მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ნაუმი

მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე)მიტროპოლიტი ნაუმი, ერისკაცობაში ნაომ გრიგოლის ძე შავიანიძე.

დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ოხომირაში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა გაბრიელ შავიანიძე იყო დეკანოზი. 1904 წელს ნაომ შავიანიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მისი გიმნაზიელი მეგობარი იყო შემდგომში ცნობილი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე, რომელთანაც კონტაქტი არასდროს არ გაუწყვეტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სოფელ ცუცხვათის ეკლესიის მედავითნედ. 1905 წელს სოფელ ოხომირაში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხის შვილებს. 1916 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ხელი დაასხა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვნად. 1918 წლის დასაწყისში ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესებულ იქნა ოხამირას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში. 1921 წელს მამა ნაომი შეთავსებით ქუთაისის სამრეკლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში და მხარს უჭერდა მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) კანდიდატურას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. 1924-1929 წლებში ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარია.

1929 წელს მამა ნაომი დაინიშნა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის წინამძღვრად. ამ ეკლესიაში მსახურობდა იგი 1941 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებამ 1941 წელს ადმინისტრაციული წესით არ დაკეტა იგი. 1943 წელს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თბილისის სიონის ტაძრის მოძღვრად გადაიყვანა, იმავდროულად იგი ასრულებდა სინოდის მდივნის მოვალეობას.

მამა ნაომი მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებ ეკლესიებს შორის მოლაპარაკებაში, რომელიც 1943 წელს გაიმართა. მოლაპარაკე დამთავრების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალია.

1945 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის აღსაყდრებაზე მას თან ახლდა სიონის ტაძრის დეკანოზი ნაომი. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ყოფილა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში. 1955 წელს ეჩმიაძინში მამა ნაომი ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის ვაზგენ I-ის აღსაყდრებას. 1947 წელს დეკანოზი ნაომი დაჯილდოვდა მიტრით და დაუბრუნდა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიას. 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე). უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ს ბრძანებით დეკანოზი ნაომი დაინიშნა ეპარქიის მთავარხუცესად. 1957 წლის 7 იანვარს იგი აკურთხეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად.

1958 წელს მეუფე ნაომი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. მეუფე ნაუმის თავმდაბლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა 1959 წელს, როდესაც იგი თბილისში დაიბარა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმა მელქისედეკ III-მ და სთხოვა დათანხმებულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობას, მაგრამ მეუფე ნაომმა თავაზიანად მიანიშნა პატრიარქს, რომ მოსაყდრეობისათვის ყველაზე ღირსეული მიტროპოლიტი იყო ეფრემი (სიდამონიძე). მისმა პოზიციამ ბოდბელ დიმიტრისთან (იაშვილი) ერთად გადაწყვიტა მე–10 საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტ ეფრემის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის საკითხი. 1964 წელს ეპისკოპოსი ნაომი წმიდა ნინოს ორდენით დაჯილდოვდა, 1967 წელს მას მიტროპოლიტობა ებოძა.

1969 წლის 3 მარტს იგი გარდაიცვალა ქუთაისში. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: „ჩემი უძვირფასესი ნაომის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს“. განსვენებულს წესი აუგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ და ცხუმ-აფსაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშვილი). მიტროპოლიტი ნაომი დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ნაუმი (მიტროპოლიტი )

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები