მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოქვის ღვთისმშობლის მონასტერი

მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია, მოქვის ტაძარი მდებარეობს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. მოქვში, მდ. მოქვთან მისი მარჯვენა შენაკადის მდ. დვაბის შეერთების ადგილას, სწორ, ამაღლებულ ვაკეზე.

სარჩევი

ტაძრის აღწერა

მოქვის ტაძარი აგებულია X საუკუნეში. იგი ჯვარგუმბათოვანი სტილის სამნავიანი ნაგებობაა, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარს სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა, საკურთხევლის აფსიდი შიგნიდან ნალისებური ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ სვეტს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. ტაძარი შემოსილია თლილი ქვის პერანგით, ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს.

„მატიანე ქართლისას“ ცნობით, მოქვის ტაძარი აგებულია და კურთხეულია საკათედროდ „აფხაზთა“ მეფის ლეონ III-ის (957- 967) მიერ: „ამან (ლეონ III-მ, - ავტ.) აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა”. ლეონ III-ის მიერ ტაძრის საკათედროდ კურთხევა IX-X სს. „აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როდესაც იქმნება ჭყონდიდის, ბედიის, დრანდის საეპისკოპოსოები.

მოქვის ეპარქიის მღვდელმთავრები

მოქვის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია მოქველის სახელით. თითქმის ყველა ცნობილი მოქველი მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსის ხარისხს ატარებს, რაც ქვეყანაში მოქვის საეპისკოპოსოსა და მოქველ მღვდელმთავართა დიდ როლზე მეტყველებს. ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1758) ცნობით, მოქველთა სამწყსოს შეადგენდა ტერიტორია მდ. მოქვსა და მდ. კოდორს შორის.

მოქვის ღვთისმშობლის მონასტერი

მოქვის საეპისკოპოსოს ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას.

მოქველთა შესახებ ცნობები დაცულია ქართულ და უცხოურ წყაროებში, თუმცა ეს ცნობები ძალზე მწირია. X საუკუნიდან ვიდრე XII საუკუნემდე მოქველი მღვდელმთავრების შესახებ არა ვიცით რა.

XII საუკუნეში მოქვის კათედრაზე მოღვაწეობდა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი. იგი იხსენიება მოქვის სამრეკლოს ასომთავრულ წარწერაში, საიდანაც ჩანს, რომ სამრეკლო მოქველ მთავარეპისკოპოსს გრიგოლს აუგია.

შემდეგი ჩვენთვის ცნობილი მოქველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი დანიელი, მოქვის ოთხთავის (1300 წ.) მომგებელი. მისი მოღვაწეობა მოქვის კათედრაზე, პირობითად, XIII ს. მიწურულითა და XIV ს. დასაწყისით განისაზღვრება

მთავარეპისკოპოსი აბრაჰამი მოქვის ოთხთავის მინაწერში იხსენიება. რადგან იგი ხელნაწერის მომგებელისა და გადამწერის ანდერძის შემდეგ მოიხსენიება მოგვიანებით გაკეთებულ მინაწერში, საფიქრებელია, რომ იგი დანიელ მოქველის შემდეგ მოღვაწეობდა მოქვის კათედრაზე, სავარაუდოდ, XIV ს. I ნახევარში. XIV საუკუნის მოღვაწე ჩანს ამბრია მოქველი, რომელიც ასევე მოქვის ოთხთავის მინაწერში იხსენიება.

XIV საუკუნის 60-იან წლებში მოქვის კათედრაზე მოღვაწეობს ლუკა ოძრხელი. ცნობილია, რომ მან 1363 წელს წმიდა მიწაზე იმოგზაურა

მოქვის ოთხთავის კიდევ ერთ, უფრო გვიანდელ მინაწერში მთავარეპისკოპოსი ფილიპე ჩხეტიძე მოიხსენიება. თედო ჟორდანია მინაწერს ხელის მიხედვით XVI საუკუნით ათარიღებდა. მოგვიანებით, იგი, სავარაუდოდ, XV საუკუნის მინაწერად იქნა მიჩნეული, თუმცა მოქვის კათედრაზე მისი მოღვაწეობის ხანის დაკონკრეტება ჭირს.

ჩვენთვის ცნობილი შემდეგი მოქველი მღვდელმთავარია რომანოზი, რომელიც თოფურიძეთა სასისხლო სიგელში იხსენიება. ეს სიგელი 1412-1442 წწ. თარიღდება და, ამდენად, რომანოზ მოქველიც ამ ხანის მოღვაწეა.

მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი.
ინტერიერი, თაღები
მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი.
ინტერიერი, ხედი ჩრდილოეთისკენ

XV საუკუნის დასასრულის მოღვაწეა საბა მოქველი. იგი იხსენიება მაღნარაძეთა სასისხლო სიგელში, რომელიც XV ს. უკანასკნელი მეოთხედით თარიღდება. შემდეგი მოქველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი ელია. იგი იხსენიება მოქვის ომოფორის წარწერაში: „ამა ომფორისა მომჭირნესა მოქველ-დრანდელ მთავარეპისკოპოსსა ელიასა შ”ს ღ”ნ”. თ. ჟორდანია მოქვის ომოფორს XIV საუკუნით ათარიღებდა. თითქოს, ამ პერიოდის მოღვაწე უნდა იყოს მთავარეპისკოპოსი ელიაც, მაგრამ მოქვის ომოფორის წარწერებში მოხსენიებული სხვა პირების: მამია დადიანის, ლიპარიტ დადიანის, ლომკაც ჭილაძის იდენტიფიკაციის საფუძველზე, მისი შეკერვის თარიღად XVI ს. პირველი მესამედი განისაზღვრა. ამ ხანის მოღვაწეა მთავარეპისკოპოსი ელიაც, რომელიც წარწერის მიხედვით ორ კათედრას - მოქვისას და დრანდისას განაგებდა.

მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი.
საერთო ხედი

XVI საუკუნის შუა ხანებში, დაახლ. 1543-1549 წწ. შორის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) ინიციატივით მოწვეულ იქნა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება ზნეობის დაქვეითებისა და საეკლესიო წესჩვეულებების დარღვევების გამო გარკვეული ზომების მისაღებად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „...ჟამთა ამათ შინა... იქმნა განტევება ცოლთა, კლვა კაცთა და იდუმალ ტყჳს ყიდვა და უჯერონი სჯულსა ზედა მრავალნი იმერეთსა შინა“. საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ ქართლის კათალიკოსი მალაქია, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი ევდემონ I ჩხეტიძე (1543-1578) და „ყოველნი ეპისკოპოზნი იმერეთ-ოდიშისანი“, მათ შორის მოქველიც. საეკლესიო კრებამ მკაცრად იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, ჯეროვანი შეფასება მისცა მათ და საეკლესიო და ზნეობრივი ნორმების დასაცავად შეიმუშავა „სამართალი კათალიკოზთა“. სამწუხაროდ, წყაროებს არ შემოუნახავთ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრების მონაწილე მოქველის სახელი.

შემდეგ, დაახლ. XVI ს. 50-70-იან წლებში მოქვის კათედრაზე მთავარეპისკოპოსი ეფთვიმე საყვარელიძე მოღვაწეობს. იგი არის მომგებელი მეტაფრასისა, რომელიც 1560-1578 წწ. თარიღდება. მთავარეპისკოპოსი ეფთვიმე საყვარელიძე იხსენიება აგრეთვე მოქვის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში, რომელიც მისი ბრძანებით მოუჭედავთ. მოგვიანებით, 1578-1616 წწ. ეფთვიმე საყვარელიძე აფხაზეთის კათალიკოსია.

1639-1640 წწ. ოდიშის სამთავროში იმყოფებოდნენ რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის (1613-1645) დესპანები: დიაკი ფედოტ ელჩინი და მღვდელი პავლე ზახარიევი. პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ცნობების შეგროვების გარდა, მათ დავალებული ჰქონდათ, გამოეკვლიათ ოდიშის სამთავროს მოსახლეობის სარწმუნოებრივი მდგომარეობა. ამ მიზნით, მათ საშუალება მისცეს ოდიშის ყველა ეპარქია მოენახულებინათ. 1640 წლის 8 თებერვალს ისინი იყვნენ მოქვში, სადაც მაქსიმე მოქველს შეხვდნენ. მაქსიმე ეპისკოპოსის მოღვაწეობა მოქვის კათედრაზე პირობითად XVII ს. 30-40-იანი წლებით შეიძლება განისაზღვროს. რუსეთის მეფის ელჩებმა დაათვალიერეს საკათედრო ტაძარი, მოიხილეს და აღწერეს მისი სიწმინდეები.

1658 წლის ივლისში ოდიშის სამთავროში იერუსალიმის პატრიარქი პაისიოსი ჩამოვიდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ოდიშის ნავსადგურ სკურჩაში, მდ. კოდორის მარცხენა ნაპირზე, იერუსალიმის პატრიარქსა და მის თანხმლებ დოსითეოსს (შემდეგში, 1669-1707 წწ. იერუსალიმის პატრიარქი) შეხვდა, იყო მოქველი ეპისკოპოსი, რომელმაც ისინი მოქვის საკათედრო ტაძარში ისტუმრა, ხოლო შემდეგ ზუგდიდში, ოდიშის მთავრის ვამეყ III დადიანის (1657-1661) სასახლეში მიაცილა. დოსითეოსი, რომელიც აღწერს საქართველოში მოგზაურობას, სამწუხაროდ, ამ მოქველის სახელს არ ახსენებს.

XVII ს. 60-იანი წლების დასაწყისში მოქვის კათედრას ეპისკოპოსი ანდრია განაგებდა. მას იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი (1636-1672), რომელიც 1664-1665 წწ. ოდიშის სამთავროში იმყოფებოდა. ეს ანდრია მოქველი უნდა იყოს ანდრია საყვარელიძე, რომელიც იხსენიება მისი ბრძანებით მოჭედილი მოქვის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში. აღსანიშნავია, რომ რუსი ხელოვნების ისტორიკოსის, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ნიკოდიმე კონდაკოვის აზრით, წარწერა XVI-XVII საუკუნეებზე ძველი არაა და ანდრია საყვარელიძეს ის XVII საუკუნის მოქველ მღვდელმთავრად მიიჩნევდა.

მაკარი ანტიოქიელმა ტყვის სყიდვაში მონაწილეობის გამო ანდრია მოქველი ეკლესიიდან განკვეთა და ეპისკოპოსად სხვა აკურთხა, თუმცა ამ უკანასკნელის სახელს ის არ იხსენიებს. როგორც ჩანს, ესაა უკანასკნელი ეპისკოპოსი მოქვის კათედრაზე. თ. ჟორდანიას ცნობით, XVII საუკუნეში მოღვაწეობდა იაკობ მოქველი. შესაძლოა, სწორედ ის იყოს უკანასკნელი მოქველი.

მოქვის საეპისკოპოსეოს გაუქმება

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან მძიმე დრო დაუდგა მოქვის ეპარქიას. ამ დროიდან აფხაზთა შემოტევის ახალი ტალღა იწყება ოდიშზე. თუკი XVI ს. მიწურულსა და XVII ს. დასაწყისში აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, ტერიტორია „ანაკოფიის მდინარიდან“ (მდ. ფსირცხა) და მდ. კელასურს შორის, ახლა ისინი იწყებენ ბრძოლას მდ. კელასურის აღმოსავლეთი მიწა-წყლის მისატაცებლად. „ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან“, - აღნიშნავდა ვახუშტი ბატონიშვილი. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (1669-1707) გულისტკივილით წერდა, რომ აფხაზებმა გაანადგურეს დადიანის სამფლობელო, „აიკლეს ეკლესიები და მონასტრები: მოქვი, ხოფი, ქიაჩი, ზუგდიდი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე და ფაზისამდე“ (სოხუმიდან ცხენისწყლამდე და რიონამდე), ამასთან, „დადიანი ისეთი უმწეო იყო, რომ ძალა არ შესწევდა გაერეკა აფხაზები“.

ამ პერიოდში, ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრებიდან უსაფრთხო ადგილას, ოდიშის შიდა რაიონებში გადმოჰქონდათ საეკლესიო წიგნები, ხატები, ჯვრები, საეკლესიო ინვენტარი. ასე აღმოჩნდა მოქვის ორი ღვთისმშობლის ხატიდან ერთი ზუგდიდის ეკლესიაში, ხოლო მეორე - ხობის მონასტერში; ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში - მოქვის ოთხთავი (1300 წ.) მარტვილში გადმოუტანიათ; ასევე ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლი, მოქვის კიდევ ერთი ოთხთავი (XII-XIII სს.) შემდეგ გიორგი დადიანის ოჯახში აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა იგი მზითვად უბოძა თავის ასულს თამარს, იმერეთის სამეფოს სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის მეუღლეს, მან კი, თავის მხრივ, იგი ჯრუჭის მონასტერს შესწირა და ამჟამად ჯრუჭის II ოთხთავის სახელითაა ცნობილი.

1681 წელს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე. ამ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება, რის შედეგადაც დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები გაუქმდა. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ამბების შესახებ აღნიშნავდა: „გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი”.

ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მკვიდრი ქართული მოსახლეობა, ვინც ეს მხარე არ დატოვა და მახვილს, შიმშილს და ავადმყოფობას გადაურჩა, თანდათან გააფხაზდა. ასე მოხდა მოქვსა და მის შემოგარენშიც. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ მოქვის ტაძარი დაცარიელდა და გაპარტახდა. აფხაზეთში ქრისტიანობა უმთავრესად შემორჩა ოდიშის (სამეგრელოს) მომიჯნავე ნაწილში - მდ. ღალიძგასა და მდ. კოდორს შორის. სამეგრელოს დედოფალი ნინო დადიანი 1805 წელს წერდა: აფხაზეთში „გლეხნი ... უმეტესნი ქრისტიანობენ და სწამთ ჯვარი და ხატი ჩვენი“-ო. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თბილისში საფრანგეთის კონსულის ჟაკ ფრანსუა გამბას ცნობა, რომ „ბევრმა აფხაზურმა ოჯახმა შემოინახა ქრისტიანობა. მათ წინაპრებად მეგრელები ითვლებიან“-ო. აფხაზების მიერ მიტაცებული ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის გააფხაზებულმა მოსახლეობამ, უმთავრესად გლეხობამ, მეტნაკლებად შეინარჩუნა თავისი სარწმუნოება - ქრისტიანობა. ადგილობრივი გააფხაზებული მოსახლეობა ქრისტიანულ სიწმინდეებს კრძალვით ექცეოდა.

XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში არც ერთი მოქმედი ქრისტიანული ტაძარი არ იყო. 1809 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი იოანე იოსელიანი მთავარმართებელ პ. ტორმასოვს (1809-1811) აფხაზეთის ეკლესიების აღდგენაში ხელშეწყობას სთხოვდა.

მარი ბროსე

1848 წელს მოქვის ტაძარი ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ მოინახულა: „ამ დიდშენ ტაძარზე მთლიანად მცენარეებია მოდებული. მისი სახურავი დიდ დაკიდებულ ბაღს მოგაგონებთ. მოხდენილ გუმბათზე მაღალი ხეებია ამოსული... ტაძრის შიგნით შესანიშნავი სვეტები ისრებივითაა ამართული, რომლებსაც ხუთი ნავი ყრდნობა. იატაკი კარგად გათლილი მარმარილოს ფილებითაა მოგებული, რომელზეც ფერადი მინის ნამსხვრევებია მიმოფანტული. ჩანს მოხდენილი ჩუქურთმებით შემკული სარტყლები. ყველაფერი ეს სრულყოფილ და ბრწყინვალე ხელოვნებაზე მეტყველებს. ტაძრის მთავარ ნავს, გუმბათის სვეტამდე, გარს უვლის მშვენიერი გალერეა. სვეტებს შორის მოწყობილი თაღები ერთადერთი ნაწილია ტაძრისა, სადაც აგურია გამოყენებული. სამწუხაროდ, თაღები ჩამონგრეულია, სარკმლებს მინები არა აქვთ... არსად ჩანს რაიმე წარწერა. ეზოში აღმართულია ვეებერთელა სამრეკლო... ეზოს მარჯვენა მხარეს ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია. მარცხნივ მომცრო ზომის ჩამონგრეული აკლდამაა, ისიც მცენარეებით დაფარული ისევე, როგორც ეკლესიის შემოგარენის დიდი ნაწილი“.

ტაძრის აღდგენა

აფხაზეთის ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის (1862-1869) თხოვნით მთავარმა მიხეილ შარვაშიძემ (1823-1864) 1862-1864 წწ. საკუთარი სახსრებით დაიწყო მოქვის ტაძრის განახლება, რისთვისაც 25 ათასი მანეთი ვერცხლით გაიღო. აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და მიხეილ შარვაშიძის რუსეთში გადასახლების შემდეგ ტაძრის აღდგენა შეჩერდა. აღდგენითი სამუშაოების შედეგად ტაძარს სახე შეეცვალა. გუმბათს დაადგეს პატარა როტონდა, დასავლეთით ააგეს ეკვდერი და სხვ. მიხეილ შარვაშიძემ მოქვის ტაძარი სამთავრო სახლის წევრთა აკლდამად აქცია. აქ დაიკრძალა მისი მეუღლე ალექსანდრა დადიანი, ქალიშვილი _ ელენე, შემდეგ უკვე თვითონ მიხეილ შარვაშიძეც, მოგვიანებით კი, 1918 წელს, მისი ვაჟი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი შარვაშიძე.

1868 წლის მაისში მოქვში ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ჩავიდა. 25 მაისს წირვას მოქვის ღვთისმშობლის ტაძარში სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ქრისტიანი და ბევრი მაჰმადიანიც დაესწრო. 1868 წლის ცნობით, სოფელ მოქვში 127 ქრისტიანი და 291 მაჰმადიანი ცხოვრობდა. მეუფემ მონათლა მარშანია, მარღანია და ამ უკანასკნელის ცოლშვილი. მარღანიას თხოვნით, ნათლია თვითონ მეუფე იყო, ნათლობის საიდუმლო მღვდელმა დავით მაჭავარიანმა შეასრულა. მოგვიანებით, მღვდელმთავარი წერდა: შეუძლებელია „მოქვთან გამომშვიდობება ისე, რომ ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ტაძარზე. მისი არქიტექტურა ორიგინალურია: შინაგანი განლაგების მიხედვით, ტაძარი გამოირჩევა ამიერკავკასიის უმრავლესი ეკლესიებისაგან იმით, რომ ის არის არა ჯვრისებრი, როგორც უძველესი ეკლესიების მეტი ნაწილი, არამედ წაგრძელებული ოთხკუთხედი; კედლების ირგვლივ ქვების გალერეაა, ზემოთ კი ქორედები“. მიუხედავად აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც საკმაოდ ძვირი დაჯდა, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი გულისტკივილით წერდა, უხარისხო კრამიტით გადახურულ ტაძარში წვიმა ატანდა, კორპუსის და გუმბათის სარკმლები შემინული არ იყო, სამრეკლოზე ზარი არ იყო დაკიდებული და გუმბათზე აღსამართ სპილენძის ჯვართან ერთად ეკლესიაში ინახებოდა. ტაძარს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კანკელი და აუცილებელი საეკლესიო ნივთები.

ეპისკოპოსმა გაბრიელმა 1870-1871 წწ. დაასრულა მოქვის ტაძრის აღდგენა. 1871 წლის 28 ოქტომბერს მოქვში ჩასული მეუფე აღნიშნავდა, რომ ტაძარი მთლიანად განახლდა. დარჩენილი იყო მხოლოდ კანკელი, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის შეკვეთით დამზადდა და 1872 წელს დააყენეს ეკლესიაში. მღვდელმთავარი შემდეგ წლებშიც არ აკლებდა ყურადღებას მოქვის ტაძარს.

მოქვსა და მის შემოგარენში მრავალი აფხაზი მონათლა არქიმანდრიტმა ანტონმა (დადიანი) XIX ს. 30-იან წლებში. მოგვიანებით, აქ მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ბერი ათანასე (ჟორდანია). მოქვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდლებად მსახურობდნენ: 1862-1863 წწ. ჩხიკვაძე, შემდეგ თოფურია, 1886 წლიდან იესე ჟორდანია, 80- იან წლებში სიმონ ჟორდანია, 1900-1912 წწ. - ნ. ჟორდანია, მასთან ერთად 1906-1910 წწ. შტატგარეშე მღვდელი იყო დ. კაკალია. 1913 წლიდან ეკლესიაში ორი მღვდელი იყო: ვ. მაქაცარია და კ. მინჯია.

რუსული ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

1902 წელს ხარკოვის გუბერნიის ბოგოდუხოვოს მონასტრიდან ჩამოსულმა მონაზვნებმა მოქვში რუსული ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი დააფუძნეს. ტაძრის გარშემო სამონასტრო ნაგებობე- ბი ამოიზარდა. მის შემოგარენში სამონასტრო მიწები იყო. 1906 წლის 7 სექტემბერს მონასტერს სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) ეწვია. „მოქვის მონასტერი მთლად თლილი ქვისაგან არის აშენებული მაღლობზედ მდინარის ნაპირას და მშვენიერიცაა, - წერდა მღვდელმთავარი. - შინაური მისი გეგმა წააგავს ალავერდს, მხოლოდ უფრო მომცროა და გუმბათი დაბალი აქვს. ამ სამი წლის წინად უძალადნიათ, ჩამოურთმევიათ მრევლისათვის და დედათა მონასტრად გადაუქცევიათ. მოლოზნებს შეწირულობით შიგნით გაუთეთრებიათ, თუნუქა გადაუხურნიათ, ხატები, შესამოსი და ზარები შემწირველებისაგან შეუგროვებიათ, რუსულ ენაზედ წირვა-ლოცვა შემოუღიათ და მთლად დაპატრონებიან ამ დიდებულ ტაძარს, რომელშიაც 114 მოლოზანი ითვლება”. რუსეთის ხელისუფლება ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციით ნიღბავდა ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში.

ქართული ტაძრების რუსულ მონასტრებად გადაკეთებას ხელისუფლება მისიონერული მიზნებით ამართლებდა, მაგრამ სინამდვილეში მათ არაფერი ჰქონდათ საერთო მისიონერულ საქმიანობასთან. როგორც ამბროსი ხელაია წერდა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ყველაზე სათაყვანებელი უძველესი ტაძრების - ბიჭვინთის, ახალი ათონის, დრანდის, მოქვის, არა იმდენად მისიონერული, არამედ ასიმილატორული პოლიტიკის ცენტრებად გადაქცევამ მათ ძველი დიდება დაუკარგა. ისინი ვერ იქცა აფხაზეთის მოსახლეობაში რელიგიის, ზნეობისა და ცოდნის საწყისების გავრცელების წყაროდ.

შუა საუკუნეებში მოქვის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. აქ არსებობდა სკრიპტორიუმი, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, მორთვა-მოკაზმვა. მოქვის ტაძრის წიგნსაცავიდან მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი შემორჩა: მოქვის ოთხთავი(1300 წ.), ოთხთავი (XII-XIII სს.)

მოქვის ოთხთავი
მოქვის ოთხთავი (1300 წ.)

მოქვის ოთხთავი (1300 წ.) გადაწერილი დანიელ მოქველის თაოსნობით, ბერი ეფრემის მიერ. ხელნაწერის ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, კლასიკური ნუსხურით, ჩასმულია ვერცხლით მოჭედილ ყდაში (XIX ს.). მოქვის ოთხთავი ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ. მინიატიურები, რომლებიც თანმიმდევრულად ასურათებენ ტექსტის შინაარსს, შესრულებულია ღია ნათელი ფერებით, საზედაო ასოები ფერადებით და ოქრომელნით. მათი შეს- რულება დიდი ოსტატობით და სიფაქიზით გამოირჩევა.

ოთხთავი (XII-XIII სს.)

ოთხთავი (XII-XIII სს.) გადაწერილია ნუსხურით, დასაწყისები ასომთავრულით არის შესრულებული, შემკულია შესანიშნავი მინიატიურებით, კამარებითა და საზედაო ასოებით. ამჟამად ცნობილია ჯრუჭის II ოთხთავის სახელწოდებით.

მეტაფრასი (XVI ს.)

მეტაფრასი (XVI ს.), გადაწერილი მოქველი მთავარეპისკოპოსის ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით. ესაა სასულიერო მწერლობის თხზულებების ისეთი რედაქცია, რომელიც ძველ ტექსტებს შესწორებულად და გავრცობილ-შემკულად წარმოგვიდგენს. დაწერილია ნუსხურით, ორ სვეტად. გადამწერია ნევკრატიოზ ციმცაძე.

მოქვის ღვთისმშობლის ხატი
ღვთისმშობლის ხატი

მოქვის სიძველეებიდან ასევე ცნობილია: ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.) მოჭედილი მოქველი ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით; ღვთისმშობლის ხატი (XVII ს.) მოჭედილი მოქველი ანდრიას ბრძანებით; მოქვის ომოფორი (XVI ს.), შეკერილი მოქველ-დრანდელი მთავარეპისკოპოსის ელიას ბრძანებით

იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, ტაძარი მოხატული ყოფილა, ის იხსენიებს წარწერასაც, მაგრამ წარწერა და ფრესკული მოხატულობა არ შემორჩა. შემორჩენილია მხოლოდ სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა მოქვის სამრეკლოდან, ამოკვეთილი ქვის ფილაზე. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნით თარიღდება: „ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ და მფარველ ექმენ გრიგოლ მოქველ მთავარეპისკოპოსსა გუძანის ძესა”

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოქვის მონასტერს მიწები ჩამოართვეს და მალე მონასტერიც დაიხურა.

1968 წელს ფართოდ აღინიშნა მოქვის ტაძრის 1000 წლისთავი. ამ დროისათვის ტაძარი აღადგინეს, მოხსნეს XIX საუკუნის ფენები და ტაძარმა თითქმის თავდაპირველი იერი დაიბრუნა.

ბიბლიოგრაფი

  1. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1961.- გვ. 256-257. ტაძრის გეგმა, აგების თარიღი და ხუროთმოძღვრული სახე.
  2. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1971.- გვ. 243-245. კათედრალური ტაძრის აირქიტექტურული დახასიათება. ტაძრის ამგებად მოხსენიებულია აფხაზეთის მეფე ლეონ III (957-967).
  3. ისტორიულ სამურზაყანოს წარწერები. მოქვის სამრეკლოს წარწერა //ახალაძე ლ. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო:ლაპიოდარული და ფრესკული წარწერები. I. - თბ., 2005.- გვ. 109-116. ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, სამსტრიქონიანი ლაპიდარული წარწერის ენობრივ-პალეოგრაფიული ანალიზი, ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა.
  4. თოდუა ნ. აბულაძე თ. იაქაშვილი თ. მოქვის სამონასტრო კომპლექსი და ბიოტური ეროზიის გამომწვევი მცენარეები //ძეგლის მეგობარი.-1988.-N 81.- გვ. 61-62. სამონასტრო კომპლექსზე გავრცელებულ ბიოტური ეროზიის გამომწვევი მცენარეებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.
  5. კასტელი დონ კრისტოფორო დე. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ., 1976.- გვ. 176. სოფ.მოქვის საეპისკოპოსო ეკლესიის ნახატი და არსებული წარწერების თარგმანი.
  6. მოქვის ტაძარი (სურათებით) //ჟ. „მწყემსი”.-1893.-N 8.-გვ. 13-14. მოქვის ტაძრის გეოგრაფიული სივრცე, დ.ბაქრაძისეული აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
  7. მოქვი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. VII.-თბ., 1984.- გვ. 148. მოკლე ცნობები მოქვის საკათედრო ტაძრის შესახებ.
  8. ნიკოლეიშვილი ი., იაკობაშვილი ი. რელიეფური ფილა მოქვის ტაძრიდან //სამეცნიერო შრომების კრებული.-2000.-გვ.151-159. ტაძრის მოკლე ისტორია, 1986 წელს ჩატარებული რესტავრაციის შედეგები, რელიეფური ფილის კომპოზიციურ-სტილისტური ანალიზი, ძეგლის აგების სავარაუდო თარიღი.
  9. ჟორდანია თ. მოქვის ეკლესიის (აფხაზეთი) ომოფორი ისტორიული წარწერებით //ივერია.-1902 (2 მაისი).-N 92.-გვ. 3-4.
  10. ს. მოქვი //ივერია.-1903 (22 ივლ._.-N155.-გვ. 2. ტაძრის მდგომარეობაზე.
  11. [წერეთელი გ.]მოქვის ტაძარი //კვალი.-1893.-N16.- გვ. 9-10. მოქვის ტაძრის აღწერილობა ისტორიული წყაროების მიხედვით. ტექსტს ერთვის სურათი.
  12. ფაჩულია ვ. თქმულება ხუროთმოძღვარზე //გაზ. „კოლხეთი“ (სენაკი). -1967 (28 თებ.). ხალხში გავრცელებული თქმულება მოქვის ტაძრის აგების შესახებ.
  13. მოქვის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ. I.- თბ., 2007.-გვ. 20-21. მოქვის ტაძარი, როგორც ქართული კულტურის ძლიერი კერა, ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მდებარეობა, დაარსების ისტორია, სამეცნიერო და ისტორიული წყაროები ძეგლის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ტაძრის საერთო ხედის ფოტო. მოცემულია ტაძრის სიძველეთა მოკლე აღწერილობა და ფოტოები: მოქვის საწინამძღვრო ჯვარი (გვ.62-63), მოქვის ოთხთავი(გვ.72-73). მოქვის ეპისკოპოს ანდრია საყვარელიძის დაკვეთით შესრულებული კარედი ხატი (გვ. 66-67). ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  14. მოქვი //იამბე, ციხის ნაშალო.-თბ., 2007.-გვ.125-126. მოქვის ტაძრის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
  15. განვითარებული ფეოდალიზმი: მოქვის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.- გვ. 91-92. აფხაზთა მეფის ლეონის მიერ აგებული მოქვის ხუთნავიანი ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს ახლავს ტაძრის სარეთო ხედის ფოტო.
  16. ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ., 1955.- გვ. 64. აღწერილია მოქვის, ბიჭვინთისა და ლიხნის ტაძრები. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ. XXVIII. ნახ.1-4).
  17. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.- თბ., 1951.-გვ. 30-31. მოქვის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ბერძნული წარწერების მიმოხილვა.
  18. მოქვი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ. I.-თბ., 2005.-გვ. 128-129. X საუკუნის მოქვის საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და აქ მიმდინარე საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ორი ფოტო.
  19. მოქვის ტაძარი //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ., 2007.-გვ. 153-155 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.-თბ., 2009.- გვ. 154-156. ტაძრის ისტორიისა და აქ დაცულ სიძველეთა შესახებ. მოხსენიებულია ვ.ბერიძე, პლ. იოსელიანი, თევდორე ელჩინი, პავლე ზახარიევი,იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (1659 წ.), მიხეილ შარვაშიძე, გიორგი შარვაშიძე, მოქველი ეპისკოპოსი დანიელი. აღსანიშნავია მინიატურებით დამშვენებული (152 მინიატურაა) მოქვის ოთხთავი გადაწერილი ვინმე ეფრემის მიერ.
  20. მობჩუანი თ. აფხაზეთი.ნაწ.I.-თბ., 2003.- გვ. 211-213. მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მნიშვნელობა ქართული კულტურის განვითარებაში. ტაძრის დღევანდელი სავალალო მდგომარეობის თაობაზე.
  21. დოდელია ლ. კაცობრიობას კულტურა იხსნის // გაზ. „აფხაზეთის ხმა“.-1991 (19 თებ.).-გვ. 4. მოქვის ტაძრის მოვლა-პატრონობაზე.
  22. მუზეუმი ღია ცის ქვეშ // გაზ. „კომუნისტი“.-1968 (28 ოქტ.).-გვ. 4. მოქვის ტაძრის ათასი წლისთავის გამო.
  23. ფაჩულია ვ. ათასწლოვან ტაძარში - ხანდაზმულობის მუზეუმი //გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1981 (24 ოქტ.).- გვ. 3.
  24. ფაჩულია ვ. მოქვის ტაძარი // გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1956 (20 ივნ).
  25. ფაჩულია ვ. შუა საუკუნეების არქიტექტურის მარგალიტი // გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1979 (24 ოქტ.).- გვ. 4.
  26. ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1965.-N4.- გვ. 53-55. მოქვის ტაძრის დაცვის თაობაზე.
  27. Асеев Ю., Джулай В. Давнина грузинська i давнина украiнська //Хронiка.-2000-2001-Вип. 44.-с. 5-9. ინტერვიუ უკრაინელ არქიტექტორ იური ასეევთან საქართველოსა და უკრაინის სიძველეებზე. მოცემულია მოქვის ტაძრის არქიტექტურის მოკლე განხილვა.
  28. ზუხბაია ვ. ქართული კულტურის ძეგლები აფხაზეთში //ძეგლის მეგობარი.-2000.- N1 (108).- გვ.. 29-34. რეზ. ინგლ. ენაზე. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  29. მოქვი, ილორი და დრანდა //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.- თბ., 2011.- გვ. 112. აფხაზთა მეფის, ლეონ III -ის მიერ (967-975) აგებული ტაძრის მოკლე დახასიათება. აღნიშნულია მდიდარი წიგნთსაცავის შესახებ, რომელშიც ინახებოდა მოქვის სახარება (1301 წ.). ტექსტს ერთვის მოქვის საკათედრო ტაძრისა და მოქვის სახარების ფოტოები.
  30. Моквский собор //Пачулия В. По древней, но вечно молодой Абхазии.-Сухуми.,1969.-с. 81-84.
  31. მოქვი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ., 2012.- გვ. 213. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
  32. ხვისტანი რ. მოქვის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი//ენგურ-მოქვისწყალის აუზის(აფხაზეთი)ქრისტიანული ძეგლები.-თბ., 2015.- გვ. 65-68.

წყარო

  • ბეჟან ხორავა:"მოქვის ღვთისმშობლის ტაძრი",- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №32,-2015 წლის სექტემბერი.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები