მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი გიორგი

მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე)მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე.

დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა სკოლა. 1910-1914 წლებში მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად. 1913 წელს გელათის მონასსტერში სწავლობდა მედავითნეობის კურსებზე, შემდეგ გადავიდა თბილისში ფერისცვალების მონასტერში გორის ეპისკოპოს ანტონთან (გიორგაძე), საიდანაც გაიგზავნა 1914 წელს მედავითნედ დუშეთის მაზრის სოფელ გრემისხევში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ლოცვა-კუროს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად და გაიგზავნა გორის მაზრის სოფელ ატოცში, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე. ქვეყანაში შექმნილი ანტირელიგიური ისტერიის პირობებში 1923 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისთვის. 1924-1949 წლებში საერო სამსახურშია, მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის განყოფილებაში. 1949 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს სახელზე წერს თხოვნას, აღადგინონ სასულიერო სამსახურში. უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა მღვდლად და გაგზავნა თელავის რაიონის სოფელ აწყურში თეთრი გიორგის ეკლესიაში. 1952-1954 წლებში ღვთისმსახურებას ეწეოდა სოფელ ალვანსა და ფშაველში. 1955 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ გადმოიყვანა დიდუბის ეკლესიაში და აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მიტროპოლიტების ილიას, რომანოზისა და ზინობის თანამწირველობით აკურთხა მანგლისის ეპისკოპოსად. 1976 წლის 11 ივნისს დაჯილდოვდა კუნკულ-ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლებით. ეპისკოპოსი გიორგი 1977 წლის ნოემბერ-დეკემბერში უყოყმანოდ დადგა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას გვერდით და მხარს უჭერდა მის კანდიდატურის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ეპისკოპოსი გიორგი მონაწილეობდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურღიაში. მან ალავერდელ ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად მიართვა ახლადარჩეულ პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ისტორიული მიტრა და ჯვარ-პანაღიები, კუნკულ-ბარტყულა. 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად. (თუმცა ამ დროს წილკნის ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია, ამიტომ იგი პატრიარქის ნებართვით წირავდა თბილისის დიდუბის ეკლესიაში ს.ვ.). 1980 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტი გიორგი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით, აგრეთვე ორი პანაღიის ტარების უფლებით, წმიდა ნინოსა და წმინდა გიორგის ორდენებით.

1982 წლის 22 ივნისს მიტროპოლიტი გიორგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 26 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, დაკრძალულია დიდუბის ეკლესიაში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები