მინოსური კულტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოკრივე ბიჭები
თერა. ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ათენის ნაციონალური მუზეუმი
პრინცი შროშანის გვირგვინით
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1550 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი
პარიზელი ქალი
კნოსოსის კედლის მოხატულობა (ძვ. წ. 1450 წ.), ფერაკლიონის მუზეუმი

მინოსური კულტურა – ძველი ბერძნები მითებსა და ლეგენდებში, რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული კულტურით. ჯერ კიდევ ჰომეროსი იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე მინოსი, რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი დედალოსი. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და ლაბირინთის აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას.

აკრობატები
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი
ისტორიოგრაფოსთა ცოდნა კრეტაზე მაღალგანვითარებული კულტურის არსებობის თაობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ გადმოცემებს ეფუძნებოდა. მხოლოდ XV საუკუნიდან დაინტერესდნენ მოგზაურები ამ კუნძულით, მისი გასაოცარი ბუნებით, რომლის წიაღშიც ზევსის მღვიმე ან საიდუმლო ლაბირინთი ეგულებოდათ.
ქალღმერთი ან ქურუმი ქალი გველებით
კნოსოსი (ძვ. წ. 1600 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი
ცისფერი ქალები
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი

XIX საუკუნის ბოლოს ტროასა და მიკენში ჰაინრიხ შლიმანის წარმატებული არქეოლოგიური ექსპედიციის შემდეგ, საბერძნეთის წარსული მეცნიერთათვის მანამდე უცნობი, ჰომეროსამდელი ეპოქის აღმოჩენით შეივსო. ეს ეპოქა მთელ ათასწლეულს მოიცავდა. 1900 წლიდან კი კუნძულ კრეტაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ინგლისელმა სწავლულმა არტურ ევანსმა. მისი თავდაუზოგავი ძალისხმევით სულ მალე მსოფლიომ დიდებული საჩუქარი მიიღო: აღმოჩნდა, რომ კრეტაზე არსებულა საოცრად მაღალი დონის კულტურა, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიული ხასიათით გამოირჩეოდა იმდროინდელი სამყაროს დანარჩენ კულტურათაგან. მას მინოსური კულტურა უწოდეს ლეგენდარული მეფის, მინოსის, სახელის მიხედვით.


როგორც გამოკვლევებმა ცხადყვეს, თავისი განვითარების მწვერვალს ამ კულტურამ ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია, მაშინ როდესაც კრეტას თავისი საზღვაო ძლიერების აღმავლობის ხანა ედგა. სწორედ მაშინ აუშენებიათ იქ ბრწყინვალე სასახლეები, რომელთაგანაც თავისი დიდებულებით გამოირჩეოდა კნოსოსის სასახლე. იგი უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საზოგადოების რელიგიური, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრი.

სწორედ იმხანად განუცდია თავისი აღმავლობა ხელოვნებას, განსაკუთრებით ფრესკულ მხატვრობასა და კერამიკას. ლარნაკთა მხატვრული გაფორმების საქმეში კრეტელებს ბადალი არ ჰყავდათ. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტის დიდი ოსტატობით შეხამებამ ხელოვნებაში ახალი სტილის დაფუძნებას დაუდო სათავე. მას კამარესის სტილი უწოდეს ამ ტიპის ქმნილების პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა კრეტაზე მინოსური დამწერლობის ფაქტებიც. მათ შორის ყველაზე ადრეული ე.წ. იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობაა, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, უკვე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოიყენებოდა. მისი განვითარების შედეგად წარმოიშვა მინოსური A-ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც, მართალია, არ არის გაშიფრული, მაგრამ უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, იგი კავკასიური ტიპის ენად იქნეს მიჩნეული. კუნძულ კრეტაზევე შეიქმნა პირველი ბერძნული დამწერლობა, რომელსაც B-ხაზოვანი უწოდეს და რომლის გაშიფვრაც მეცნიერების ისტორიაში მოვლენად იქცა. ამავე კუნძულზეა ნაპოვნი აგრეთვე ე.წ. ფესტოსის დისკო.


ორ ქალაქში, ფესტოსსა და კნოსოსში, აღმოჩენილია ამფითეატრის ტიპის ნაგებობანი, რომლებიც ევროპის კონტინენტის პირველ თეატრებს წარმოადგენენ.


ამ და სხვა მონაპოვრებთან ერთად მეცნიერები მიუთითებენ მინოსური კულტურის უმნიშვნელოვანეს თავისებურებაზე, რითაც იგი მკვეთრად გამოირჩეოდახმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ცივილიზაციებისაგან (მიკენის, ეგვიპტის, წინა აზიის): აქ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობის სუფევა იყო. ამასთანავე კრეტას დიდი სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონოდა ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი კულტურული აღმავლობისთვისაც. მინოსურ ხელოვნებაში უხვად დაიძებნება სხვა კულტურათა გავლენის კვალი, რაც სულ არ უშლიდა ხელს საკუთარი გარემომცველი სამყაროს სილამაზით შთაგონებულ კრეტელ ხელოვანთ ყოფილიყვნენ თვითმყოფადნი და განუმეორებელნი.


მინოსური ცივილიზაციის გაქრობას უკავშირებენ მის თავს დატეხილ მოულოდნელ უბედობებს. უპირველეს ყოვლისა კი კუნძულ სანტორინზე (თერაზე) აბობოქრებულ ვულკანს, რომელმაც დამანგრეველი მიწისძვრები გამოიწვია. სანტორინის კატასტროფამ გაანადგურა მინოსური კულტურის მრავალი კერა ეგეოსის ზღვის აუზში. მართალია, მინოსური კრეტა მას მთლიანად არ წაულეკავს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეარყია მისი ძალმოსილება. მეზობელ ხალხთა თავდასხმებმა და შინაბრძოლებმა კი ბოლო მოუღეს იმხანად უკვე დაქვეითების გზაზე დამდგარ მინოსურ ცივილიზაციას. თუმცა მისი კულტურის მონაპოვარი, გამოიარა რა საუკუნეები, ჯერ ბერძნული, ხოლო შემდეგ ევროპული ცივილიზაციის საკუთრებად იქცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები