მუხუდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუხუდო – Cicer arietinum L.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

მუხუდო - (Cicer arietinum L.). პარკოსანთა ოჯახის მცენარე. ძველი ქართული სახელწოდება – „ერევინდი“, „ბარდა-ცერცვი“; მეგრულად-იმერულად, გურულად – „მუხუდო“, კახურად – „სისირი“; ქიზიყურად – „ციცირი“ (მაყაშვილი, ერისთავი, 1884; ორბელიანი, 1949).

მუხუდო პირველად იხსენიება „დაბადების“ ქართულ თარგმანში (V ს.). აგრეთვე, ხოჯაყოფილის „კარაბადინის“ ქართულ თარგმანში (ფანასკერტელი, 1950), ქანანელის „წიგნი სააქიმოიში“ (1940) და სხვ.

მუხუდო ძველ საქართველოში ითესებოდა როგორც სამარხვო საჭმელთაგანი. მუხუდო, როგორც სამარხვო საჭმელი, მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში” (ვაჩეიშვილი, 2005). XV ს.-ში მუხუდოს მოყვანა აღნიშნულია ახალციხეში, ხერთვისში, უდეში, აწყურსა და მზვარეში (სვანიძე, 1984).

ვახუშტი ბატონიშვილი (1941) საქართველოში მის დროს გავრცელებულ პარკოსან-მარცვლეულ კულტურათა სიის თავში სწორედ მუხუდოს ასახელებს. XX ს.-ის 20-იანი წლების მონაცემებით, ერწოს ველზე, რომელიც მუხუდოს კულტურის გავრცელების უმაღლეს ზონადაა მიჩნეული, 3200 ფუტის სიმაღლეზე აღწერილია Cicer arietinum var. album Alef. (Декапрелевич, 1926).

ივ. ჯავახიშვილის მონაცემებით, „...მუხუდოს თესავენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მაგრამ მისი ნათესების არე მაინც ამერეთში სჭარბობს“ (ჯავახიშვილი, 1986).

მუხუდო მოხსენიებულია რუსი დესპანის ნ. ტოლოჩანოვის (1660-1662 წწ.) იმერეთის აღწერაში „ქართული ხანდურის“ სახელწოდებით (ჯავახიშვილი, 1986); ხოლო რუსეთის ელჩის ა. იევლიევის საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც XVII ს.-ის შუა წლების იმერეთის სამეფოს აღწერილობას შეიცავს, პარკოსანი კულტურებიდან აღნიშნულია მუხუდო-ოქროს ცერცვი (მაისაია, 2013).

ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) მოგზაურობის აღწერაში მუხუდოს ნათესები მითითებულია რაჭაში, სოფ. უწერაში (გიულდენშტედტი, 1962).

მუხუდოს ნათესი
ახალციხე, სოფ. წნისი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

XIX ს.-ის პირველ ნახევარში მუხუდო ითესებოდა ლეჩხუმში, აგრეთვე სამეგრელოსა და სვანეთში (მეუნარგია, 1939; გელოვანი, 2003).

ლ. დეკაპრელევიჩი და ვლ. მენაბდე (1929) აღნიშნავენ, რომ რაჭაში მუხუდო გავრცელებულია 800-850 მ ზღ. დ.-დან და სამარცვლე-პარკოსან კულტურებს შორის მეორე ადგილზეა (Декапрелевич, Менабде, 1929).

XX ს.-ის 20-90-იანი წლების მონაცემებით, მუხუდო საქართველოს ტერიტორიაზე მოჰყავდათ სვანეთში, ზემო იმერეთში, რაჭაში, ჯავახეთში, მესხეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში (მაისაია, 2013).

ძველად საქართველოში გავრცელებული ყოფილა მუხუდოს სამი ჯიში: „გოგრა მუხუდო“, „თეთრი მუხუდო“ და „წითელი მუხუდო“ (ერისთავი, 1884). მარცვლის სიმსხოს მიხედვით მუხუდოს ყოფდნენ მსხვილ მარცვლიან და წვრილმარცვლიან ჯგუფებად.

მუხუდო ერთწლოვანი პარკოსანი მცენარეა, გვალვაგამძლეა. ითესება ადრე გაზაფხულზე. ეგუება თითქმის ყოველგვარ ნიადაგს. თესლბრუნვაში კარგი წინამორბედია პურეულისათვის, რადგან ნიადაგს აზოტით ამდიდრებს

მუხუდოს მარცვალი მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით (ტრიპტოფანი, ლიზინი, ცისტინი და სხვ.). ცილების რაოდენობა ჯიშების მიხედვით მერყეობს 12,6%-დან 31,2%-მდე; ცხიმებისა - 4,1%-დან 7,2%- მდე; უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებისა – 47%-დან 60%-მდე; მუხუდოს მარცვალი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს (ვაჩეიშვილი, 2005; ჩაჩავა, 2009).

სასურსათოდ გამოიყენება მუხუდოს თეთრმარცვლიანი ჯიშები. მუხუდოს იყენებდნენ მოხარშულს. მას შეკაზმავენ ძმრით, ნივრითა და წიწაკით. ზოგჯერ მუხუდო ქელეხში ბრინჯის მაგივრობას სწევდა. მოხარშული თეთრი მუხუდო შეზავდება ხახვით, პილპილით, დაფნით, ქინძითა და ზაფრანით, დაემატება კარტოფილი და ბრინჯი. მუხუდოსაგან მზადდება მუკაშარი, სისირი: დაღერღილი წითელი მუხუდო მოიხარშება და შეზავდება დანაყული ნიგვზით, ხახვით, მარილითა და ქინძით. მოხარშული თეთრი მუხუდო მოიხრაკება ზეთში, დაემატება წვრილად დაჭრილი ხახვი, შეზავდება მარილით (ძველი ქართული კერძები, 2006) იცოდნენ აგრეთვე მუხუდოს და ცერცვის მოხალვა. მოხალული ცერცვისა და მუხუდოსაგან აკეთებდნენ ფაფას სამარხვოდ ან პურის გულებად - „ნაჩდუნად“ ხმარობდნენ (ჩართოლანი, 1961).

სამეგრელოში (მარტვილის რაიონი) მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით, ძველად დილის საუზმისათვის ქვის კეცებში აცხობდნენ მუხუდოს ფქვილის მჭადს. „ზოგჯერ მუხუდოს მარცვალს მოხალავდნენ ქვის კეცზე, დაფქვავდნენ ხელის საფქვავით, მოზილავდნენ ნელთბილ წყალში, შეურევდნენ ახლად ამოყვანილ ჭყლინტ ყველს და გამოაცხობდნენ ქვის კეცებზე“ (მარტვილის რ-ნი, სოფ. ლეფოჩხვე, მთხრ. ტ. ფოჩხუა, 2000 წ.).

აფხაზეთში მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით, „...თეთრ მუხუდოს გაარჩევდნენ კარგად, როგორც სიმინდს, ისე დაფქვავდნენ წისქვილში და მოზილავდნენ. გაუკეთებდნენ „საფარს“ (პურის საფუარს), ცოტა მარილს. გამოაცხობდნენ ქვის კეცით. ქვის კეცს გაახურებდნენ, ზედ დაკრავდნენ მუხუდოს ცომს და ზემოდან დახურავდნენ „თანაქას“ (თუნუქი), რომელზედაც „დაყრილი იყო ნაკვერჩხალი“ (გალის რ-ნი, სოფ. სიდა, მთხრ. თ. შამუგია, 2014 წ).

მუხუდოს მარცვალს იყენებდნენ, აგრეთვე, როგორც სამკურნალო საშუალებას. მისი ნახარში ფაღარათის დროს ითვლებოდა ნაწლავების ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებად. მუხუდოს ნახარშის მიღება დადებითად მოქმედებს შარდის შეკავების დროს, ამცირებს ტკივილს შარდის გამოყოფისას. მოხარშულ მუხუდოსა და ჭარხლის თესლს აძლევდნენ ერთად თავისა და ტანის ქავილის დროს.

ენდროსთან ერთად დანაყილი მუხუდოსა და ქერის ფქვილი გამოიყენებოდა მალამოების დასამზადებლად კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ (წუწუნავა, 1960; ვაჩეიშვილი, 2005; მაისაია, 2013)

ამჟამად საქართველოს მთელ რიგ რეგიონში ძირითადად მოჰყავთ სოია, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობაში „მუხუდოს“ სახელწოდებითაა ცნობილი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები