მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი კონსტანტინე

მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)მიტროპოლიტი კონსტანტინე, ერისკაცობაში დიმიტირი სიმონის ძე მელიქიძე, დაიბადა 1925 წლის 19 თებერვალს ბორჯომის რაიონის სოფელ ბალანთაში. პატარა დიმიტირი სწავლობდა ჯერ ბალანთის დაწყებით სკოლაში, შემდეგ ბაკურიანის შვიდწლიან სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმში. 1961-1966 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით. დიმიტრი მელიქიძე 1950-იან წლებიდან მუშაობდა ჯერ ქ. ქლუხორის რაიონის სატყეო მეურნეობაში, შემდეგ – ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში. საბჭოური ათეისტური პროპაგანდის მიუხედავად, ბავშვობიდან სწავლობდა საღვთო წიგნებს 1972 წლის 3 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს დიაკვნად, 1973 წლის 21 ოქტომბერს იგი აკურთხეს მღვდლად და დაინიშნა რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1974-1978 წლებში მამა დიმიტრი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 20 ოქტომბერს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, 22 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტ კონსტანტინეს ეპისკოპოსად ხელდასხმა შესრულდა 1978 წლის 29 ოქტომბერს.

მეუფე კონსტანტინე 1979 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარედ. 1980 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის 1984 წელს მას მიებოძა მიტროპოლიტობა. 1985-1995 წლებში მიტროპოლიტი კონსტანტინე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველია. ამ დროს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, აჭარაში დაიწყო მოსახლეობის უმრავლესობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაბრუნების რთული, მაგრამ შეუქცევადი პროცესი.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს მიტროპოლიტი კონსტანტინე გამოეხმაურა წერილით „საქართველო გადარჩება“.

1995 წლიდან 2000 წლამდე მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას; იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით, მინიჭებული ჰქონდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების, მეორე პანაღიის ტარების უფლება.

მეუფე კონსტანტინე აღესრულა 2000 წლის 20 ივლისს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტ კონსტანტინეს ნეშტი გადმოსვენებულ იქნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც 22 ივლისს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მიტროპოლიტი კონსტანტინე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები