მრწამსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრწამსი - ქრისტიანული მოძღვრების დოგმატების სახით წარმოჩენის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. „მრწამსს“ მეორენაირად „სარწმუნოების სიმბოლო“ ეწოდება. „სიმბოლო“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „ნიშანს“. ძველად იგი ეწოდებოდა სარწმუნოებრივ ფორმულებს, რითაც ქრისტიანი გამოხატავდა საკუთარ რელიგიურ კრედოს.

„მრწამსში“ ქრისტიანული რელიგიის არსი არეკლილი და წარმოჩენილია რეზიუმეს სახით. ესაა სარწმუნოების კონსპექტი, - ერთობ ლაკონიური და, ამასთანავე, ყოვლისმთქმელი. იგი ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამებაა. იგი ნათლისღებისა და ლიტურგიის დროსაც წარმოითქმის. IV ს-მდე, სანამ მრწამსის საბოლოო რედაქცია შემუშავდებოდა, მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. მათ შორის მოციქულთა სიმბოლო (შემორჩენილია და დღემდე იკითხება რომის კათოლიკურ ეკლესიაში). ქრისტიანთა შორის ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, ეკლესიის წინამძღვრებმა გადაწყვიტეს მრწამსის ერთი კანონიკური ტექსტი შეედგინათ. ეს მისია თავს იდო შვიდთაგან პირველმა ორმა - ნიკეისა (325) და კონსტანტინოპოლის (381) მსოფლიო საეკლესიო კრებებმა. აღნიშნულ ფორუმებს ფრიად განსწავლული მამები ხელმძღვანელობდნენ - ევსტათი ანტიოქიელი, ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსი, ათანასე ალექსანდრიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვანი. მათ დააკანონეს თორმეტმუხლიანი ანუ წევრიანი რეზიუმე - სიმბოლო, რომლის თითოეულ ასოს ოქროს ფასი აქვს და ითვლება საკაცობრიო აზროვნების, სულიერი და ინტელექტუალური შემეცნების მწვერვალად. იგი ნახევარ გვერდზე იტევს ბიბლიის უმთავრეს სათქმელს.

საეკლესიო ტრადიცია თითოეული წევრის პირველავტორად თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთს ასახელებს: პირველი მიეწერება პეტრეს, მეორე - იაკობ დიდს, მესამე - იოანეს, მეოთხე - ანდრიას, მეხუთე - ფილიპეს, მეექვსე - თომას, მეშვიდე - ბართლომეს, მერვე - მათეს, მეცხრე - იაკობ უმცროსს, მეათე - სვიმეონს, მეთერთმეტე - იუდას (ქრისტეს ხორციელ ძმას), მეთორმეტე - მატათას (იუდა ისკარიოტელის მაგიერ რომ აირჩიეს). ნიკეა კონსტანტინეპოლის კრებებმა, მორწმუნეთა შეხედულებით, მხოლოდ შეავსეს და დააზუსტეს მოციქულთა პირით ნამცნები დებულებები. ნებისმიერი თეოლოგიური მსჯელობა და თეორია გამომდინარეობს, ანდა - უნდა გამომდინარეობდეს, „მრწამსიდან“ მისივე განვრცობის, განმარტებისა და გაცხადების მიზნით.

სარწმუნოების სიმბოლო ანუ მრწამსი

  1. მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა;
  2. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა;
  3. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა;
  4. და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო და დაეფლა;
  5. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა;
  6. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა;
  7. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;
  8. და სულიწმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ;
  9. ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია;
  10. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა;
  11. მოველი აღდგომასა მკვდრეთით;
  12. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნისასა. ამინ.


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები