნქციის გარდა, მმართველობის საერთო ფუნქციაც ეკისრებიდათ ერეკლეს დროს, სამხედრო რეორგანიზაციის შედეგად, მინბაშებსა და უზბაშებს ექვემდებარებოდა დაქირავებული ჯარი. ციხისთავობის გარდა, მინბაში იყო ათასისთავი, ხოლო უზბაში - ასისთავი. მათ ევალებოდათ ჯარის გაწვრთნა და წესრიგის უზრუნველყოფა, ასევე, თვალყურის მიდევნება ჯარისკაცებისათვის, რომ მათ შეკრების ადგილებში არ დაეზარალებინათ სოფლები.

მთავარმართებელ ციციანოვისადმი ზაზა ამირეჯიბის მიერ წარდგენილ მოხსენებაში მითითებულია ერეკლეს დროს მინბაშის ჯამაგირი და სარგო: „მქონდა წელიწადში ოცდაათი თუმანი ჯამაგირი... დღეში ორი ლიტრა პური, კვირაში სამი ლიტრა ხორცი ცხვრისა, დღეში ერთის შაურის სანთელი, კვირაში ერთი ლიტრა მარილი, კვირაში სამი თუნგი ღვინო; აგრეთვე სამარხოში - სამარხო და თევზი და ხიზილალა.“

მინბაშები. XVII-XVIII სს.

  • შაჰმირ - ციხის მ. 1639 წ.
  • ხალილ-ბეგი - თბილისის ციხის მ. 1693 წ.
  • მირზა/ხოჯა ეფთეხარი - თბილისის ციხის მ. 1693 - 1697 წწ.
  • ჰასან/ხასან-ბეგი - თბილისის ციხის მ. 1697 წ.
  • გოგია - ცხინვალის მ. 1766 წ.
  • ენდრონიკაშვილი აბელ - მ. [გიორგი XII-ისა].
  • ციციშვილი გიორგი - გორის ციხის მ. და რუისის ციხის მოურავი, 1803 წ.
  • ამილახვრის შვილი ბეჟან - მ. 1803 წ.
  • ამირეჯიბი ზაზა - მ. 1803 წ


წყაროები და ლიტერატურა

დასტურლამალი 1970: 547-588; სს 1920: 187-198;
მესხია 1948: 106, 152;
გაბაშვილი 1942: 24, 201;
სურგულაძე 1952: 293, 295.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები