მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი დიმიტრი

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი, დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის ერთ-ერთ პატარა ლამაზ სოფელ სნოდან არიან. გვარი ხევში გამორჩეულ შიოლა ღუდუშაურიდან მოდის. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით.

1979 წელს ნოდარ შიოლაშვილმა დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში.

1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად.

1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1989 წლის 13 მაისს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად.

1991 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი დავით შიოლაშვილი მის პირველ რექტორად დაინიშნა. 1993 წელს გაიხსნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და წლების მანძილზე მისი რექტორი იყო დეკანოზი დავითი.

1994 წელს ამოქმედდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, მოხუცებულთა და ინვალიდთა თავშესაფარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დეკანოზი დავითი.

1996 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი დავითი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად გამოარჩია. 7 ნოემბერს, (ძვ. სტილით 26 ოქტომბერი) წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხლათის ეპისკოპოსად და ეწოდა სახელად დიმიტრი.

2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი დიმიტრი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 წლის 3 ივნისს — მიტროპოლიტის ხარისხში.

2007 წლის 24 დეკემბერს მეუფე დიმიტრი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2007 წლის 21 დეკემბერს გაიყო ახალციხის, ტაო–კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა ლაზეთი. მიტროპოლიტი დიმიტრი დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

მეუფე დიმიტრი არის „წმიდა მიწის“ შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს.

2009 წლის 9 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მიენდო ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ქართული სამრევლოების წინამძღოლობა, 2014 წლის 3 ივნისამდე, სანამ წმიდა სინოდის განჩინებით ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველად დადგინდებოდა მეუფე საბა (ინწკირველი).

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მიტროპოლიტი დიმიტრი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები