მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე)

მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე)მიტროპოლიტი იოსები, ერისკაცობაში გიორგი მილენის ძე კიკვაძე, დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონ სოფელ ზედა ფარცხმაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1978 წელს.

1978-1979 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად.

1979-1981 იყო წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში დემობილიზაციის შემდეგ 1981-1985 წლებში ასწავლიდა ქანდაკებას, გრაფიკას და ფერწერას ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში.

1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1986 წლიდან გიორგი კიკვაძე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლია, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად მცხეთაში, წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში.

1990 წელს წავიდა საფარის მამათა მონასტერში, სადაც აკურთხეს მორჩილად, იმავე წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1991 წლის 16 მაისს,ამაღლების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღკვეცა ბერად სვეტიცხოველში და უწოდა სახელად იოსები.

1991 წლის 23 მაისს პატრიარქმა მამა იოსები დავით-გარეჯის მონასტერში აკურთხა დიაკვნად. 1991 წლის 3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი იოსები სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და განაწესა სვეტიცხოვლისა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად.

1992-1993 წლებში იგი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.

1995 წლის 7 აპრილს წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ხარების დღესასწაულზე ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად.

2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე იოსებს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიებოძა.

2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი იოსები დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები