მუხრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუხრანი, მუხნარი - ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული, აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში. მასში შედიოდა ძირითადად მუხრანის ველი მიმდებარე მიწებითურთ.

სახელწოდება წარმოდგება „მუხიდან“. მუხრანის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობები უძველესი დროიდანვე ქმნიდა სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის განვითარების შესაძლებლობას. ძვ. წ III-II საუკუნეებში მუხრანი დიდი მცხეთის სასოფლო გარეუბანს წარმოადგენდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები. ანტიკურ ხანაში და განვითარებულ ფეოდალურ ხანაში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი – საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში.

II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. ვახტანგ გორგასალის ეპოქაში მუხრანი ბაზალეთთან ერთად წილკნის საეპისკოპოსოს ბირთვად იქცა. ოსეთში ლაშქრობის წინ გორგასალი თავისი ლაშქრით მუხრანში დაბანაკდა.

VIII-IX საუუნეებში მუხრანი კახთა მთავრების – ქორეპისკოპოსთა უფლებაში გადავიდა, რომლებმაც იგი თავის ვასალებს – ძაგანისძეებს უწყალობეს სამოხელეოდ. ძაგანისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები თავს „ზედაზნის ერისთავთ-ერისთავებსა და მუხრანის მფლობელებს“ უწოდებდნენ. X საუკუნეში ლეონ აფხაზთა მეფემ (957-67 წწ.) კახეთისათვის წარმოებული ბრძოლების დროს მოახერხა მუხრანის ხელში ჩაგდება, მაგრამ კახეთის ხელისუფლებმა იგი კვლავ დაიბრუნეს. 1223 წელს დავით აღმაშენებელმა ძაგანისძეებს ზედაზნის ციხესთან ერთად მუხრანის ქვეყანაც წაართვა და მის სამართავად საკუთარი მოხელე – „გამგე მუხრანისა“ დაადგინა. მუხრანი სამეფო დომენად იქცა, რომლის ყმა-მამულის ნაწილი შიომღვიმისა და სვეტიცხოვლის მონასტრებს ებოძათ.

XI-XII საუკუნეეში მუხრანი ეკონომიურად მეტად დაწინაურდა. განახლდა ძველი და აშენდა ახალი სარწყავი სისტემები და წყალსადენები, დაწინაურდა სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი. გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. მონღოლთა, თემურლენგისა და სხვა დამპყრობთა შემოსევებმა დააზარალეს და მოშალეს მუხრანის მეურნეობა.

XVI აუკუნეში მუხრანი ქართლის სამეფო სახლის კუთვნილებაა. 1512 წ. ქართლის მეფის დავითის უმცროსმა ძმამ ბაგრატმა მუხრანის საუფლისწულოდ გადაცემა და შიდა ქართლის სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავ-გიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითმა მისცა ძმას საუფლისწულოდ მუხრან და შიდა ქართლის სადროშოს სარდლად დანიშნა. ასე შეიქმნა სამეფო მამულებისაგან სათავადო სამუხრანბატონო ანუ სამუხრანო.

XVI-XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბაგრატის შემდეგ სამუხრანბატონოს მისი შთამომავლები (აშოთანი, ვახტანგი, თეიმურაზი, ქაიხოსრო) განაგებდნენ. 1658 წ. მუხრანბატონმა ვახტანგ თეიმურაზის ძემ ქართლის მეფობაც მიიღო და ვახტანგ V-ის (შაჰ–ნავაზის) სახელით განაგებდა ქვეყანას.

მუხრანის სათავადოს ცენტრი იყო ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელი მუხრანი, რომელსაც XVIII აუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს შექმნის შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები – ბაგრატ მუხრანბატონი (XVI ს.), კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე ბარბარე (XVIII ს.), გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი (XVIII-XIX სს.) და სხვ.

ქართლის მეფე სიმონ I იბრძოდა აღავლეთმოს საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. თბილისის გარნიზონის დასახმარებლად წამოსული ოსმალთა 20-ათასიანი ლაშქარი მუხრანის ველზე დაბანაკდა. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს, სასტიკად დაამარცხა იგი და დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ. ბრძოლა მოხდა 1582 წლის აგვისტოს ბოლოს.

ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტო ქართლის ტახტს განაგებღა 1724 წლამდე. ამ შტომ მრავალი სახელმწ მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი (გიორგი XI, ვახტანგ VI; ვახუშტი და სხვ.) მოგვცა. XVIII საუკუნის II ნახევარში მუხრანბატონები მხარში ედგნენ ერეკლე II-ს და თავდადებით იბრძოდნენ ლეკებისა და სხვა გარეშე მტრების წინააღმდეგ. XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსულმა მმართველობამ გააუქმა სამუხრანბატონო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები