ათანასე (ბაქრაძე ალექსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მღვდელი ალექსი ბაქრაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სქემმღვდელ-მონაზონი ათანასე (ბაქრაძე)

ათანასე (ბაქრაძე ალექსი) - (24.07.1835 — 23.01.1908, ათონის მთა), სასულიერო მოღვაწე, კალიგრაფი, სქემმღვდელ-მონაზონი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1835 წელს რაჭაში, საეკლესიო აზნაურის, იოსებ ბაქრაძის, მართლმორწმუნე ოჯახში. ღვთისმოშიშმა მშობლებმა პატარა ათანასე აღსაზრდელად ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა დედამისის ბიძა, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული, იღუმენი მაკარი (იაშვილი). მოგვიანებით, 1852 წელს, თავის გადაწერილ „ასკეტიკურ კრებულზე“ ათანასე აკეთებს ასეთ მინაწერს: „მებრძანა მე, იოსებ ბაქრაძის შვილს, ალექსის, ჩემის დედის ბიძის, იაშვილის, ვანის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის, იღუმენის მაკარისაგან წიგნისა ამის გადაწერად. ვიყავ ათექვსმეტისა წლისა და არა სადა მესწავლა ხუცური წერა და არა იცოდა ოსტატმა ჩემმა. წიგნისა ამის სურვილითა დავჯექ, დავიდევ დედანი და გადავიღე ასო ხელთ-ქართული ანბანი. შემდგომად კაკალა ანბანი დავსხი და ვიგულსმოდგინე და გავსწერე წიგნი ესე სულთგანმანათლებელი, სახელწოდებული მარგალიტი, ფუტკარი, კლემაქსი და ლავსაიკონსაცა უწოდდენ. ვითხოვ მხილველთა, უკეთუ რაიმე ცთომა ნახოთ, ნუ მწყევთ, არამედ ლოცვით მომიხსენებდეთ, რათა თქუენცა მოგეტევნეს ცთომანი თქვენნი. განსრულდა ძალითა ღვთისათა იანვრის კგ, ჩყნბ წელსა“.

1860წ. 25 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) ათანასე დიაკვნად აკურთხა და სვანეთში, ფარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში განამწესა. ათანასე ცნობილი იყო, როგორც იშვიათი კალიგრაფი და საეკლესიო წიგნებისა და ხელნაწერების შემგროვებელი. 1862 წელს, დიაკვნობის პერიოდში, მან გადაწერა პეტრე კაპიტანოვის „მოკლე კარაბადინი“, რაზედაც თავად აქვს ცნობა მინაწერში: „1862 წელსა ნოემბრის თვეში, ამისი ნამდვილი გადმოვსწერე შავად მთავარდიაკონმან ალექსი ბაქრაძემ სავანის ბლაღოჩინის მ. იოანე აბაშიძის კანცელარიაში. ხოლო თეთრად გარდავსწერე 1875 წელსა ნოემბრის 27 დღესა სოფელ კალის-იფრალის წმიდის მიხაილ მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში მღვდელმა ალექსი ბაქრაძემ“.

1863 წ. 4 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) ა. მღვდლად აკურთხა და ლენჯერის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. იმავე წლის 16 აგვისტოს მან გადაწერა „სვინაქსარი“: „ეს სვინაქსარი (შენიშვნების გარდა) გადმოწერილ არს სხვავის წმიდის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის გულანიდამ ნებართვით მისივე მონასტრის წინამძღვრის მაკარისათა ჟამსა სიჭაბუკისა ჩემისასა. მღვდელი ალექსი ბაქრაძე“.

არსებობს ცნობები, რომ ათანასე კალიგრაფობასთან ერთად მეტად დაოსტატებული მხატვარიც ყოფილა. 1868 წ. 10 მარტს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ ხატწერის სრულყოფილად შესასწავლად და ცოდნის გასაღრმავებლად იგი თბილისში მიავლინა. შემდგომში, როდესაც ის სოფელ სევის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, მან მოხატა თავისი საწინამძღვრო ტაძარი. აღნიშნულ ეკლესიაში ეს მხატვრობა 1960 წლამდე იყო შემორჩენილი.

1870 წ. 18 მარტს ათანასე საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წელს კალის წმ. დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიაში გადაიყვანეს. იმავე წლის 16 ნოემბერს ათანასე სვანეთის ეკლესიებისა და იქ არსებული საეკლესიო ქონების შემსწავლელი და აღმრიცხველი კომისიის წევრად დაინიშნა. მან ორ რვეულში აღწერა კომისიის მუშაობა და შემდგომში წმ. ექვთიმე ღვთისკაცს (თაყაიშვილი) გადასცა საჩუქრად. ერთ რვეულს აქვს ასეთი სათაური: „1874 წლის მაისის 29 დღესა კომისია დანიშნული სვანეთის ეკლესიებთა ქონების ცნობაში მოყვანისათვის შეუდგა უშკულის სამრევლოს შინა გამოკვლევასა მოძრავთა კუთვნილებათა მისთა და აღმოჩნდა შემდგომი“. უშგულის თემის სულ ორი ხატია აღწერილი. პირველის შესახებ წერია: „უშკულის მაცხოვრის ძველს ეკლესიაში არის ხატი წმიდის გიორგისა, სიმაღლით 4 ვერშაკი, განით 3 ვერშაკი, ვერცხლის მოჭედილი უკანით და მოოქროვილი, რომელსაც აწერია შემდეგი: „წმიდაო გიორგი ზღუდისაო, მეოხ და მფარველ ექმენ აბესალომ ყიფიანს, და ძეთა მისთა, ამინ...“. ეს კომისია რომ ცუდად მუშაობდა და ბევრი რამ გამოუკვლეველი და შეუსწავლელი დარჩა, ჩანს წმ. ექვთიმე ღვთისკაცის ჩანაწერიდან, რომელიც გაოგნებულია მათი კვლევის შედეგებით: „აღსანიშნავია საოცარი სიმცირე დასახელებული ნივთებისა. ვინ იყვნენ კომისიაში, ნაჩვენები არ არის, მაგრამ ამ კომისიაში ბერი ბაქრაძეც რომ უნდა ყოფილიყოს, ეს იქიდან ჩანს, რომ მისი ხელით გადმოღებულია ბერძნული წარწერა კალას სანაწილესი და ლატალის ჯვარისა. გარდა ბაქრაძე ბერისა, სვანეთის მღვდლებმა ბერძნული არ იცოდნენ. მნიშვნელობა ამ რვეულისა იმაშია, რომ მათში ნაჩვენებია ნივთი, რომელიც ჩვენს დრომდე არ შემონახულა“.

1882 წლის 25 აგვისტოს ათანასეს სკუფია უბოძეს. 1883 წელს 20 თებერვალს რაჭაში, სოფელ ლაჩთის წმ. გიორგის ეკლესიაში, განამწესეს. ამ წელს მან გადაწერა იოანე ბატონიშვილის „კარაბადინი“. 1885 წ. 13 ოქტომბერს ათანასე სოფელ სევის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წლის 6 ივნისს მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას პენსიაზე გასვლა სთხოვა, რაც დაკმაყოფილებულ იქნა. იმავე წლის მიწურულს ათანასემ საეკლესიო მმართველობისაგან მიიღო შესაბამისი კურთხევა, რათა თავისი დარჩენილი წლები ათონის წმ. მთაზე, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში, გაეტარებინა. წასვლის წინ თავისი ხელნაწერებისა და საეკლ. წიგნების ერთი ნაწილი ისტორიკოსსა და პედაგოგს, ტრიფონ ჯაფარიძეს გადასცა, რ-მაც მათ ქუთ. მუზეუმში მიუჩინა ადგილი.

1899 წლის 17 აგვისტოს ათანასე უკვე ათონზეა, საიდანაც მეგობარს — იოანე ჭიჭინაძეს - სწერს: „მოგახსენებ, რომ ღმერთმან ყოველთა უცოდვილესი და უნარჩეველესი გამხადა ღირსი თაყვანისცემად განმაცხოველებელთა წმიდათა ადგილთა, რომელსაც ჩემი გვარის კაცი არავინ ღირსებია. იერუსალიმიდან „პალომნიკი“ მაღალკურთხევა, დეკანოზი პეტრე კონჩუევი (იგულისხმება პეტრე კონჭოშვილი) დიდი განათლებული და გამოცდილი, რომელსაც ტოლი არ ყავს ტფილისში, მოვიდა ჩვენ ქართველთა სავანეში და მწუხარებით განმიცხადა, ქართულლი ბიბლიოთეკა არ მაჩვენეს ბერძნებმაო და მასთან ჩვენი ჯვარის მონასტერი შიგნი სულ თეთრი გაჯით შეულესავთ და ქართველი პამიატნიკები სულ დაუფარავთო, ლამის სულ აღმოფხვრან ბერძნებმა ქართველთ სახსენებელიო...... და მეც შევჩივლე ყოველივე გარემოება ვრცლად, ვითარცა ორთ კაცთ თავგატეხილთა... მადლობა ღმერთსა!“

ათანასეს მიწერ-მოწერა და ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ ფილოლოგსა და ისტორიკოსთან, ალექსანდრე ხახანაშვილთან. 1902 წლის ივნისში ალექსანდრე ესტუმრა ათონის მთას, რამაც ძალიან გაახარა იქ მოღვაწე ქართველი მამები. განსაკუთრებით გაიხარა ათანასემ, რომელმაც თავისი ხელნაწერები მიართვა მას და მათი დაბეჭდვა სთხოვა. ალექსანდრემ შეისწავლა ათანასეს გადაღებული ხელნაწერები და შემდგომში სანკტ-პეტერბურგში დაბრუნებულმა არაერთი ტექსტი გამოაქვეყნა. ა. ხახანაშვილი მხოლოდ სამი კვირით იყო ჩასული ათონზე. ათანასე ცდილობდა, სხვა ახალი ხელნაწერებიც გაემზადებინა მისთვის, ამის გამო სამი კვირის განმავლობაში დღე და ღამე გაასწორა მუშაობაში. შემდგომში იგი წერდა: „პროფესორ ალექსანდრეს წიგნაკების წერა კიდეც შემასრულებია ღმერთმა სამ კვირეს მოუსვენებლად დღე და ღამე. წაბრძანდა პროფესორი, გამოგვეთხოვა და მესამე დღეს უძილობისა და დაღალულებისა გამო დავეცი ავათმყოფობით და დღესაცა ძლივს შევძელი კალმის აღება“.

ათანასეს ახლო სულიერი მეგობრობა აკავშირებდა საქართველოში მოღვაწე ასკეტ და ღირს მამასთან, წმ. ალექსი შუშანიასთან. ცნობილია ათანასეს ათონზე გადაწერილი არაერთი საინტერესო თხზულება, მათ შორის აღსანიშნავია: „თეოდორე სალოსის ცხოვრება“, „უწყება და თხრობა აღშენებისათვის აია სოფიას ტაძრისა“, დიონისე არეოპაგელის „ეპისტოლე ტიმოთე მოციქულისადმი“, იოსებ არიმათიელის „უწყება აღდგომისათვის უფლისა ჩვენი იესო ქრისტესა და აღშენებისათვის ეკლესიისა“, კასიანე რომაელის „რვათა მათ ბოროტთა გულისსიტყვათათვის“, „ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა მელანია რომაელისა“ და სხვ.

ათანასე უკანასკნელად იხსენიება 1907 წლის მიწურულს, როდესაც პახუმ ჯაფარიძე (შემდგომში — წილკნელი ეპისკოპოსი პავლე) ჩადის ათონის წმ. მთაზე და იქიდან წერილს უგზავნის თავის მშობლებს: „ათონის დანახვამ შორიდანვე აღტაცებაში მომიყვანა, ისეთი მშვენიერი სანახავია. აქაური ადგილმდებარეობა საუცხოვოა, გარშემო ზეთის ხილის ტყე, ვენახებია. აქაური ბერები ანგელოზებრივ ცხოვრებას ატარებენ, მყუდროება, სიმდაბლე, ერთმანეთის უწყინარობა, ბევრი ლაპარაკი აკრძალულია. მხოლოდ სულიერ საუბრებს ჩამოუგდებენ ერთმანეთს. ქართველებს რუსები და ბერძნები ათონის გვირგვინს უწოდებენ. დამხვდა ათონში ჩვენი ნათესავი, მოხუცი მწერალი ალექსი ბაქრაძე, რომელიც თარგმნის ბერძნულიდან, ფრანგულიდან და სხვა ენებიც იცის. ჩამოსვლა ჩემი ძალიან გაეხარდა, გულში ჩამიკრა, ერთი საათი სულ ტიროდა. ოცდაათი წელია, რაც ათონში ყოფილა (აქ მეუფე პავლე წლებს შეცდომით ასახელებს). მას კარგი ბიბლიოთეკა აქვს“.

ათანასე გარდაიცვალა 1908 წლის 23 იანვარს ათონზე. ათანასეს ღვაწლს დიდად აფასებდნენ ქართველი მეცნიერები, მათ შორის – წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (ე. თაყაიშვილი), რომელიც ათანასეს გარდაცვალების შემდეგ წერდა: „ბერი ალექსი ბაქრაძე შესანიშნავი სათნოიანი პიროვნება იყო, უზომო თავმდაბალი, კეთილი, ღვთისნიერი, წყნარი, უაღრესად მორწმუნე და მუშაკი... ღრმად მოხუცებული ის დადიოდა ჩემთან ტფილისში და მოქონდა წიგნები, მის მიერ გადაღებული წარწერები (მაგალითად, მომიტანა დადიშკელიანის კოლოფის არაბული წარწერები და სურათები). შემდეგ ათონის მთაზე წავიდა და იქიდან მიგზავნიდა მის მიერ გადმოწერილ სტატიებს ივერიის მონასტრის ძველი ხელნაწერებიდან. ესენი ეხლა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაშია. ეს ღირსეული ადამიანი იქ, ათონის მთაზე გარდაიცვალა“.

გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • „კვალი“, 1895, #44; სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე #42054.
  • თორია ზ., ბერი ალექსი ბაქრაძე, „მნათობი“, 1998, #78; „ჯვარი ვაზისა,“ 1988, #3.

იხილე აგრეთვე

ალექსი ბაქრაძე (ალექსი ბერი)


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები