მოირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოირები(ბერძნ.) ბედისწერის ქალღმერთები. ზევსისა და თემისის ასულები (სხვა ვერსიით, ანანკეს ან ნიქსის ქალიშვილები). რომში მოირებს პარკებს უწოდებდნენ.

ძველ საბერძნეთში თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ყოველ ადამიანს თან სდევდა თავისი მოირა (ხვედრი). ოლიმპიური რელიგიის გავრცელებასთან ერთად შეიქმნა მითოსი მოირათა სამეულზე. მათ სახელებიც შეარქვეს: ატროპოსი, კლოთო და ლაქესისი. ადამიანის ცხოვრება ერთიანად მათზე იყო დამოკიდებული. თუ ადრეულ ხანებში მოირებს ბნელ, უხილავ ძალებად მიიჩნევდნენ, რომელთაც არ ჰქონდათ ანთროპომორფული სახე, მოგვიანებით დაიწყეს მათი ძაფისმრთველ ბერიქალებად წარმოდგენა. ეს ადამიანური სიცოცხლის ძაფი იყო. კლოთო მას რთავდა, ლაქესისი – ცხოვრების ყველა განსაცდელში გაატარებდა, ატროპოსი (ბე-რძნ. „გარდაუვალი“) კი – წყვეტდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ადამიანმა განასრულა თავისი სიცოცხლე.

მოირები არა მარტო ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც სჯიდნენ შეცოდებისათვის და არ ცხრებოდა მათი რისხვა, ვიდრე ყოველი არ მიიღებდა თავის საზღაურს. რთული იყო ურთიერთობა მოირებსა და ოლიმპიელ ღმერთებს შორის. არქაული წარმოდგენების ტრადიციის ძალით, ღმერთების ბედსაც მოირები განაგებდნენ. მაგრამ როდესაც უზენაეს ძალაუფლებას ხელთ იგდებს ზევსი, ბედისწერის განმგებლობასაც თავად ლამობს. ამიტომაც უწოდეს მას „მორიოსიც“ და „მოირაგეტესიც“ („მოირათა წინამძღოლი“ – ასეთივე ეპითეტებით მოიხსენიებდნენ აპოლონსაც). ათენში, ოლიმპიელი ზევსის ტაძარში, ზევსის ქანდაკების თავზე წარმოსახულნი იყვნენ მოირები და ყოველი ბერძენისათვის ცხადი იყო, რომ ბედიცა და ბედისწერაც მხოლოდ და მხოლოდ ამ უზენაეს ღვთაებას ემორჩილებოდა. ელინისტურ ეპოქაში მოირებს მეტოქეობას უწევდა ქალღმერთი ტიქე („შემთხვევითობა“), რომელიც ცხოვრების უდგრობასა და ცვალებადობას განასახიერებდა.

ძველად არც ისე ხშირად წარმოსახავდნენ მოირებს, თუმცა მათ მაინც ვხვდებით მხატვართა ტილოებზე (რუბენსი, გოია და სხვა). თანამედროვე მეტყველებაში შემორჩა გამოთქმა „ცხოვრების ძაფი“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები