მპარავთმძებნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მპარავთმძებნელი/მეკობრისმძებნელი - სასამართლო-სამძებრო ფუნქციებით აღჭურვილი ადგილობრივი მოხელე, რომელსაც ევალებოდა ქურდთა და ყაჩაღთა დევნა, შეპყრობა, გასამართლება და განაჩენის აღსრულება.

მპარავთმძებნელები მოქმედებდნენ მეფის უშუალო მითითებით მათთვის განკუთვნილ ოლქებში. მათი ხელქვეითები იყვნენ „ჩენილნი“, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ დევნა-შეპყრობის ოპერაცია და დამნაშავენი მიეგვარათ მპარავთმძებნელსათვის, რომელიც უფლებამოსილი იყო დამნაშავე ადგილზე გაესამართლებინა და განაჩენიც სისრულეში მოეყვანა. გიორგი III-ის 1170 წ-ის სიგელში შიომღვიმისადმი კარგად ჩანს „სამპარავთმეძებლო სამართლის“ მოქმედების არეალში მპარავთმძებნელებს უფლება ეძლეოდათ ქურდობაში რამდენიმეგზის შემჩნეული პირი სიკვდილით დაესაჯათ („ანუ ჩამოარჩონ ჩუენთა ჩენილთა, ანუ გაპატიჟონ“). როგორც ჩანს, თამარის დროინდელი სამეფოს სამაგალითო მშვიდობა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ლაშა გიორგის მემატიანე, საერთო კეთილდღეობასთან ერთად მპარავთმძებნელთა ინსტიტუტის მკაცრი და უკომპრომისო მოქმედებების შედეგიც იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა ბატონობის პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების როლის საყოველთაო დაქვეითება მპარავთმძებნელთა ინსტიტუტის მოშლაშიც (განსაკუთრებით მთის რეგიონებში) გამოხატულა, რის გამოც გიორგი ბრწყინვალის (1318-1346) „ძეგლისდებაში“ სპეციალური მუხლი შეუტანიათ მეკობრეობის მდევნელთა საშეღავათოდ. კერძოდ, თუ მეკობრე მის მდევნელს წინააღმდეგობის გაწევის გამო შემოაკვდებოდა, იგი (მდევნელი) თავისუფალი იქნებოდა მისი (მეკობრის) სისხლის საურავისაგან. XVI ს-ის ბოლო ათწლეულშია შედგენილი სვიმონ I-ის განწესება მპარავთმძებნელთადმი. დოკუმენტიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მპარავთმძებნელებს განსაზღვრული ჰქონდათ ოლქები, სადაც შეეძლოთ ჩაეტარებინათ სამძებრო ოპერაციები. მოცემული განწესების მიხედვით, სვიმონმა ორი მპარავთმძებნელი - გოშფარ ჯავახიშვილი და ყარაიგათ ლარასძე განაწესა „დიღმის ზემოთ ახალდაბის თავამდი“. განწესებაში მკაფიოდაა გამიჯნული დანაშაულთა კატეგორიები, რომელთა გასამართლების უფლება მპარავთმძებნელებს ადგილზე ენიჭებოდათ (ქურდობა, ჩხუბის დროს მიყენებული სხვადასხვა დაზიანება), იმ კატეგორიებისაგან, რომლებიც უსათუოდ სამეფო კარზე უნდა განხილულიყო (მკვლელობა, მძიმე კატეგორიის ქურდობა-ყაჩაღობა).

სამპარავთმძებნელო სამართალი ერთიანი მონარქიის დროს მპარავთმძებნელის გასამრჯელოს განსაზღვრავდა წილით დამნაშავის მიერ გადახდილი საკომპენსაციო საზღაოდან (ნაპარევის შვიდმაგი ოდენობა), სვიმონ I-ის განწესების მიხედვით კი, მპარავთმძებნელის ანაზღაურება შეადგენდა საკომპენსაციო საზღაოს ერთი წილს. მპარავთმძებნელობის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ მაღალი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები.



წყაროები და ლიტერატურა

  • ქისკ 1984: 69; ქისკ 2014: 57;
  • ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე 1955: 369;
  • დოლიძე 1963: 419;
  • ფუთურიძე 1955: 40
  • ჯავახიშვილი 1984: 228-229;
  • ქსე (9), 1985, 29.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები