მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. აქიაშვილთა გვარი ღუდუშაურთა განთქმული საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაა. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანული სარწმუნოების მადლს, ოჯახი ღვთისმოშიში და მორწმუნე იყო.

1977 წელს ელგუჯა აქიაშვილმა დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იგი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი.

1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად.

1983 წლიდან ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად.

1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იობი. იმავე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს – მღვდლად.

1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად.

1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში.

1989 წლის 3 სექტემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა აჭარაში სხალთის ახლადგახსნილ მამათა მონასტერში.

1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში წირვის დამთავრების შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო.

1990 წლი სივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი.

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

1993 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1994 წლის გაზაფხულზე წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად.

1995 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს.

2013 წლის 11 ოქტომბერს, წმიდა სინოდის განჩინებით ურბნისისა და რუისის ეპარქიას გამოეყო სურამისა და ხაშურის ეპარქია.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები