მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი დანიელი

'მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)მიტროპოლიტი დანიელი, ერისკაცობაში დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი, დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში.

1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე.

1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. იგი იმ მცირერიცხოვან ახალგაზრდობის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ თავიანთი მომავალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუკავშირეს.

1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან მან სწავლა გააგრძელა ქ. ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად.

1983 წლის 4 ივნისს, წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დავით დათუაშვილი მამადავითის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა.

1985 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, დიაკვანი დავითი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდლად.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1989 წლის 1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა ჩაატარა ფოკაში, ფარავნის ტბასთან და დალოცა წმიდა ნინოს ნაკვალევზე წამომსვლელი 33 მლოცველი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მამა დავით დათუაშვილი...

1991 წელს მამა დავით დათუაშვილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. ამავე პერიოდში იგი დაინიშნა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრად, ხოლო შემდეგ – სხალთის მამათა მონასტრის წინამძღვრად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად, პარალელურად იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სასულიერო აკადემიასა სემინარიაში.

1992 წლის 31 ოქტომბერს დეკანოზი დავით დათუაშვილი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დანიელი. იმავე წელს მიენიჭა არქიმანდრიტობა 1991 წლის ივლისიდან იგი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა.

1992 წლის 22 მაისს არქიმანდრიტი დანიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად.

1993 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე დანიელი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიიდან ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო იმავე წლის 22 დეკემბრიდან ოფიციალურად დადგინდა ცხუმ-აფხაზეთის მმართველ მღვდელმთავრად.

1994 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დანიელი მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტის პატივში იქნა აღყვანილი.

1995 წელს შეთავსებით დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსად. 2002 წლიდან მეუფე დანიელი შეთავსებით იყო ჯერ მარგველი, ხოლო ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველია. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დანიელი ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას სხვადასხვა ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ შეკრებებზე. მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ქრისტიანული ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებზე. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2010 წლის 19 აგვისტოს მეუფე დანიელს მიებოძა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

დანიელ (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები