მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ანდრია

მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)მიტროპოლიტი ანდრია, ერისკაცობაში ამირან გვაზავა, დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს, ქალაქ სოხუმში პედაგოგების, ანატოლი გვაზავასა და ნინო არაჰამიას ღვთივსათნო ოჯახში. სოხუმის XI საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მან სწავლა სამხედრო სასწავლებელში, ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ დაასრულა და 1988 სოხუმში დაბრუნდა, სადაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და დაასრულა 1994 წელს.

მის მიერ ეკლესიის სწავლების გაცნობა და ეკლესიური ცხოვრების დაწყება 1988-1989 წლებიდან იწყება, რაც ასევე ოჯახის წევრების, ძმის მეუღლის – მარინა ამაღლობელის დახმარებით მოხდა. განსაკუთრებული გავლენა მასზე მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზისა და წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის ნააზრევმა მოახდინა.

ამავე პერიოდში ხშირად დადიოდა სიწმინდეების მოსალოცად როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და რუსეთში: წმ. სვიმონ კანანელის საფლავი; წმ. ვასილისკოს აღსრულების ადგილი და მისი წყარო; წმ. იოანე ოქროპირის მიცვალების და წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილები კომანში; ახალი ათონის მონასტერი; კიევ–პეჩორის ლავრა; წმ. სერაფიმე საროველის ნაწილების აღმოჩენამ და 1991 წელს დივეევოს მონასტერში მათ გადასვენებაში მონაწილეობამ ახალგაზრდა კაცში განსაკუთრებული სულიერი გარდატეხა მოახდინა. ამ პერიოდში მოილოცა ოპტის უდაბნოს მონასტერი, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა ბერ-მონაზვნული ცხოვრების სურვილი. ის უკვე იმყოფებოდა ოპტის უდაბნოში, სადაც აპირებდა სამონაზვნო ცხოვრების შედგომას, მაგრამ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მშობლიურ ქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება მიაღებინა.

აფხაზეთში საომარი ოპერაციების დროს მონაწილეობდა სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში და საომარ მოქმედებებში. ამავე პერიოდში დაუახლოვდა ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარს, ეპისკოპოს დანიელს (დათუაშვილი), რომლის სოხუმიდან იძულებით წამოსვლის შემდგომ,მეუფე დანიელისადმი დაქვემდებარებულ მარტყოფის მონასტერში დაიწყო მომავალმა მღვდელმთავარმა სასულიერო მოღვაწეობა.

1994 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში მორჩილად, ლაზარეს შაბათს კი ბერად აღკვეცეს და სახელად ანდრია უწოდეს.

1995-1996 წლებში მოღვაწეობა ახლად დაარსებულ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, სოფ. კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ისტორიულ მონასტერში განაგრძო.

1996 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა დანიელმა ქ. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ბერ ანდრიას დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო იმავე წლის 13 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ, ქ. რუსთავის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მღვდლად. მსახურობდა ქ. თბილისის სამხედრო აკადემიის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

1997 წელს დაინიშნა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯელის ლავრის წინამძღვრად და აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.

1998 წლის 18 ოქტომბერს, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების შესაბამისად ხელდასხმულია საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსად.

2001 წლის 14 ოქტომბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავარი ანდრია დადგინდა სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველად.

2006 წლის 16 ნოემბერს, გორში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად ეპისკოპოს ანდრიას მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მღვდელმთავარი ანდრია ერთადერთი უმაღლესი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც არ დატოვა ქალაქი და ბოლომდე ცდილობდა დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას. ის პირველი ჩაუდგა სათავეში და პირადად ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ მისიების განხორციელებას. აქტიურად იყო ჩართული ტყვეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეში, რისთვისაც 2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო წმ. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

2010 წლის 25 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიებოძა მიტროპოლიტობა.


Logo1.JPG ანდრია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მიტროპოლიტი ანდრია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები