მოლოდინი მეგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეგი მოლოდინი

მოლოდინი მეგი − (1955), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ნამდვილი სახელი და გვარი - მედეა გადელია. დაიბადა სოხუმში. 1976 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა გაზეთ „ავანგარდში” 1976-77 წლებში. სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „საქართველოს სამრეკლო”, „გრაალი”, „მწერლის გაზეთი”, „განმათავისუფლებელი” და სხვა. მისი ლექსები შესულია „მზის არილის” რამდენიმე ტომში, კრებულში − „საუკუნის ფოლიანტები”, არის მთარგმნელთა კოლეგიის წევრი. მისი თარგმანები დაიბეჭდა ჟურნალებში „ანეული” და „ისინდი”, რამდენიმე თარგმანი და ლექსი შესულია „შეყვარებულთა წიგნში” (ქართველ და უცხოელ პოეტთა სატრფიალო ლირიკა) და „მსოფლიოს პოეტ ქალთა ანთოლოგიაში” (2019). გამოცემული აქვს ლექსების კრებული – „გაკაწრული მთვარეულები”, პოეტური თარგმანების კრებული „უსიზმრებო სახლი”.


სოხუმის წვიმა
„...აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი, რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს...” გალაკტიონი
სოხუმის წვიმავ, კვლავ ჩემში წვიმობ,
უფლის ჩამოცრილო თაიგულო...
ნაწნავებს იმკობდი ზურმუხტებით,
მანდობდი შენეულ საიდუმლოს...
ლურჯო აკვნის სხივო ზეცის ჩვილის,
ცრემლო მითიური ფასკუნჯების,
ცხუმის ცის წვიმაო, ჩემში სტირი
და წვიმობ, მომიხმობ, გამუდმებით...
ფოთლებს მგოსანივით ეხებოდი,
ღრუბლის, ჩამოგყავდა მგალობეთი,
მახსოვს, მაცეკვებდა სანაპირო
შენი დალალების სამოთხეთი;
ცისკრის ღვინოსავით პეშვით გსვამდი,
ჩემო ზეციურო ხმიანებავ...
შენი საოცარი ზარ-წკრიალის
გალობას ვისმენდი ზიარებად,
ახლა ნოსტალგიით დაღალულის,
ხილვა ხარ, წვიმაში, მაგნოლიავ...
წვიმაო, ოღონდაც წამიყვანე
და ზღვიდან ზურმუხტებს ამოვიყვან!..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები