მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ელისე

მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე)მიტროპოლიტი ელისე, ერისკაცობაში ელდარ რაჟდენის ძე ჯოხაძე, დაიბადა 1949 წლის 16 თებერვალს ონის რაიონის სოფელ შქმერში.

1951 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. პატარა ელდარი სკოლის ასაკში მოინათლა სიონის საკათედრო ტაძარში, ნათლობის საიდუმლო შეასრულა მღვდელმა (შემდეგში პროტოპრესვიტერმა) პახუმ ობოლაძემ. ელდარ ჯოხაძემ 1966 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ 51–ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1966 წლიდან მუშაობდა ქარხანა „პლასტმასში“ ელექტროზეინკლად, 1968-1969 წლებში – სოფელ შქმერის რვაწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად.

1970 წელს სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს განყოფილების ელექტროამძრავ მანქანათა და საწარმოო დანადგართა ავტომატიზაციის სპეციალობით, რომლის სრული კურსი 1976 წელს დაამთავრა. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა თბილისის ელექტრონაკეთობათა სამმართველოში, „თელასი“-ს სადისპეჩერო განყოფილებაში, თბილისის „რადიოქარხანაში“. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ამავე საწარმოს ენერგეტიკულ განყოფილებაში ინჟინრად.

1976 წლიდან მუშაობდა გარდაბნის რაიონის ლითონ-კონსტრუქციების ქარხნის თბილისის ფილიალში საამქროს უფროსად, შემდეგ კი საქართველოს სამხატვრო ფონდში, სადაც ასრულებდა ჯერ ტექნიკური ზედამხედველის, შემდეგ მთავარი ინჟინრის მოვალეობას, აქ მას მიენიჭა ხალხური ოსტატის წოდება.

1980 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობისა და რესტავრაციის განყოფილების ინჟინრად. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს იგი მონაწილეობდა სიონის საკათედრო ტაძრის, დიდუბის ეკლესიის, მარტყოფისა და მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციების რესტავრაციასა და მშენებლობაში. 1982 წლიდან იგი საქართველოს საპატრიარქოს სასაწყობო მეურნეობის გამგე და ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მნათეა.

1983 წლის 19 ივნისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და სახელად ეწოდა ელისე. იმავე წლის სექტემბერში დიაკვანი ელისე |ხელდასხმულ იქნა მღვდლად და გაიგზავნა წალკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად.

1983 წელს მღვდელი ელისე ჯოხაძე ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1983-1996 წლებში მამა ელისე ჯოხაძე ღვთისმსახურებას აღასრულებდა წალკის, ნიკორწმიდის, გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მცხეთის სვეტიცხოვლის, ანანურის ყოვლადწიდა ღვთისმშობლის, თბილისის წმიდა პანტელეიმონ მკურნალის, დიდუბის ყოვლადწმიდა.

1995 წლის 14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, თბილისის მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ელისე ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად გამოარჩია. იგი აღიკვეცა ბერად, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1996 წლის 17 მარტს, არქიმანდრიტი ელისე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სინოდის წევრების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენელ მიტროპოლიტ ქრისტეფორეს თანდასწრებით აკურთხა ეპისკოპოსად.

2000 წლის ნოემბერში მეუფე ელისე აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. ხოლო 2008 წლის 27 ივნისს წმიდა წინასწარმეტყველ ელისეს ხსენების დღეს მიებოძა მიტროპოლიტობა. მეუფე ელისე საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

2015 წლის 16 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია ონის რაიონში, თავის მშობლიურ სოფელ შქმერში, მის მიერ აგებულ ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ელისე (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები