მიუნსტენბერგი ჰიუგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიუნსტენბერგი ჰიუგო

მიუნსტენბერგი ჰიუგო - Münsterberg Hugo, Мюнстерберг Гуго, 1863-1916

გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. მიიღო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება ვ. ვუნდტთან ლაიფციგში და სამედიცინო - ჰაიდელბერგში. მუშაობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, სადაც ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა. უკვე საკმაოდ ცნობილი თეორეტიკოსი და ექსპერიმენტატორი იყო, როდესაც იგი 1892 წელს ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან ჰარვარდში მიიწვია უ. ჯეიმსმა ლექციების პარალელური ლაბორატორიული სამუშაოს უზრუნველსაყოფად. მიუნსტენბერგმა, ზოგიერთი სხვა ევროპელი ფსიქოლოგისაგან განსხვავებით, ადვილად აუღო ალღო ამერიკული ცხოვრების წესს. მალე იგი თითქმის მთლიანად გადაერთო პრაქტიკულ საქმიანობაზე და გამოყენებითი ფსიქოლოგიის ერთერთ გამოჩენილ მკვლევერად და ორგანიზატორად მოგვევლინა. მიუნსტენბერგი არჩეული იყო ამერიკის ფსიქოლოგიური (1898) და ფილოსოფიური (1908) ასოციაციების პრეზიდენტად. ამ პერიოდში იგი დიდად პოპულარული იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში მიუნსტენბერგი აქტიურად გამოთქვამდა თავის პროგერმანულ პოზიციას. ამის გამო, პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკაში გავრცელებულ შპიონომანიის პირობებში იგი საზოგადოებრივი შერისხვის მსხვერპლი გახდა.

1914 წელს მიუნსტენბერგმა გამოაქვეყნა დიდი თხზულება: „ფსიქოტექნიკის საფუძვლები” , რომელშიც დასახულია ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენების მასშტაბური პროგრამა. ფსიქოტექნიკა მისი გაგებით არ იფარგლება მხოლოდ ინდუსტრიული ფსიქოლოგიით, არამედ მოიცავს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ყველა დარგს (სამხედრო და სასკოლო, ვაჭრობის, რეკლამის, სამართლის და ა.შ.). საკუთრივ ინდუსტრიული ფსიქოლოგიის არეც ფართოდაა შემოსაზღვრული. ის მოიცავს პროფშერჩევას და პროფორიენტაციას, პერსონალის მართვას, შრომით მოტივაციას და დისციპლინას, საწარმოო სწავლებას, ადამიანის შესაძლებლობებთან ტექნიკის მისადაგებას და სხვა. მიუნსტენბერგი ამოდიოდა იქიდან, რომ ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანთა შორის უნდა აისახოს მათ პროფესიულ საქმიანობაზეც. ეს ნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანისთვის შესატყვისი და არაშესატყვისი პროფესიები. მსხვილი კორპორაციების დაკვეთით მიუნსტენბერგმა შექმნა მრავალი დიაგნოსტიკური მეთოდი მუშებისა და მომსახურე პერსონალის შესარჩევად. პროფესიული ვარგისიანობის ტესტები იქმნებოდა საქმიანობის ამა თუ იმ დარგში ყველაზე წარმატებული სპეციალისტების გამოკვლევის საფუძველზე. ამ გზით ვლინდებოდა ის უნარ-თვისებები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიისთვის, იქნებოდა ეს სენსომოტორული თუ კოგნიციური ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, ზოგადი უნარიანობა, ხატობრივი აზროვნება, ლოგიკურ-ცნებითი აზროვნება თუ მანიპულაციური ინტელექტი.

დიდია მიუნსტენბერგის წვლილი სასამართლო ფსიქოლოგიაში. იგი შეისწავლიდა დანაშაულის პრევენციის საკითხებს, ინტელექტის ტესტების გამოყენებას ბრალეულობის გასარკვევად და სხვა. განსაკუთრებით ბევრი გააკეთა ჩვენების ფსიქოლოგიის მიმართულებით: ჩვენების სანდოობა, ჰიპნოზის გამოყენება დაკითხვის დროს, სიცრუის დეტექტორის შესაძლებლობები. წიგნში „ფსიქოთერაპია” (1909) გადმოცემულია პაციენტების მკურნალობის გამოცდილება ლაბორატორიაში და არა კლინიკაში. ფსიქოთერაპიის საზრისს მიუნსტენბერგი იმაში ხედავს, რომ დაეხმაროს ადამიანს, დაივიწყოს უარყოფითი განცდები, მოიცილოს უსიამოვნო აზრები, დაძლიოს მავნე ჩვევები, რომლების ცხოვრებას ურთულებენ. ამ მიზნით იგი იყენებდა ჰიპნოზს და აჩვენა მისი ეფექტურობა ალკოჰოლური და ნარკოტიკული ადიქციის, ფობიების და სექსუალური დარღვევების შემთხვევებში. მიუნსტენბერგი მონაწილეობდა ტელეპატიის და სხვა პარანორმალური მოვლენების კვლევაშიც.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები