მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი გრიგოლი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში.

1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ. 1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991–1994 წლებში — თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად, იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის 24 მარტს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიაკონი გურამი აკურთხა მღვდლად და დაადგინა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად, 1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლადამოქმედებული აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი „წყარო“.

1993 წლის 15 ივლისს იგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წლის 2 თებერვალს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება.

1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ეპისკოპოს იობის მიერ აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

1996 წლის 24 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა. მეუფე გრიგოლი ჩვეული შემართებით შეუდგა მოღვაწეობას ახლად დაფუძნებულ ეპარქიაში.

1996 წელს ფოთში გაიხსნა საღვთისმეტყველოი-კატეხიზატორული სკოლა, შემდეგ ხობის მონასტრის ბაზაზე ამოქმედდა სასულიერო სასწავლებელი.

2002 წლის დეკემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ზემო თეკლათის დედადათა მონასტერში წმიდა ნინოს გიმნაზია-პანსიონი, ფოთში წმიდა ნიკოლოზის სახელობის დაწყებითი გიმნაზია.

2005 წლის 18 ნოემბერს მეუფე გრიგოლის ძალისხმევით ფოთისა და ხობის ეპაქრიას დაუბრუნდა XX-ე საუკუნის დასაწყისში აშენებული საკათედრო ტაძარი, რომელიც შრომატევადი რესტავრაციის შემდეგ ოფიციალურად ხელახლა იკურთხა, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე 2013 წლის 12 მაისს.

2000 წლიდან მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზიის დეპარტამენტს. მისი ხელმძღვანელობით იბეჭდება „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“.

2000 წლის 7 სექტემბერში მეუფე გრიგოლი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მას მიებოძა მიტროპოლიტობა.

2007 წლის 24 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

მეუფე გრიგოლი 2008 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2010 წლის 9 ნოემბრიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „უფლისციხის“ მთავარი რედაქტორი.

მიტროპოლიტი გრიგოლი 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

2013 წელს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დაჯილდოებული იქნა წმიდა ნიკოლოზის ორდენით.

მეუფე გრიგოლის ძალისხმევით 2012 წელს ფოთში გაიხსნა „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“, რომელიც 2015 წლის 14 დეკემბერს წარმატებით გაიარა ავტორიზაციას, ბაკალავრიატში „თეოლოგიის“, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში „ქრისტიანული ფილოსოფიის“ სპეციალობაზე.

2017 წლის 31 მაისს მეუფე გრიგოლმა გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

გრიგოლს მიღებული აქვს საეკლესიო და სახელმწიფო ჯილდოები: წმ. გიორგის I ხარისხის ორდენი (25.12.2007), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (16.09.2008), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (13.09.2012), წმ. ნიკოლოზის ორდენი (4.11.2013).


იხილე აგრეთვე

გრიგოლი (მიტროპოლიტი)

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები