მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ მიტროპოლი (მახარაძე)

ვარლაამი - მიტროპოლიტი - (ერისკაცობაში ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე) (დ. - 26.III.1873, თბილისი - გ. - 1943) - ქართველი მღვდელმთავარი, მარგვეთის ეპისკოპოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1895 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1897 წლებში მედავითნედ მსახურობდა თბილისის ღვთისმშობლის სახელობის დიდუბის ეკლესიაში, იქვე სამრევლო საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა საღვთისმეტყველო საგნებს. 1897 წლების მაისში აკურთხეს მღვდლად და გამწესებულ იქნა სოფელ კავთისხევის ეკლესიის წინამძღვრად. 1899-1914 წლებში მსახურობდა ფოთის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა ეპისკოპოსი დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელიც გამოირჩეოდა თავისი ანტიქართული საქმიანობით. 1914 წლიდან საქართველოს ეგზარქოსის მიერ გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად, ხოლო შემდეგ ჯერ ყარსის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდელია, მერე - ერევნის ჰოსპიტლის მღვდელმსახური.

1918 წლის ოქტომბერში დაინიშნა თბილისის პირველი ქალთა და ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიების პედაგოგად; 1919 წლის თებერვალში - ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის მათემატიკისა და უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად. 1919 წლის 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.

XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მომხრეები და “განახლებისა და რეფორმების” ჯგუფის წევრები, 1926 წლის 7 მარტს, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით ვარლაამი აღყვანილ იქნა მარგვეთის ეპისკოპოსის ხარისხში. მეუფე ვარლაამი უყოყმანოდ დადგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გვერდით. 1929 წლის 12 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით, გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.

მეუფე ვარლაამს ურთულეს ეპოქაში მოუწია ეპარქიის მღვდელმთავრობა. ეკლესიების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დახურეს. 1934-1937 წლებში იგი საერთოდ გამოაძევეს ეპარქიიდან. 1937 წლის 7 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა ქუთაის - გაენათის ეპარქიის მმართველად, მაგრამ ქვეყანაში გამეფებულმა ტერორმა, დასმენებმა თავისი გაიტანა... მიტროპოლიტი ვარლაამი დააპატიმრეს და გადასახლებაში გარდაიცვალა. მისი საფლავი დაკარგულია.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, ქუთაის-გაენათის ეპარქია: ისტორია და თანამედროვეობა, თბ., 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვარლაამ (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები