მუჰამედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Muhamedi.jpg

მუჰამედი - (მუჰამადი, სრულად: აბუ ალ-ქასიმ მუხამად იბნ' აბდ ალლაჰ იბნ' აბდ ალ-მუთალიბ იბნ ჰაშიმ, დაბ. 770, მექა, 8 ივლისი 632 მედინა), ისლამის დამაარსებელი, ალაჰის მოციქული, წინასწარმეტყველი.

მუჰამადი 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ღარიბი ვაჭრის აბდალაჰის ოჯახში დაიბადა; თვე და რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეტი ალბათობით ეს 570 წლის 20 აპრილს მოხდა. მუჰამედის დაბადება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც იემენის ეთიოპიელმა გამგებელმა აბრაჰამმა მექაზე წარუმატებლად ილაშქრა. ამ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოც მონაწილეობდა, რომელმაც დამხვდურებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ წელიწადს „სპილოს წელიწადი“ უწოდეს. მუსლიმები ამბობენ, მუჰამედი „სპილოს წელიწადს“ იშვა და არაბებს გამარჯვება მისმა დაბადებამ მოუტანაო.

მუჰამედი ადრე დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ აბუ ტალიბმა იკისრა; მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი). არსებობს გადმოცემა: იგი იმდენად კეთილშობილი ბავშვი ყოფილა, რომ მას „ალამანი“, ანუ „სანდო“ შეარქვეს.

დაახ. 595 წელს მუჰამედმა მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. ხადიჯა ვაჭრის შვილი იყო და, ორი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, თავადაც ვაჭრობას მიჰყო ხელი. მუჰამადი, როდესაც დაქორწინდა, ოცდახუთი წლის იყო; შეეძინა შვილები, მაგრამ ვაჟები ჩვილობის ასაკში დაიხოცნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა.

მექა და მისი შემოგარენი დიდ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. უფრო მეტად იქ იმ აღმსარებლობის ქრისტიანები იყვნენ, რომლებსაც ბიზანტიაში ერეტიკოსებად (მწვალებლებად) იცნობდნენ და რომლებსაც ხელისუფლება სამშობლოდან აძევებდა. მექაში ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა. იქ, როგორც იტყვიან, რელიგიური პლურალიზმი (მრავალფეროვნება) სუფევდა. მექაში ყურადღებას, პირველ რიგში, ტაძარი ქააბა იპყრობდა. იქ ესვენა შავი ქვა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ალაჰმა (ღმერთმა) ადამს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ წყალობის ნიშნად გარდამოუვლინა. ადამის შვილმა შისმა (სეთიმ) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბ. „კუბი“) ააგო. წარღვნის დროს ეს ტაძარი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ კი დაინგრა და „ალაჰის მეგობრებმა“ - იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა განაახლეს. ამის შემდეგ დიდი პილიგრიმობა დაიწყო - სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები მექაში ქააბას მოსალოცად ჩადიოდნე.

მუჰამადი ქააბას მომლოცველთა გვერდით იდგა, მაგრამ მას ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესია-მონასტრებშიც ნახავდით. იგი ხშირად უდაბნოში ბერ-მონაზვნების მსგავსად განმარტოვდებოდა და გონებას ზეცად აღაპყრობდა. 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამადი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გაბრიელი (არაბ. ჯიბაილი) გამოეცხადა და სულის მარგებელი სიბრძნე აუწყა. პირველ გამოცხადებას მეორე მოყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი ღვთის ნებას დაჰყვა და ამიერიდან იგი ერთი ღმერთის - ალაჰის - მოციქული გახდა.

მუჰამადის ქადაგებები თავდაპირველად მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა, ირწმუნეს. მალე ხადიჯა გარდაიცვალა და მუჰამადმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი ერთ-ერთი პირველი თანამორწმუნისა და თანამებრძოლის აბუ ბაქრის ქალიშვილი იყო, - 9 წლის აიშა.

წარმართებმა მუჰამადის მოკვლა განიზრახეს. ამიტომ მან 622 წლის 24 სექტემბერს მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას, არაბულად, - ჰიჯრას, მუსლიმთა ანუ ალაჰის მორჩილთა პირველი დიდი თემის ჩამოყალიბება მოჰყვა; აიგო მეჩეთი და ღვთისმსახურების ახალი წესი დაფუძნდა. ამ ფაქტს - ჰიჯრას - მუსლიმები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ წელთაღრიცხვას იქიდან, 622 წლის 24 სექტემბრიდან, იწყებენ.

ახალ რჯულზე თითქმის მთელი ქალაქი მოექცა, რის გამოც მას, იასრიბს, მედინა (მადინა) ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“ ეწოდა.

630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ, მუჰაჯირები (ლტოლვილები) მუჰამადის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ, ბრძოლით აიღეს ქალაქი და იქ ზარ-ზეიმით შევიდნენ. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამადი იერუსალიმსაც ეწვია და წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი მუსლიმთა წმინდა ქალაქებია.

მუჰამადი 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, მექაში გარდაიცვალა. იქ იგი პილიგრიმად (მომლოცველად) შევიდა, რის გამოც ამ პილიგრიმობას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს.

ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, რომლის რელიგიური და პოლიტიკური სადავეები ერთი და იმავე პიროვნების ხელში აღმოჩნდა. პირველი ისლამური სახელმწიფოს მმართველისა და მთავარსარდლის მისია ისლამის ფუძემდებელმა მუჰამადმა იკისრა. მისი საქმე მისმა ხალიფებმა, ე.ი. მოადგილეებმა, გააგრძელეს. ესენია: აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი, რომლებმაც მუჰამადის ოცნებას - არაბი ტომების ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებას - ხორცი შეასხეს. მეტიც: მათ არაბეთის საზღვრები გააფართოეს და VII-VIII სს-ის მიჯნაზე დიდი ისლამური იმპერია შექმნეს.

წყარო

ნუგზარ პაპუაშვილი ჟურნ. სოლიდარობა №11–12(20–21),2007

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები