მოლარეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოლარეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. მესაწოლეთუხუცესთან ერთად ექვემდებარებოდა მსახურთუხუცესს.მოლარეთუხუცესი მსახურთუხუცესის უწყების მოხელე იყო და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა მეფის სამდივნოს მომსახურება.

მოლარეთუხუცესს ებარა სახელმწიფო ბეჭედი, იგივე „დიდი სასიგლე ბეჭედი“, რომელიც სალაროში საგანგებოდ დაბეჭდილი ინახებოდა. მოლარეთუხუცესის სამოხელო ნიშანი იყო დიდი თვალედი ბეჭედი, იგივე „საგახსნითე ბეჭედი“, რომელიც მას მეფისაგან ჰქონდა ბოძებული. ამ ბეჭედს მოლარეთუხუცესი მუდამ ხელზე ატარებდა და მას შესანახად მოთავსებული „დიდი სასიგელე ბეჭდის“ დასალუქად იყენებდა. უკვე დაწერილი სიგელი მწიგნობარს „სალაროში“ მიჰქონდა, აქ მ. „საგახსნითე ბეჭდით“ დალუქულ „დიდ სასიგელე ბეჭედს“ იღებდა და სიგელს სათანადო ადგილას დაასვამდა. რადგან სამეფო კარი ხშირად მოძრაობდა, მოლარეთუხუცესი, როგორც სახელმწიფო ბეჭდის მცველი, მეფის კორტეჟს თან მიჰყვებოდა და თან მიჰქონდა მოძრავი სალარო, რომელშიც ინახებოდა „დიდი სასიგლე ბეჭედი“ (ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. სამდივნო, ანუ „სიკისტროსან ჯორზე“ აკიდებული ბარგი). სიგლის დაბეჭდვის პროცედურებში მონაწილეობას იღებდნენ: მოლარეთუხუცესს დაქვემდებარებული სალაროს მოლარე, რომლის სარგო სიგელზე ორი დუკატი იყო და, მეგოდრე, რომელსაც უნდა შეენახა დაბეჭდილი სიგელები. მოლარე, ამასთანავე, ასრულებდა მომხსენებლის, ამბის მიმტან-მომტანის ფუნქციას.

გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოში სალაროს მთავარი გამგე ნაზირი იყო. მოლარეთუხუცესს, როგორც სახელმწიფო ბეჭდის მცველს, ებარა სამეფო სალაროს ერთი განყოფილება, საიდანაც, მეფის მოთხოვნის შესაბამისად, მისი კონტროლის ქვეშ შეიძლებოდა ძვირფასი სამოსის, ქსოვილების ან სხვა ძვირფასეულობის გამოტანა. „ბატონმა (მეფემ) რომ ფარჩა, ან სხვა სალაროდამ ითხოვოს, მოლარეთუხუცესი წინ წაუძღვებოდეს თავლიდარს და ბატონს მიართმევდეს. ხალათებსა ან ბატონის ტანისამოსს გამოაჭრევინებდეს, რაც ნაჭერი მორჩებოდეს, ერთს ქისაში ჩასდებდეს, მოლარეთუხუცესი დაბეჭდავდეს და თავლიდარს მიაბარებდეს“. მოლარეთუხუცესს ევალებოდა მიეღო სალაროს შემოსავალი, მეფის ბრძანებით გაეცა ხელფასი, საჩუქრები, მოემარაგებინა სასახლე პურით, ყველით, საპნით. მოლარეთუხუცესს ჰყავდა ხელქვეითი მოლარეები. მას ემორჩილებოდა თავლიდარიც. სალაროში შემოსული და სალაროდან გაცემული საჩუქრებიდან მოლარეთუხუცესს წილი ერგებოდა, ეკუთვნოდა აგრეთვე ყოველი გაცემული ჯამაგირიდან თუმანზე ორი შაური და სხვ. საკუთარი მოლარეთუხუცესი ჰყავდა დედოფალსაც, რომელიც მეფის მოლარეთუხუცესზე დაბალი რანგის მოხელედ ითვლებოდა. მოლარეთუხუცესის ფუნქციები სალაროს ნაზირის ფუნქციების მსგავსი ჩანს, მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობის შემოღების შემდეგ (შემოიღო როსტომ მეფემ) მოლარეთუხუცესი ერთი საფეხურით დაქვეითდა.

მოლარეთუხუცესები. XIV-XVII სს

  • შატრავაძე ბევროზ - მ. 1398 წ.
  • თავხელისძე ხელი - მ. [1399-1419] წწ.
  • გარაყანიძე გიორგი - მ. 1432 წ.
  • ვირშელ - მ. 1442 წ.
  • მხეციძე სარგის - მ. 1448 წ.
  • ჭილასძე ქველი - მ. XV ს-ის
  • რევაზ - მ. XVI ს.
  • ხმალაძე შიოშ - როსტომ მეფის მ.
  • ჭავჭავაძე მამუკა - მ. 1639-51 წწ.
  • სოლაღაშვილი შიოშ - მ. 1619-1624 წწ.
  • რუსიშვილი რუსი - მ. 1664 წ.
  • რუსიშვილი პატი - მ. [1678-1688] წწ.
  • ბარათაშვილი ასლან - მ. 1677-1697 წწ.; სომხითის მოურავი 1692-1697 წწ.
  • ციციშვილი ვახტანგ - ბოქაულთუხუცესი 1672 წ-ის ახლო; მ. 1684-1695 წწ.
  • ორბელიშვილი მანუჩარ - მ. 1695 წ.
  • სეხნია - მ. 1722-1743 წწ.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები