მუსაევი ჰალილ-ბეგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსაიასული (მუსაევი) ჰალილ-ბეგ

მუსაიასული (მუსაევი) ჰალილ-ბეგ - (1897, სოფ. ჭოხი, გუნიბის რაიონი - 1948, ნიუ-იორკი) - დაღესტნელი (ხუნძი) მხატვარი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო თბილისში (1910-1913), სადაც დროდადრო ცხოვრობდა 1916-1921 წლებშიც. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა გერმანიაში. დაამთავრა სახვითი ხელოვნების ბავარიის სამეფო აკადემია (მიუნხენი), რომელსაც 1934 წლიდან ხელმძღვანელობდა. მეგობრობდა ქართველი საზოგადოებრიობის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი, რაჟდენ რუსიშვილი და სხვები. დახატა არაერთი ქართველი მოღვაწე, მათ შორის: კომპოზიტორი თამარ ნიკოლოზის ასული ვახვახიშვილი (1893-1937), ადვოკატი შალვა ივანეს ძე ქართველიშვილი (1890-1937) - ივანე მაჩაბლის ჯვარდაწერილი ქორწინების გარეშე გაჩენილი ვაჟი და მისი მეუღლე, პოეტი ელენე თევდორეს ასული ბაქრაძე (1897-1979), რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით „ელენე დარიანი“, თავადი ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი (1909-1977), რომელსაც ემიგრანტთა ნაწილი მიიჩნევდა საქართველოს სამეფო ტახტის პრეტენდენტად და სხვ. ამ ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

საბჭოთა რუსეთის მიერ მთიელთა რესპუბლიკის (და მათ შორის დაღესტნის) ოკუპაციისა და იძულებით გასაბჭოების შემდეგ შემოაღწია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელიც 1921 წლის დამდეგისათვის კავკასიაში ერთადერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა. თავის წიგნში „უკანასკნელ რაინდთა ქვეყანა“, რომელიც პირველად მიუნხენში გამოიცა (1936), ემოციურად აღწერს, თუ როგორი განცდებით გადმოლახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან 1921 წლის თებერვლის დასაწყისში. „დავიჩოქე, ავიღე საქართველოს მიწა და პეშვით მივიტანე ბაგესთან სიტყვებით: „გაუმარჯოს თავისუფლებას!“ - წერს იგი. იქვე ის სიყვარულით იგონებს ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს დედაქალაქს, სადაც თავის ქართველ მეგობრებთან დაუვიწყარი შეხვედრები ჰქონდა.

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოში შემოჭრის შემდეგ გადასახლდა დასავლეთ ევროპაში, სადაც ემიგრაციაშ მყოფ ქართველ მოღვაწეებთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა. დასავლეთში მოიპოვა დიდი აღიარება, როგორც მხატვარმა და დიზაინერმა. ცოლად ჰყავდა გერმანელი გენერლის ასული, არქიტექტურის პროფესორი, პოეტი, ბარონესა მელანი ოლივია იულია ფონ ნაგელი (1908-2006), რომელმაც სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ქმრის მხატვრული ნამუშევრების მასთან დაცული ნაწილი, პირად არქივთან ერთად, საჩუქრად გადასცა დაღესტანს. ამჟამად ეს ნამუშევრები დაცულია დაღესტნის ფ. ჰამზათოვის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია მეტროპოლიტენ-მუზეუმში (აშშ), ასევე ევროპის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • Halil-Beg, Das Land der Letzten Ritter, München, 1936;
  • Х. Мусаясул, Страна последних рыцарей, Махачкала, 1999;
  • ნ. ჯავახიშვილი, ჰალილ-ბეგ მუსაიასული და საქართველო, ჟურნალი „ისტორიანი“, თბ., 2012, № 1 (13).

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები