მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ისაია

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია)მიტროპოლიტი ისაია, ერისკაცობაში ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია, დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს ქ. წალენჯიხაში. როგორც თავის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში გვამცნობს: „მე-4 კლასამდე ვსწავლობდი წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში, მე-5 კლასიდან – წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში“. რვა კლასის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჭანტურიამ სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში. 1982 წელს აბარებდა სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში... როგორც მეუფე ისაია იხსენებს, „1986 წელს შეიძლება ითქვას, ბატონი გელას პირადი მონდომების წყალობით, ჩავირიცხე ინსტიტუტში და გავხდი კინოფაკულტეტის სტუდენტი. ამავე დროს დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა...“

1993 წელს ზურაბ ჭანტურია შეიმოსა მორჩილის კაბით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიელის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ სულ მალე იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ (ომი, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის სამღვდელოებასთან, დევნილ მოსახლეობასთან ერთად გადალახა საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 15 სექტემბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოებასთან ერთად დაემკვიდრა მარტყოფის მონასტერში.

1994 წლის 11 აპრილს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა მორჩილი ზურაბი-ილია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღკვეცა ბერად და სახელად ისაია უწოდა. იმავე წლის 24 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ისაია აკურთხა ბერ-დიაკვნად, მალევე ბერ-დიაკონი ისაია მცხეთის წმიდა ოლღას დედათა მონასტერში ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად.

1994-1995 წლებში მღვდელმონაზონი ისაია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას.

1995 წლის თებერვალში მღვდელ-მონაზონ ისაიას ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიენიჭა იღუმენის წოდება. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – აღსდგა უძველესი ეპარქია ნიქოზისა და ცხინვალისა, წმიდა სინოდმა იღუმენი ისაია გამოარჩია ახლადაღდგენილი ეპარქიის საჭეთმპყრობლად.

1995 წლის 9 აპრილს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების თანახმად,სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების თანამსახურებით აღასრულა იღუმენ ისაიას ეპისკოპოსად კურთხევის წესი.

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ეპისკოპოს ისაიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2017 წლის 21 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II–ემ მეუფე ისაია დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ისაია (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები