მიქელაძე კონსტანტინე დიმიტრის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიქელაძე კონსტანტინე დიმიტრის ძე - (?-?) - საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების წევრი, საქართველოს 1921 კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წამოაყენა წინადადება საკონსტიტუციო კომისიაში დამხმარე წევრად მცოდნე კ. მიქელაძის მოწვევის შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 20 ნოემბრის საბოლოო დადგენილებით, იგი დამტკიცებულ იქნა კომისიის მოწვეულ წევრად. 1919 წლის 26 მარტს კ. მიქელაძე, გ. ნანეიშვილთან ერთად, კვლავ მიიწვიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. 1918 წლის ნოემბერს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, კ. მიქელაძეს დაევალა, დაეწერა საქართველოს მომავალი კონსტიტუციის ერთ-ერთი თავი - „მოხელეთა უფლება-მოვალეობანი“. დებულების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს 1920 წლის 24 მაისს. მთავარი მომხსენებელი იყო თავად დებულების ავტორი კ. მიქელაძე. კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტში მიქელაძის პროექტი „სახელმწიფო მოხელენი“ მე-15 თავად შევიდა. 1918 საქართველოს მთავრობამ დასტამბა კ. მიქელაძის წიგნი: „დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა“, რომელიც იმთავითვე საკონსტიტუციო კომისიისათვის იყო განკუთვნილი. ამ წიგნზე 1919 ჟურნალ „შვიდი მნათობის“ №1 და №2-ში გამოქვეყნდა უარყოფითი რეცენზია ვინმე ბ. ნიკრისელის ავტორობით.

1919 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „ერთობაში“ კ. მიქელაძის საპასუხო წერილი - „ერთი რეცენზიის შესახებ“ - დაიბეჭდა. აღნიშნულ წიგნში იგი მიმოიხილავს კონსტიტუციონალიზმის არსებით საკითხებს. ესენია: კონსტიტუცია, კონსტიტუციის მიღების ფორმები, მოხელეთა უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო კონტროლი, სამართლებრივი სახელმწიფო, ძირითადი უფლებები, მოქალაქეობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, სახელმწიფოს ფუნქციები, სახელმწიფოს ნიშნები, სახელმწიფო მმართველობის ფორმები, სახელმწიფო სუვერენიტეტი, პარლამენტი, პარლამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა, სასამართლო, სასამართლო კონტროლის ფორმები, ადმინისტრაციული იუსტიცია, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობა, პრეზიდენტი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კ. მიქელაძე იყო ამიერკავკასიის გზათა სამინისტროს იურისტ-კონსულტი (1910-1918), საქართველოს გზათა (მიმოსვლის) სამინისტროს იურისკონსულტი (1918 წლის 1 ივნისიდან 1921 წლის თებერვლამდე). მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროს მენარდეების ანგარიშის კომისიაში, პეტერბურგის საოლქო სასამართლოს პალატაში, პეტერბურგის კომერციულ სასამართლოში (1918 წლის 27 ივნისიდან). იყო ჩრდილო-დასავლეთ რკინიგზის სამმართველოს იურისკონსულტის თანაშემწე, ჩრდილოეთ კავკასიის მთავრობის მომარაგების კომიტეტის საქმეთა ხელმძღვანელი. კ. მიქელაძე ემიგრაციიდან აღარ დაბრუნებულა. მისი შთამომავლები თბილისში ცხოვრობენ.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

  • ბ. ქანთარია, კონსტანტინე მიქელაძის პოლიტიკური და იურიდიული შეხედულებანი. 2003.
  • სცსა. ფ. 1836. საქ. 201. ფ. 1833. საქ. 181. ფ. 1881. საქ. 164.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები