მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი იოანე

მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი)მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი, დაიბადა 1874 წელს გორში. გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1893-1899 წლებში მუშაობდა ჯერ გორის, შემდეგ ყიზლარის ტაძრების საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლებში.

1900 წლის 28 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად იოანე. 1901 წლის 28 იანვარს ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1904 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. იქიდან,როგორც წარჩინებული სტუდენტი, გადაყვანილ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1905 წელს. 1910-1914 წლებში იოანე სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1914 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, 1915 წლის 10 აგვისტოდან მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1915 წლის 29 აგვისტოს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1917 წლის 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1919 წელს არქიმანდრიტი იოანე სოხუმში მოღვაწეობდა. სულ მალე არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის მოადგილედ. 1920 წლის 1 სექტემბრიდან გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორია, ხოლო 1921 წლის 15 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1925 წლის 7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი იოანე განთავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველად, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა ეპარქიის მართვა, მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 1925 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის „ვინაიდან რუსეთში ჩემი გამგზავრება პირად გარემოებათა გამო ჩემთვის ამჟამად წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას, გთხოვთ ერთი თვით შვებულებას“. საკათოლიკოსო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი დანიშნეს ურბნისის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტი იოანე ვერ ახერხებდა ეპარქიაში ყოფნას ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მაგრამ თბილისიდან მართავდა ეპარქიას.

1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია. მაგრამ საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ იოანეს არ მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.

1926 წლის 1 ივნისს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 20 ოქტომბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, 3 ნოემბერს კი დანიშნეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტ იოანეს ახალი უსიამოვნებანი ახალ ეპარქიაშიც თან სდევდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოსთხოვა ბათუმის დატოვება. მიტროპოლიტმა იოანემ 18 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. 1927 წლის 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებ ეკლესიის დროებითმა მმართველობამ (ეს ორგანო უკანონოდ შეიქმნა 1926 დეკემბერში ქუთაისში ჩატარებული სამღვდელოების ყრილობის შემდეგ ს.ვ.) გამოიტანა შემდეგი განჩინება: „ეთხოვოს მიტროპოლიტ იოანეს დარჩეს თავის ეპარქიაში და დაესწროს აგრეთვე დროებითი მმართველობის მიერ დანიშნულ სხდომებს“. მაგრამ ამ პირობების შეუსრულებლობის გამო იგი 1927 წლის 3 მარტს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მიტროპოლიტი იოანე ორი თვით რუსეთში გაემგზავრა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საქართველოს ეკლესიას უკვე ახალი პატრიარქი ჰყავდა – უნეტარესი ქრისტეფორე, განაწყენებული იყო მიტროპოლიტ იოანეზე, ვინაიდან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იგი განერიდა საქართველოს. „უკანასკნელი დროის ჩვენი საეკლესიო ცხოვრება მქუხარე ზღვას დაემსგავსა, ბედმა მომაქცია ორ მებრძოლ ბანაკთა შორის, ხან ერთი მირტყავდა თავში ხან მეორე“ – გულისტკივილით წერდა იგი. საკათოლიკოსო სინოდმა უარი უთხრა მას დახმარებაზე და წინადადება მისცა წასულიყო რომელიმე მონასტერში, 1929 წლის 20 ოქტომბერს მიტროპოლიტი იოანე დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ამ დროს ეპარქიაში 42 ეკლესია იყო მოქმედი, მაგრამ სასულიერო პირები უკიდურ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ბევრი მათგანი საერთოდ აღარ ატარებდა ღვთისმსახურებას. მიტროპოლიტ იოანეს ეპარქიაში ბინაც არ ჰქონდა. ამდენად პრობლემებმა სულ დააუძლურა იგი. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 17 ნოემბერს დაიკრძალა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში, განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლი პატრიარქმა უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა აქვს: „ამ ლოდს ქვეშე განისვენებს კეთილი მწყემსის მსახური ღვთისმეტყველების მაღისტრი, მიტროპოლიტი იოანე გიორგის ძე მარღიშვილი, რომელიც თვისთათანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. 1874-1924 წ.წ. ბედით ჩაგრულო მეუფეო და ძმაო გიძღვნი ამ ძეგლს შენის მოულოდნელის სიკვდილით გაოცებული და დამწუხრებული შენი და ნინო. ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.“ (მათე. 5.10).

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

იოანე (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები