მიქელაძე კატო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატო მიქელაძე

მიქელაძე კატო დავითის ასული - (18.IX.1878, სოფ. კულაში, ქუთაისის მაზრა - 1942, თბილისი) - ფემინისტრი, პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დედა ადრე გარდაეცვალა, იზრდებოდა დაბა სუჯუნაში ნათლიასთან, ბარბარე გაბუნიასთან. ოთხი კლასი ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელში დაამთავრა. ნათლიის გარდაცვალების შემდეგ თბილისში ნათესავთან გადავიდა საცხოვებლად. 1899 წლიდან სამეანო კურსებზე სწავლობდა. დასრულების შემდეგ გორში გადავიდა სამუშაოდ. იქ დააარსა ბიბლიოთეკა, შექმნა სცენისმოყვარეთა წრე, ზრუნავდა ახალგაზრდების განათლებაზე. 1900 წლიდან ჟურ. „კვალში“ და არალეგალურ გაზ. „ბრძოლა“ ბეჭდავდა ლექსებს. 1903-1904 წლებში მუშაობდა ცხინვალში, ასევე, თანამშრომლობდა მესამე დასელებთან. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით, ქართველი მეცნიერების მიერ ახლად გახსნილ პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა. 1906 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი და შვეიცარიაში გადასულიყო. ფინანსური დახმარების მიზნით, ზუბალაშვილს მიმართა, რომლის მხარდაჭერით გაემგზავრა პარიზში. 1910 წელს რუსი მეცენატის ეკატერინე სკარჟინსკაიასაგან დაენიშნა სტიპენდია. 1911 წელს ბრიუსელის ახალ უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობიდან დაინტერესდა ქალთა უფლებებითა და მარქსიზმით. 1914 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1916 წლიდან ქალთა უფლებებსა და მდგომარეობაზე ქუთაისში კითხულობდა ლექციებს. პარალელურად სტუმრობდა სხვადასხვა დაბებს. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ტრიბუნა“, „თეატრი და ცხოვრება“, „რუბიკონი“, „ბარრიკად“ და სხვ.

1917 ქუთაისში დააარსა ქალთა კლუბი. 1917 წლის 5 აპრილს კატო მიქელაძის რედაქტორობით და კლუბის წევრ ქალთა აქტიურობით გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ გამოიცა, რომელმაც 1918 წლის სექტემბრამდე იარსება. ჟურნალი პოლიტიკურ-ლიტერატურული იყო, რომელსაც ახალი ამბები ერთვოდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. გაზეთთან თანამშრომლობდნენ: მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, დომენიკა ერისთავი, საფო მგელაძე და სხვ. კატო მიქელაძე 1918-1919 წლებში გუდაუთაში, 1920 კი - სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად. 1921 წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ მოუწია ყოფნა, ფიზიკური გადარჩენის მიზნით, რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა ბელადს. 1930 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. 1940 წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • თ. მელაშვილი, კატო მიქელაძე, ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, 2013;
  • ნ. ჩიხლაძე, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, გამომცემლობა საქართველო, თბ.,1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კატო მიქელაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები