მურყვამ-ი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურყვამი

მურყვამ-ი (სვან.) - კოშკი. ქვის მრავალსართულიანი თავდასაცავი და სამეურნეო ნაგებობა. ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, რომ კოშკების მშენებლობა შრომატევადი იყო და 2-3 წელიწადს მაინც გრძელდებოდა. კოშკის ასაგებად საჭირო ყოფილა 9 საკირის გამოწვა. საშენ მასალად გამოიყენებოდა რიყისა და კლდის ქვა. რიგ შემთხვევაში ფიქალი, დუღაბად კირი და ქვიშა. სართულებისათვის ცალკე ამზადებდნენ საგანგებო ხსნარს, რომელიც ჩვეულებრივი დუღაბისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას უმატებდნენ რძეში შეზავებულ ჭვავის ფქვილს, რაც კედელს აქცევდა მტკიცედ და თეთრ-მოყვითალო ფერსაც აძლევდა.

მურყვამი

სვანური კოშკები მოცულობით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი საერთო სიმაღლე 25-35 მეტრია. კოშკები არის ოთხკუთხოვანი, კვადრატის ფორმისა (4X4; 5X5მ) და სიმეტრიულად მაღლა აზიდული. კოშკი უმეტესად 5-6 სართულს მოიცავს. გვხვდება 4-5-სართულიანიც. ამ უკანასკნელი რიგის კოშკებს პირველ სართულში აქვთ დილეგი („ლამტყვირ“), რომელსაც შესასვლელად პატარა კარი აქვს. მომდევნო თითოეულ სართულს, ერთიმეორეზე დადგმული ოთხკუთხა ოთახები აქვთ, თითოეულში ასასვლელად ჭდეებიანი კიბეა გამოყენებული. ბოლო სართული დამშვენებულია ქონგურებით, კუთხიდან კუთხემდე სამ-სამი და იშვიათად ორი პატარა სარკმლით. კოშკის რიგ სართულებზე დატოვებულია საისრე-სათოფური ხვრელები, რომლებიც გარედან ვიწროა და მაღალი, შიგნით კი ფართო. კოშკების სახურავი ორქანობიანია და ფიქალი ქვით ან ყავრით არის გადახურული.

კოშკებს, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი - საბრძოლო და საყარაულო (სადარაჯო) მნიშვნელობა ჰქონდა. სვანებს თავის დროზე კარგად შეეძლოთ კოშკიდან ისრის ტყორცნა და თოფით სროლა, კოშკის ზედა სართულიდან კი ქვის დაშენა. 1876 წელს, როდესაც რუსის ჯარს წინააღმდეგობა გაუწია სოფ. ხალდეს მცხოვრებლებმა, კოშკებს ზარბაზნები დაუშინეს. ბ. ნიჟარაძის (რომელიც ამ ამბების მოწმე იყო) გადმოცემით, ზარბაზნებმა ვერაფერი დააკლო მათ. ხოლო როდესაც ლაღუმი ჩაუდეს ოთხივე კედელში და ააფეთქეს, რამდენიმე მათგანი დაუნგრევლად, ძირიანად წამოიქცა მიწაზე.

კოშკის დამცველებს შეეძლოთ თვეობით გაეძლოთ მტრის ალყისთვის, რასაც ხელს უწყობდა კოშკებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბების და საცხოვრებელი სახლებიდან კოშკში შესასვლელი კარების არსებობა. კოშკების მე-2 და მე-3 სართულზე ჩაკირული ქვევრები და კიდობნები გამოიყენებოდა წყლისა და სურსათ-სანოვაგის შესანახად.

კოშკს ოჯახი საყოფაცხოვრებო თვალსაზრისითაც იყენებდა. იქ ზაფხულში ინახავდნენ პროდუქტებს და იძინებდნენ კიდეც.

მურყვამი

სვანეთში დღემდე დაცული 200-ზე მეტი კოშკისა და ნაკოშკარის უმეტესი ნაწილი XI-XII საუკუნეებშია აშენებული, ხოლო მათი მშენებლობის საწყისი ეტაპი კი VI-VII საუკუნეების ბიზანტიურ წერილობითი წყაროებით დასტურდება.

ფეოდალური ხანის ვრცელ პერიოდში სვანეთში ქვითკირით საცხოვრებელი სახლებისა და გამაგრებული ციხეების მშენებლობა მაღალ დონეზე მდგარა. კოშკის ადრინდელ საწყის ფორმად მიჩნეული ციხე-სახლი (კოშკიანი საცხოვრებელი სახლი) ბოლო დრომდე შემოინახა უშგულის ეთნოგრაფიულმა ყოფამ.



ლიტერატურა

მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები