მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი გრიგოლი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. მისი წინაპრები XIX საუკუნის დასაწყისში შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითიდან გადასულან კახეთში. გურჯაანის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1928 წლიდან, იგი მუშაობდა ვაზისუბნის კოლმეურნეობაში. 1933-1935 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, რომლის დამთავრების შემდეგ 1950 წლამდე სწავლობდა შუამთის სამონასტრო სკოლაში, იმყოფებოდა ბერ-მონაზვნებთან, ამავე დროს მედავითნეობდა თელავის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

1948 წლის 18 თებერვალს წმიდა მოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 24 თებერვალს თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში, წმიდა იოანე ნათლისმცემელის ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განწესდა ქ. თელავის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 1954 წლის 1 იანვრიდან მღვდელმსახურია თელავის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.

1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის ზინობის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის, წილკნელი ეპისკოპოსის გაიოზის, მანგლელი ეპისკოპოსის გიორგის თანამწირველობით აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად. ეპისკოპოსმა გრიგოლმა უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მტკიცედ დაუჭირა მხარი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის – |ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევას.

ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი, მიმართა მისასალმებელი სიტყვით.

1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა მიუბოძა. 1980 წლის 15 ოქტომბერს მეუფე გრიგოლი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და მეორე პანაღიის ტარების უფლებით. მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. ამ დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქაოსი და ანარქია იყო ყველგან. 6 თებერვალს ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ გრიგოლს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილიამ II-მ, მიტროპოლიტი გრიგოლი დაიკრძალა ალავერდის საკათედრო ტაძარში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

გრიგოლ (ალავერდელი მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები