მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში პაატა გივის ძე ფაჩუაშვილი, დაიბადა 1961 წლის 10 თებერვალს თბილისში.

1968-1978 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.

1981-1985 წლებში იგი სწავლობდა მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1987-1988 წლებში – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.

1988 წელს პაატა ფაჩუაშვილი ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სასულიერო აკადემიაში. პაატა ფაჩუაშვილი ერთხანს მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში (1986 წ.), 150-ე საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად (1987 წ), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქრისტიანული რელიგიის კათედრაზე მასწავლებლად.

1990 წელს უწმიდესმა, და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი აკურთხა დიაკვნად.

1991 წელს – მღვდლად, უწოდა სახელად პავლე და დაადგინა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მოძღვრად, 1991 წელს მამა პავლე დაინიშნა თბილისის ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრად, 1992 წელს – მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად. 1996 წელს თბილისის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრად.

1991 წელს მამა პავლე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ, 1995 წელს – საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის მისიონერული სასწავლებლის დირექტორად. წმიდა ნინოს გზაზე ფეხით სამგზის მოგზაურობისათვის მიენიჭა წმიდა ნინოს მორჩილის წოდება. 1993 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

1996 წელს აღიკვეცა ბერად ეწოდა სახელი ნიკოლოზი, იმავე წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1997 წლის 29 მარტს წმიდა სინოდმა გამოარჩია ეპისკოპოსად. 1996 წლის თებერვლიდან 1998 წლის ნოემბრამდე მეუფე ნიკოლოზი იყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი, 1998 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე – ახალციხის, 1999-2001 წლებში – ბოდბის, 2001-2002 წლებში – ცაგერისადა ქვემო სვანეთის, 2002 წლის 17 ოქტომბრიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველია.

2000 წლის 8 ნოემბერს ეპისკოპოს ნიკოლოზს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის ივლისში – მიტროპოლიტის წოდება.

2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი ნიკოლოზი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები