მირიან მეფე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირიან მეფე და ნანა დედოფალი

მირიან მეფე- (261–342) – „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მირიან მეფე 24–ე მეფეა საქართველოსი. 23–ე მეფეს ასფაგურს ერთადერთი ასული – 6 წლის აბეშურა დარჩა.

ქართლის ერისთავებმა, მაეჟან სპასპეტის მეთაურობით, აბეშურას ქმრად გამოითხოვეს სპარსეთის ტახტზე ახლად ასული მეფე ხოსროს (ქასრეს) მხევლისაგან შეძენილი შვიდი წლის ვაჟი – მირიანი. ხოსროს გამოუკითხავს აბეშურას გენეალოგია და როცა დარწმუნებულა მის ბიბლიურ წარმომავლობაში, დიდი სიხარულით დათანხმებულა.

ქართველებს მირიანი გაუმეფებიათ იმ პირობით, რომ იგი შეისწავლიდა ქართულ ენასა და ზნე–ჩვეულებებს და არ მოშლიდა ქართველთა სარწმუნოებას (მაშინ უკვე კერპთაყვანისმცემლები ყოფილან ქართველები); ამავე დროს სპარსელებს თავისი ჯარი ქართლში არ უნდა ჩაესახლებინათ.

თხუთმეტი წლის მირიანს მოუკვდა აბეშურა და მოიყვანა საბერძნეთის მეფის პონტოელი მხედართმთავრის ასული ნანა, რომლისგანაც ორი ძე შეეძინა: რევ და ბაქარი. ბაქარი მძევლად წაიყვანა საბერძნეთის მეფემ, რევს კი ცოლად შერთო სომხეთის მეფის – თრდატის ასული სალომე, რომელიც დედით ქართველი იყო. მირიანმა რევს სამეფოდ მისცა უჯარმა და სალომეც ამის შემდეგ „სალომე უჯარმელად“ მოიხსენიება.

ამ დროს საქართველოში შემოვიდა წმ. ნინო, რომლის ლოცვით დაიმსხვრა კერპები. ღმრთის წყალობითა და ღმრთისმშობლის ნაჩუქარი ჯვრით უამრავ სასწაულს აღასრულებდა წმ. ნინო; მათ შორის დავრდომილებსაც კურნავდა ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრის მადლით. ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ნინოს და მოწაფეთა მისთა“. ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან, ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.

გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. ამის შემდეგ წმ. ნანამ ქრისტიანად აღიარა თავი. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე ქრისტეს რჯულით დაინტერესდა და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.

ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული, ამიტომ გადაწყვიტა მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა და ნინოს მოკვდინებაც. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მგრამ ისინი უგრძნობნი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლეთისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს, კონსტატინე მეფესთან და სთხოვა, მღდლები გამოეგზავნა ნათლისღებისათვის.

მირიან მეფის ანდერძი

მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს მოვიდა მისი ძე რევი. იმავე წელს დასნეულდა მირიანიც... სნეულმა ბაქარსა და ნანა დედოფალს მოუხმო. ნანას დაუბარა, სამეფო განძის ნახევარი წმ. ნინოს საფლავისათვის შეეწირა, რათა ის ადგილი განდიდებულიყო და გამშვენებულიყო, ხოლო თავის მემკვიდრეს ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება და ბრძოლა კერპების წინააღმდეგ, რადგან იცოდა, რომ კავკასიაში კერპთაყვანისმცემლობა ასე ადვილად ვერ მოისპობდა. მირიან მეფე აღესრულა წმიდა ნინოს სიკვდილიდან მეოთხე წელს და ანდერძისამებრ, დაკრძალეს ზემო ეკლესიაში, რომელიც მაყვლოვანში აშენდა. მან არ მოისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში, რომელსაც „წმიდა წმიდათა“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც უფლის კვართისა და დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა.ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.

სიკვდილის წინ მირიან მეფეს წიგნი დაუწერია, რომელიც ასეთი სათაურისაა: „წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკვდილისა მისისასა“. ეს წიგნი აღსარებას უფრო ჰგავს, სადაც თავის თავს მირიან მეფე მხოლოდ ცოდვის მოქმედად თვლის.

ქრისტიანობის გავრცელებისა და განმტკიცების საქმეში გულმოდგინე დაუღალავი მოღვაწეობისათვის საქართველოს ეკლესიამ მირიან მეფე და ნანა დედოფალი წმიდანებად შერაცხა და მათი მოსახსენებელი 1 (ახ. სტ 14 ) ოქტომბერს დააწესა. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II–ის კურთხევით, მათ მეორე მოსახსენებელ დღედ დადგინდა 25 მაისი.

წმ. მირიან მეფეს ღმერთმა მიჰმადლა, რომ ყოფილიყო მამამთავარი საქართველოს კეთილმსახურ მეფეთა.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები