მონრეალის XXI ოლიმპიური თამაშები (1976)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანადელი ტანმოვარჯიშის სანდრა ჰენდერსონისა და მძლეოსან სტეფან პრეფონტეინის მიერ ფიალაში დანთებული ოლიმპიური ცეცხლი

მონრეალის XXI ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები გაიმართა 1976 წელს (17 ივლისი - 1 აგვისტო), მონრეალში.

  • მონაწილე ქვეყანა 92
  • სპორტსმენი 6,084 / 1,260 ქალი / 4,824 კაცი
  • სპორტის სახეობა 21
  • მედლების კომპლექტი 198

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ნიკოლაი ანდრიანოვი (ტანვარჯიში, სსრკ) 4,2,1
ქალებში: კორნელია ენდერი (ცურვა, გდრ) 4,1,0

Monrealis olimpiuri plakati.PNG

მიუხედავად იმისა, რომ XXI ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებისთვის სხვებთან ერთად მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ქალაქები - მოსკოვი და ლოს ანჯელესი იბრძოდნენ, საბოლოოდ, მაინც მონრეალმა გაიმარჯვა, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალურმა კანდიდატმა.

ოლიმპიადის სადღესასწაულო განწყობას ერთგვარი დაღი დაასვა უსაფრთხოების გამკაცრებულმა ზომებმა, რაც მიუნხენის ტერაქტის მწარე გამოცდილებით იყო ნაკარნახევი. მიუნხენის ტრაგედიის აღსანიშნავად, ისრაელის ნაკრები გახსნის ცერემონიალზე შავი ლენტით გამოვიდა. ბოლომდე გამართული არ იყო სპორტული ობიექტები, რომელთა მშენებლობებიც ვადებში ვერ ჩაეტია. მონრეალის თამაშებს დაღი დაასვა 26 ქვეყნის, ძირითადად კი, აფრიკული სახელმწიფოების ბოიკოტმა, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან ახალი ზელანდიის მოკვეთაზე უარის თქმით იყო განაპირობებული. საქმე ის არის, რომ აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკას, გაეროს მიერ დაწესებული სპორტული ემბარგოს მიუხედავად, ტესტ-მატჩზე ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები ეწვია.

ზაფხულის ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდნენ ანდორის (რამდენიმე თვით ადრე ინსბრუკის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდათ ოლიმპიური დებიუტი), ანტიგუა და ბარბუდას (როგორც ანტიგუა), კაიმანის კუნძლებისა და პაპუა ახალი გვინეის წარმომადგენლები. ბელიზის სახელით პირველად წარსდგა ბრიტანეთის ჰონდურასი.

ელისაბედ მეორემ მონრეალის თამაშები კანადის მეთაურის რანგში გახსნა, მის გვერდით კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეექვსე პრეზიდენტი ლორდი კილანინია

ისტორიაში პირველად ქალები დაუშვეს ნიჩბოსნობაში. ასევე პირველად გაითამაშეს მედლები ქალმა კალათბურთელებმა და ხელბურთელებმა. ბალახის ჰოკეიში პირველად გამოიყენეს ხელოვნური საფარი.

მონრეალის თამაშები თვალშისაცემად წარმატებული გამოდგა სოციალისტური ქვეყნებისთვის. მოპოვებული ოქროს მედლებით მოწინავე ათეულიდან 7 ქვეყანა სოცბლოკის წარმომადგენელი იყო. აღსანიშნავია, რომ კანადელებმა ოლიმპიადა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს (5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო), ეს არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე პირველი და დღემდე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თამაშების მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენებმა უმაღლესი სინჯის მედლის აღება ვერ შეძლეს.

კანადელებისთვის წამგებიანი გამოდგა მთლიანად თამაშები. მასპინძლობისთვის გაღებული რეკორდულად დიდი თანხები მონრეალს ვალად დაედო, რასაც 30 წლის განმავლობაში ისტუმრებდნენ.

მონრეალში 3 ოქროს მოპოვებით გაიბრწყინა 14 წლის რუმინელმა ტანმოვარჯიშემ ნადია კომანეჩიმ. ამასთან, კომანეჩი გახდა პირველი, რომელმაც ოლიმპიადებზე მაქსიმალური - 10-ქულიანი შეფასება მიიღო. ასევე, 3 უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ნელი კიმმა, ხოლო ვაჟებში ოთხგზის ტრიუმფატორი გახდა ასევე სსრკ-ის წარმომადგენელი ნიკოლაი ანდრიანოვი.

საქართველოს წარგზავნილმა ვიქტორ სანეევმა სამხტომში ზედიზედ მესამე ოქროს მედალი დაისაკუთრა. ასევე, ზედიზედ მესამე თამაშების ჩემპიონი გახდა იტალიელი წყალში მხტომელი კლაუს დიბიასიც, ხოლო კუბელი ალბერტო ხუანტორენა პირველია, რომელმაც ერთ თამაშებზე 400 და 800 მეტრზე რბენები მოიგო, აქედან 800 მეტრი - მსოფლიოს რეკორდით. ფინელმა ლასე ვირენმა 5 და 10 ათას მეტრზე ჩემპიონობით მიუნხენის ოლიმპიადის შედეგი გაიმეორა. ამასთან, გახდა პირველი სტაიერი, რომელმაც 5 ათას მეტრზე ზედიზედ გაიმარჯვა.

100 მეტრზე რბენაში ჩემპიონობით ტრინიდადი და ტობაგოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა ჰასლი კროუფორდმა. აღმოსავლეთ გერმანიის ქალ მოცურავეთა ნაკრებმა ცამეტიდან 11 ფინალი მოიგო. მათ შორის, 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით გამოირჩა კორნელია ენდერი. კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება აშშ-ის ვაჟთა ნაკრების შედეგი - 12 ოქრო ცამეტიდან. ამ წარმატებაში 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით ლომის წილი მიუძღვის ჯონ ნეიბერს, ხოლო ჯიმ მონტგომერი პირველია, რომელიც 100 მეტრზე კროლში 50-წამიანი ნიშნულიდან გამოვიდა.

რაპირით მოფარიკავეთა გუნდურ ასპარეზობაში პირველობა დასავლეთ გერმანელებს დარჩათ. ჩემპიონთა კვინტეტში ერთ-ერთი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მომავალი პრეზიდენტი თომას ბახი.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები