მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი დიმიტრი

მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი)მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილარიონის ძე იაშვილი.

დაიბადა 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1888-1896 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების დევნა-შევიწროების გაძლიერების ხანას. ამ ნიადაგზე სემინარიაში არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება და შფოთი. სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეების უმრავლესობამ ახლადშექმნილ მარქსისტულ ჯგუფებში გადაინაცვლა. ახალგაზრდა დავით იაშვილმა შეინარჩუნა სულიერი სიმშვიდე და არჩეული გზის ერთგულება. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი 1896-1898 წლებში მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად. 1898 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა საქობის ეკლესიის წინამძღვრად. ამავე დროს ასრულებდა სიღნაღის ეპარქიალური სასწვლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.

1912 წელს მამა დავითი გადმოყვანილ იქნა თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ამის შემდეგ იგი ძირითადად თბილისის ეკლესიებში მსახურობდა. მამა დავითი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, ქრისტიანული მოკრძალებითა და პირდაპირობით. 1952 წელს სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის წინადადებით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დიმიტრი. სულ მალე 80 წლის ასაკში იგი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1958 წლიდან მეუფე დიმიტრი გახდა მიტროპოლიტი ბოდბისა და ალავერდისა. მიტროპოლიტი დიმიტრი იყო საქართველოს ისტორიის, ქართული მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, თვითონაც წერდა ისტორიული ჟანრის მოთხრობებს, ნოველებს, რომელთა უმრავლესობა დაცულია იოსებ გრიშაშვილის არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში. მიტროპოლი დიმიტრი გარდაიცვალა 1961 წლის 22 ივლისს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში. განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ, რომელმაც მიტროპოლიტი დიმიტრი დაახასიათა, როგორც მშვენიერი მქადაგებელი და ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე, რომლის სახელს არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

დიმიტრი (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები