მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი თადეოზი

მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი)მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ერისკაცობაში მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი, დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ფლავში. 1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973–1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ. „ახალგაზრდა კომუნისტმა“ არაერთი წერილი მიუძღვნა ამ ფაქტს და მკაცრად გააკრიტიკა როგორც გორის ბარათაშვილის სახელობის ინტიტუტის ხელმძღვანელობა, ასევე სოფლის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, სადაც გაზეთის აზრით იდეოლოგიური მუშაობა არ იყო სათანადო დონეზე. 1977 წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა 31 წლის მირიან იორამაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თადეოზი. 1977 წლის 7 აპრილიდან დიაკონია, 1 მაისიდან – მღვდელმონაზონი, 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად. წლის 1 აგვისტოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 2 აგვისტოს მოხდა მისი კურთხევა. ეპისკოპოსი თადეოზი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად, 1978 წლის 24 დეკემბრიდან გადმოყვანილ იქნა წილკნელად. 1979 წლის 20 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე ეპისკოპოსი თადეოზი მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორია, 1981 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1979-1983 წლებში განაგებდა მანგლისის ეპარქიას, 1984-1993 წლებში აგარაკ-წალკის, 1993-1995 წლებში – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიას,1995-2003 წლებში – ბოლნისისა და დმანისის ეპარქიებს, 2005 წლის აპრილიდან მთავარეპიკოპოსი თადეოზი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველია. მეუფე თადეოზი არის შესანიშნავი პოეტი. არაერთი პოეტური კრებულის ავტორი.

2007 წლის 25 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსი თადეოზი დააჯილდოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2010 წლის 2 აგვისტოს მთავარეპისკოპოს თადეოზს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. 2013 წლიდან იყო პენსიაზე და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი. იგი სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს პერიოდულ პრესაში.


* * *
ჯერ არ გავსულვარ ცხოვრების გზაზე,
მაგრამ მიზანი სწორი გზით მიხმობს
და დავალ ასე, იმედით სავსე
და მომავალზე ვფიქრობ და ვფიქრობ.
მიდის ცხოვრება სწრაფი დინებით,
ტალღას ტალღაზე გააქვს გუგუნი,
ვერას ვუშველი აქვითინებით,
მეც ფოთოლი ვარ ამ საუკუნის.
და ცხოვრებაზე გულგატეხილი
მინდა ვეგონო ქვეყნად არავის.
მინდა ვიქუხო მგრგვინავ მეხივით
და ან კი რა მაქვს დასაფარავი?!
მაგრამ სიდინჯე სიბრძნის ძმა არის
და თუ რამ გტანჯავს, თუ რამ გაწუხებს
უნდა როგორმე არ შეიმჩნიო,
უნდა გაუძლო ყველა მარწუხებს...
...მიდის ცხოვრება სწრაფი დინებით,
ტალღას ტალღაზე გააქვს გუგუნი
ვერას ვუშველით აქვითინებით,
მეც ფოთოლი ვარ ამ საუკუნის.

მიტროპოლიტი თადეოზი გარდაიცვალა 2015 წლის 19 იანვარს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დაიკრძალა 22 იანვარს, სიონის საკათედრო ტაძრის გალავანში.


წყარო

იხილე აგრეთვე

თადეოზი (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები