მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ვახტანგი

მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი)მიტროპოლიტი ვახტანგი, ერისკაცობაში ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი, დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს ცაგერის რაიონ სოფელ ლასურიაში.

1970 წელს მან დაამთავრა ქ. ქუთაისის №1 საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლობდა და მსახურობდა კიევის უმაღლეს სამხედრო-საინჟინრო საავიაციო სასწავლებლის სამხედრო-საჰაერო ძალებში. სასწავლებელში კოსმონავტიკის საკითხების შესწავლამ განუმტკიცა მას ღვთის რწმენა და მივიდა იმ შეხედულებამდე, რომ ყველაზე დიდი მეცნიერება ამ ქვეყნად არის ღვთის შემეცნება სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ბადრი ახვლედიანს სურვილი ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და 1975 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1977 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ ბადრი ახვლედიანი აკურთხა დიაკვნად, უწოდა სახელად ბენიამინი და დაადგინა თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად.

1978 წელს მან დაამთავრა სასულიერო სემინარია. ბენიამინ ახვლედიანი იყო მთავარდიაკონი 1977 წლის 23-25 დეკემბერს სიონისა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრებში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა მიმდინარეობდა.

1978 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკონი ბენიამინი აკურთხა მღვდლად და დანიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახურია. 1980 წლის 15 ოქტომბერს მას დეკანოზის ხარისხი მიენიჭა.

1982 წლის 1 აგვისტოს იგი აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად ვახტანგი და აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1982 წლის 2 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრების თანამწირველობით არქიმანდრიტი ვახტანგი აკურთხა ეპისკოპოსად.

7 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აგარაკ-წალკის ეპარქიაში თვითონ წარადგინა ახლადდადგენილი მღვდელმთავარი დალოცა მრევლი და მეუფე ვახტანგს უსურვა წარმატებანი.

1984 წლიდან მეუფე ვახტანგი განაგებდა ჭყონდიდის ეპარქიას, 1988 წლიდან – ურბნისის ეპარქიას, 1992 წელს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1995 წლის 5 აპრილიდან სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველია.

2001 წელს დაინიშნა საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის მმართველად, ხოლო 2002 წლის 17 აგვისტოდან განაგებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2009 წლის 2 აგვისტოს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

2013 წლის 11 ოქტომბრიდან მეუფე ვახტანგი ცურტაველი (ტიტულარული) მიტროპოლიტია.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ვახტანგ (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები