მშვილდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მშვილდი

მშვილდი - საბრძოლო და სანადირო იარაღი, ისრის სასროლი. საქართველოში უხსოვარი დროიდან იცნობდნენ მშვილდ-ისარს, ხოლო ადრებრინჯაოს ხანაში, ხმარებაში ყოფილა როგორც დიდი (ადამიანის სიმაღლე), ასევე პატარა ზომის მარტივი და შედგენილი მშვილდები. ამ პერიოდიდან მოყოლებული XV–XVI სს-მდე, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ფართო ხასიათს მიიღებდა, მშვილდ-ისარი წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ არბალეტთან ერთად. თუმცა თოფის გამოგონების შემდეგაც მშვილდი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას. ეს იარაღი მეომრებს საშუალებას აძლევდა ბრძოლა ეწარმოებინათ 150-200 მეტრამდე რადიუსში, თუმცა რეალურად ეფექტური დისტანცია 50-100 მეტრი იყო.

შუა საუკუნეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. თურქული, მონღოლური, ინგლისური და სხვა სახეობების მშვილდები. ყველაზე შორსმსროლელს თურქული შედგენილი მშვილდები წარმოადგენდა, რომელთა სარეკორდო მაჩვენებლებიც 500-800 მეტრზე ადიოდა, მაგრამ ეს ამ იარაღის „სპორტული“ მაჩვენებელია და არა საბრძოლო. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული თურქული და მონღოლური მშვილდები, თუმცა ადგილობრივადაც მზადდებოდა.

ქართული მშვილდები, მათი დამზადების მასალის მიხედვით ორი ძირითადი სახისაა: მარტივი (ხის) და შედგენილი (ხე, რქა, ძვალი, ლითონი). მშვილდი კეთდებოდა ადამიანის გაშლილი მკლავების სიგრძე, მარტივი მშვილდი შედგება ხის ტოტის და მის ორივე ბოლოზე მიმაგრებული დაწნული თოკისაგან, რომელსაც ხევსურეთში „საბამი“ ეწოდებოდა. საბამი ჩვეულებრივ რქოსანი საქონლის ტყავისაგან ან ნაწლავებისაგან მზადდებოდა, გამოიყენებდნენ მცენარეულ ბოჭკოსაც, უკანასკნელ ხანს ამ მიზნით დაწნულ კანაფსაც ხმარობდნენ.

მშვილდი უფრო ხშირად შოთხვის, თხილის, იფნისა და დგნალისაგან მზადდებოდა. სამშვილდეს ერთი კვირა გამოაშრობდნენ, შემდეგ გამოსაყვანად დებდნენ ნაკელში ან ცხენის მჩორეში ერთი-ორი კვირით. ზოგი მას ალუდის (ლუდის) სახარშ ქვაბში ხარშავდა, ზოგიც არყის ბუყში (ბუყი - არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალი). გამოხარშვის შემდეგ გააცლიდნენ ქერქს და შუაში „სახელურას“ დაუტოვებდნენ. შემდეგ გოზანებს (გოზა - სახელურასა და კილონს შორის ადგილი) გვერდებს ჩაუთლიდნენ ელასტიკურობისთვის და ბოლოში გაუკეთებდნენ სამკუთხა ფორმის ჭდეებს, რომელსაც „კილონი“ ეწოდებოდა. კილონი საბამის დაჭიმვას ემსახურება. საბამი მშვილდის ერთ ბოლოში მკვიდრადაა დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი აქვს გამონასკვული, რომლის საშუალებითაც ხდება მშვილდის „ჩამოყრა“ ან დაჭიმვა.

მარტივი მშვილდის კატეგორიაში ერთიანდება ერთი მერქნისაგან დამზადებული მშვილდები, რომელთაც გაიარეს ან არ გაუვლიათ მუშა მდგომარეობაში მოყვანამდე სხვადასხვა დამუშავება (ნაკელში, მჩორეში, ლუდში, ბუყში და სხვ), მათ რიცხვში შედის აგრეთვე ისეთი მშვილდები, რომელთა გოზანების გასაძლიერებლად დახვეული აქვს ტყავი, ნაწლავი, ლითონის მავთულები ან სხვა სარტყელები (ასეთ მშვილდებს ზოგიერთი მკვლევარი რთული მშვილდების კატეგორიაში განიხილავს). მარტივ მშვილდებს, საბას განმარტებით, „ბზაკალი“ ეწოდება.

შედგენილი მშვილდის კატეგორიაში ერთიანდება ისეთი მშვილდები, რომლებიც შედგება სხვადასხვა მასალისაგან (ჩანართებისაგან - ძვალი, რქა, რკინა, ხე და სხვ). ამ მხრივ საინტერესოა ვახუშტის ცნობა გუდამაყრელთა შესახებ: „მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან“. საბას განმარტებით, რქისაგან დამზადებულ მშვილდს აჯის მშვილდი ეწოდებოდა. ამავე კატეგორიას განეკუთვნება ორი ან სამგოზა მშვილდებიც.

საყურადღებოა აგრეთვე საქართველოში ჯიღა მშვილდების არსებობაც, საბას განმარტებით - „ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ-ისართა. რა ნადირნი გავლიან, შესძრავს, დასხლტება, მოჰკლავს“, ე.ი. ჯიღა მშვილდი, მახე მშვილდია.

მშვილდს მხარზე ან მხარიღლივ გადაკიდებულს ატარებდნენ, არსებობდა აგრეთვე მშვილდის „შთასადებელი“ რომელსაც - „ხილიფა“ ეწოდება, ხოლო საისრეს ისრის ქარქაში - „კაპარჭი“.

მშვილდის მოზიდვის თავისებურებათა თვალსაზრისით, სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ექვსი სხვადასხვა წესი: მარტივი, მეორეული, მესამეული, ხმელთაშუაზღვისპირული, მონღოლური და ვუტეს წესი, ხოლო საქართველოს ეთნოგრაფიული მასალის, კერძოდ თუშური მონაცემების მიხედვით დადგენილია მშვილდის მოზიდვის შემდეგი ვარიანტები:

  1. წიკუთ მოწევა;
  2. უბრალოდ მოწევა;
  3. მჯიღით მოწევა;
  4. ჯიგვური და
  5. მუჯუგნით მოწევა.


ამათგან ქართული წიკუთ მოწევა, ჯიგვური და მუჯუგნით მოწევა საერთოდ უცნობია ზოგადი მშვილდის მოზიდვის კლასიფიკაციისათვის.

ლიტერატურა

  • ვ. ელაშვილი, მშვილდოსნობა, 1959.
  • ს. მარგიშვილი, შუა საუკ-ის სამხედრო ხელოვნება და საქ-ლოს სამხედროპოლიტიკური ისტორია IX-XV სს. ნაწილი I. 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები