მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ილარიონი

მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)მიტროპოლიტი ილარიონი, ერისკაცობაში დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი, დაიბადა 1957 წლის 22 ნოემბერს ქ. ხაშურში. მამა – ნოდარ იოსების ძე ქიტიაშვილი იყო ხაშურის სავაგონო დეპოს ზეინკალი (ხარატი). დედა – ანა მიხეილის ასული ლომიძე – პურ-კომბინატის მოსამსახურე. მოინათლა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახ. საკათედრო ტაძარში მეორმოცე დღეს. ნათლობა შეასრულა მღვდელმა დავითმა. ნათლია იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით V დევდარიანი, იმ დროს ურბნელი მიტროპოლიტი. დედმამიშვილები არ ჰყოლია. დაამთავრა ხაშურის რკინიგზის №3 საშუალო სკოლა 1974 წელს. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის რკინიგზის სავაგონო დეპოში მუშა მოსამსახურედ.

1976 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომელიც მოიხადა 1978 წელს. მუშაობა გააგრძელა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში.

1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკულ ფაკულტეტზე, რომელიც დამთავრა 1985 წელს. განაწილებით მიავლინეს ქ. ქუთაისის ქარხანა „ავანგარდში“ საამქროს ოსტატად, სადაც მსახურობდა 1986 წლამდე. შემდგომ სამსახური გააგრძელა ხაშურის მინის ტარის ქარხანაში სპეციალობით, საამქროს უფროსად.

1987 წლიდან დანიშნეს ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის გამოთვლითი ცენტრის უფროსად.

1988 წელს დაოჯახდა, ჰყავს ქალ-ვაჟი. ამჟამად ყოფილი მეუღლე მსახურობს ხაშურის საკათედრო ტაძარში მთავარ მედავითნედ და მგალობლად. ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1996 წლის დასაწყისიდან. იყო სტიქაროსანი ხაშურის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში, სადაც შეისწავლა მედავითნეობა. როგორც მეუფე აღნიშნავს, „1998 წლის 4 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში მაკურთხა დიაკვნად. მანამდე რა თქმა უნდა, გავიარე ყველა საფეხური წიგნის მკითხველიდან დაწყებული.

1999 წლის 15 თებერვალს კი მღვდლად დამასხა ხელი და დამადგინა სურამის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. თეთრ სამღვდელოებაში ვიმსახურე ორი წელი 2000 წლის 4 დეკემბერს ქოზიფის მამათა მონასტერში მიტროპოლიტმა იობმა აღმკვეცა ბერად და მიწოდა სახელი ილარიონი“.

ამავე წელს დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის ტაძრის, ხცისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის, ხცისის იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. მამათა მონასტრის და ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების წინამძღვრად.

2001 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა იღუმენის ხარისხი.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად. იგი ეპარქიაში ჩავიდა 2002 წლის 7 ნოემბერს, წარდგინება მოხდა მიტროპოლიტ იობის მიერ.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2011 წლის 14 ნოემბერს, მიტროპოლიტობა 2013 წლის 1 სექტემბერს.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ილარიონი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები