მორენო იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორენო იაკობ

მორენო იაკობ - Moreno Jacob, Морено Якоб, 1892-1974

ებრაული წარმომავლობის, რუმინეთში დაბადებული, ავსტრიელ-ამერიკელი სოციოლოგი, სოციალური ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, სოციომეტრიის, ფსიქოდრამისა და ჯგუფური თერაპიის შემქმნელი. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი მედიკოსისა და ფილოსოფოსის დიპლომით. მუშაობდა ავსტრიის ფსიქიატრიულ კლინიკებში და ინსტიტუტებში. 1927 წელს გადასახლდა აშშ-ში. იყო მის მიერ დაარსებული ბიკონ-ჰილის კლინიკის მთავარი ექიმი, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციომეტრიისა და ფსიქოდრამის ინსტიტუტის (მორენოს ინსტიტუტი), ფსიქოდრამის თეატრისა და ჟურნალ „სოციომეტრიის” დამაარსებელი.

მორენო ამოდიოდა იქიდან, რომ საზოგადოების მაკროსტრუქტურის გარდა, რომელსაც სოციოლოგია შეისწავლის, არსებობს შინაგანი არაფორმალური მიკროსტრუქტურა. ესაა ინდივიდუალური ლტოლვების, მიზიდულობა განზიდულობათა ერთობლიობა, რომელთა საკვლევად და გამოსავლენად მორენომ შექმნა სოციომეტრული მეთოდი (ტესტი). მისი შედეგების გრაფიკული გამოსახულება (სოციოგრამა) თვალსაჩინო წარმოადგენას იძლევა ჯგუფში არსებულ ურთიერთდამოკიდებულებათა შესახებ. მორენოს აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადამიანის ქცევის ადეკვატურობა დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე მცირე ჯგუფის შინაგან, არაფორმალურ სტრუქტურაში. სიმპათიების უკმარისობა სასიცოცხლო სირთულეებს ბადებს (ვინაიდან დაუკმაყოფილებელია სოციალური მეტადისპოზიცია, ჯგუფთან მიკუთვნებულობის მოთხოვნილება). სოციომეტრული პროცედურები გვამცნობს, სადაა ადამიანის პრობლემების მიკროსოციოლოგიური სათავე. სულის მდგომარეობის გაუმჯობესება ფსიქოდრამის საშუალებით ხორციელდება. პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, როდესაც იგი სცენაზე გაითამაშებს გარკვეულ ფსიქიკურ მდგომარეობებს, განცდებს და ცხოვრებისეულ ვითარებებს; ამავე დროს, იგი სწავლობს, როგორ უნდა იმოქმედოს ყოველ მოცემულ მომენტში „სპონტანური შემოქმედების” პირობებში. მორენო ამტკიცებდა, რომ ფსიქოდრამის დროს უფრო მეტი კათარზისის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ამას მარტო ლაპარაკის საშუალებით ზ. ფროიდი აღწევდა. როლური თამაშები უფრო საინტერესოცაა, რამდენადაც ძალდაუტანებლობის, იმპროვიზაციისა და შემოქმედების გარემოს ქმნის. მორენოს ფსიქოდრამა, არსებითად, ჯგუფური თერაპიაა (ეს ტერმინი მისი შემოტანილია), ისტორიულად მისი პირველი ფორმაა. საზოგადოდ, მორენოს მიაჩნდა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუკი ადამიანებს მათი ემოციური სიმპათიების შესაბამისად გადავაჯგუფებთ; ამით თავიდან ავირიდებთ კონფლიქტურ სიტუაციებს და პიროვნებათშორის ურთიერთობებს უფრო ჯანმრთელსა და ჰარმონიულს გავხდით. თუკი ამ, რამდენადმე უტოპიურ, მოლოდინებს ჩამოვაცილებთ, შეიძლება ითქვას, რომ სოციომეტრია და ფსიქოდრამა მართლაც იძლევა სასარგებლო ინფორმაციას და ამჟამადაც მრავალგან გამოიყენება ნევროზების მკურნალობის, პროფილაქტიკის, კონფლიქტების შერბილების, არაფორმალური ლიდერების გამოვლენის, მცირე ჯგუფებში სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ოპტიმიზაციის საქმეში.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები