მშვილდოსნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნადირობა მშვილდით, რელიეფის დეტალი. ჩრდილოეთ ერაყი

მშვილდოსნობა − სასროლო სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა, შეჯიბრება სპორტული მშვილდით ისრის მიზანში სროლაში.

სარჩევი

ისტორია

კაცობრიობის ისტორიაში მშვილდ-ისარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას ფართოდ იყენებდნენ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ნადირობისა და ომების დროს, როგორც მოხერხებულ და სანდო იარაღს. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მშვილდ-ისრის უძველესი ნიმუშები, ჩინეთში, საჰარაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ინდოეთში მიკვლეული ძვ. წ. IV-III ათასწლეულების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, ჰომეროსის „ოდისეას“ ეპიზოდები, ხალხური ეპოსი, მათ შორის ლეგენდები რობინ ჰუდსა და ვილჰელმ ტელზე.

ოლიმპიური შეჯიბრება მშვილდოსნობაში, ლონდონი, 1908 წელი

მშვილდი პირვანდელ ფუნქციას ინარჩუნებდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების (XIV ს.) შემდგომაც, XVI-XVII საუკუნეებიდან კი მან სპორტული მნიშვნელობაც შეიძინა. XIX საუკუნიდან მშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, გავრცელდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით შვეიცარიასა და ინგლისში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სახელი გაითქვეს ამერიკელმა მშვილდოსნებმა. 1879 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა ეროვნული ფედერაცია და გაიმართა ქვეყნის პირველი ჩემპიონატი. 5 წლის შემდეგ ასეთივე შეჯიბრება მოეწყო დიდ ბრიტანეთში. 1897 წელს პარიზში გაიხსნა პირველი სასროლეთი მშვილდოსნებისთვის.

გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო მშვილდოსნობის განვითარების ახალი ეტაპი. დაფუძნდა საერთაშორისო ფედერაცია და საგრძნობლად გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მშვილდოსნობას მიმდევრები გამოუჩნდნენ, მათ შორის – აზიასა და ცენტრალურ ამერიკაში. დღეისათვის სპორტის ეს სახეობა მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. არსებობს მშვილდოსნობის რამდენიმე სახეობა, რომლებიც აღიარებულია მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) მიერ – ე.წ. სამიზნე მშვილდოსნობა (target archery), სამიზნე მშვილდოსნობა დახურულ დარბაზში (indoor archery), მინდვრის მშვილდოსნობა (field archery), მშვილდოსნური ბიატლონი (archery biayhlon). ოლიმპიური დისციპლინაა სამიზნე მშვილდოსნობა.

1900 წელს მშვილდოსანთა პირველ ოლიმპიურ შეჯიბრებაში სამი ქვეყნის (საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები) 68 სპორტსმენი გამოდიოდა. 3-3 დისციპლინაში გაიმარჯვეს ფრანგებმა და ბელგიელებმა. მშვილდოსნობა 1904, 1908 და 1920 წლების თამაშების პროგრამაშიც იყო. 1904 წელს სენტ-ლუისში სარბიელზე მხოლოდ ამერიკელი სპორტსმენები გამოვიდნენ. იქ პროგრამაში პირველად შეიტანეს 3 დისციპლინა ქალებისთვის. 2 ოქროს მედალი მოიპოვა მატილდა ჰაუელმა. 1920 წლის შემდეგ მშვილდოსნებმა ზედიზედ 10 ოლიმპიადა გამოტოვეს, 1972 წლიდან კი ყველა თამაშებში მონაწილეობენ.

მშვილდოსნობა საქართველოში

საქართველოში მშვილდოსნობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული. ამის დასტურია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალები, ქართული ზეპირსიტყვიერება, არაერთი ლეგენდა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა წერილობითი წყარო.

2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე აშშ-ს სახელმწიფო დროშა ამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველ მშვილდოსანს ხათუნა ქვრივიშვილი-ლორიგს მოჰქონდა. ეს იყო ამერიკელთა პოლიტიკური გზავნილი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც ოლიმპიადის პარალელურად მიმდინარეობდა.

საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში ხმარობდნენ სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის მშვილდებს. თრიალეთში 1935 წელს ნაპოვნ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. მშვილდები ძირითადად ხისგან მზადდებოდა, მაგრამ სხვა მასალებსაც იყენებდნენ, „მშვილდმოქმედნი აკეთებდნენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან“ (ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“). მარჯვე მოისართა შორის მოიხსენიებიან ცნობილი მოღვაწენი და ლიტერატურული გმირები: „იყო ესე ლაშა-გიორგი – ახოვანი, ძლიერი, მხნედ მოისარი“ (მემატიანე); გიორგი მესამე იყო „ვითარ ჩუბინ უცდენელი მსროლელი“ („ქართლის ცხოვრება“); „მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა“ (მოსე ხონელი); „მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია“ (შოთა რუსთაველი); „დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები, მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ-ფიცხელები“ (არჩილი); „უნდა მშვილდი დაწეული“ (თეიმურაზ მეორე). მიზანში ზუსტად მსროლელს ჩუბინს ეძახდნენ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩუბინი „ესე არს კაცი ისართა, თოფთა, ქვათა უცდენელად ისროდეს“. მშვილდოსნობაში სპეციალური საწვრთნელი ვარჯიშები იმართებოდა, სამიზნე საგანს განსაზღვრულ სიმაღლეზე შემოსდებდნენ და მას სასაგნოს უწოდებდნენ. „სასაგნო ასაბადი. ესე არს მშვილდოსანნი, სადა ნიშანსა დასდებენ ისართა სასროლელად ხელის წაყრის სიმარჯვისათვის“ (სულხან-საბა ორბელიანი).

როგორც სპორტის სახეობა, მშვილდოსნობა საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა. ქუთაისელი სპეციალისტის შალვა ჯაშიაშვილის თაოსნობით მოეწყო მწვრთნელთა მოსამზადებელი პირველი სემინარი. მშვილდოსანთა პირველი შეჯიბრებები გაიმართა ქუთაისში, შემდეგ – თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით – სოხუმსა და თელავში. ეს სახეობა დაინერგა „კოლმეურნეში", „ლოკომოტივში“, „ბურევესტნიკში“, „სპარტაკსა“ და სხვა სპორტულ საზოგადოებებში, უმაღლესი დაოსტატების რესპუბლიკურ და თბილისის სპორტულ სკოლებში, ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. პირველი სასროლეთები მოეწყო თბილისში („ლოკომოტივის“ სტადიონზე), ქუთაისში, ანგირაში (ბათუმთან ახლოს). მშვილდოსნობა განსაკუთრებით პოპულარულია აჭარაში.

1975 წელს თბილისში გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება (ე.წ. სამთა ტურნირი სსრკ პროფკავშირების, პოლონეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობით), 1979 წელს – პოპულარული „გაზაფხულის ისრები“ (16 ქვეყანა), რომელსაც FITA-ს პრეზიდენტიც (ფრანჩესკო რუსკონი, იტალია) ესწრებოდა. საკავშირო სარბიელზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლიუბოვ სორდია-ასატუროვამ (3 ოქროს მედალი 1971 წლის სსრკ-ის სპარტაკიადაზე), ევროპისა და მსოფლიო ასპარეზზე თავი გამოიჩინა ქეთევან ლოსაბერიძემ, რომელმაც 1972 წლის ევროპის ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი მოიპოვა, 1973 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლოსაბერიძის გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებში 1980 წელს. პირველი თაობის მშვილდოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: გივი არჩვაძე, გიორგი გორდეზიანი, გუგული რიჟამაძე, ვასილ ტროპინი, ალექსანდრე მეჟავიძე, ნიკოლოზ ნოვოსელცევი, ცისანა სუმბაძე და სხვები. 80-90-იან წლებში დიდ წარმატებას მიაღწიეს ირინა გრებნიკოვამ, ვლადიმერ რეშეტოვმა, ხათუნა ქვრივიშვილმა, ნატო ნასარიძემ.

2002 წელს საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა (მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე) ევროპის გუნდურ პირველობაში II ადგილი დაიკავა, 2010 წელს ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე – მესამე, ერთი წლის შემდეგ კი ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2011 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ქრისტინე ესებუა, 2015 წელს გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილზე გავიდა ხათუნა ნარიმანიძისა და ლაშა ფხაკაძის წყვილი, 2016 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრებმა ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე შედეგი აჩვენა.

წესები

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრები: ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე და ხათუნა ნარიმანიძე. რიო დე ჟანეირო. 2016 წელი

შეჯიბრება იმართება 110 მ სიგრძის ღია სასროლეთზე, რომელიც დაყოფილია 4 მ სიგანის ბილიკებად და აქვს განივი ხაზები, რომლებიც აღნიშნავენ სროლის დისტანციას: 30 მ, 50 მ, 60 მ, 70 მ, 90 მ. სპორტსმენის მიზანია ისარი ზუსტად მოარტყას სამიზნეს და რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვოს. ჭილისგან დაწნული სამიზნე დაყენებულია ხის დგამზე – სიმაღლე მიწის ზედაპირიდან სამიზნის ცენტრამდე 1,3 მეტრია, ფერდის დახრილობა – 15 გრადუსი. სამიზნეს გადაკრული აქვს ქაღალდი, რომელზეც შემოხაზულია თანაბარი სიგანის 10 კონცენტრული ფერადი წრე – თითოეულს შეესაბამება ქულები 1-დან 10-მდე. ქულები იზრდება სამიზნის ცენტრის მიმართულებით. მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებულია სამიზნის ორი სტანდარტი, რომელთა დიამეტრებია 122 სმ და 80 სმ. პირველი სამიზნის თითოეული ზოლის სიგანეა 6,1 სმ, მეორისა – 4 სმ. სამიზნეს, რომლის დიამეტრია 80 სმ, იყენებენ მოკლე – 50 და 30-მეტრიან დისტანციაზე.

არსებობს მშვილდის სამი სახეობა: მოხრილი (recurve), შედგენილი (compaund) და მარტივი (bare). ოლიმპიადებზე დაშვებულია მხოლოდ მოხრილი მშვილდების გამოყენება, მსოფლიოს ჩემპიონატებზე შეიძლება შედგენილი (სხვადასხვა მასალისგან დამზადებული) მშვილდების ხმარება, მარტივ (ხისგან დამზადებულ) მშვილდებს მოჰქონდა. ოფიციალურ შეჯიბრებებში აღარ იყენებენ, რადგან ისინი სიზუსტით არ გამოირჩევა. სხვადასხვა სახეობის მშვილდებს განსხვავებული „დაჭიმვის ძალა“ აქვთ – ანუ ძალა, რომელიც საჭიროა ლარის ბოლომდე მოსაზიდად.

მოხრილი მშვილდის დაჭიმვის ძალაა დაახლოებით 17-23 კგ კაცებისათვის, 15-18 კგ – ქალებისათვის, შედგენილის – 17-დან 30 კგ-მდე. მშვილდის წონა და ზომა ლიმიტირებული არ არის, ოღონდ ის იმდენად გრძელი არ უნდა იყოს, რომ სროლისას მიწას ეხებოდეს. ისრის სიგრძე მშვილდის ზომაზეა დამოკიდებული, წონა – მაქსიმუმ 28 გრ, დიამეტრი – მაქსიმუმ 9,3 მმ. თანამედროვე სპორტული მშვილიდი და ისარი ალუმინისგან ან კომპოზიტური მასალებისგან მზადდება. გატყორცნილი ისრის სიჩქარე დაახლოებით 240 კმ/სთ-ს აღწევს.

მშვილდოსანს აცვია ჩვეულებრივი ტანსაცმელი, ოღონდ წელს ზემოთ შემოტკეცილი, სროლისას ლარს რომ არ გამოედოს. სპორტსმენს ზურგზე უკეთია ნომერი (სამიზნის ნომერი). ეკიპირებაში შედის: მშვილდი, კაპარჭი, ისრები, სამკლაური, სათითური, სამკუთხა სამკერდე.

სპორტსმენს ქულები ერიცხება, თუკი ისარი სამიზნეს მოხვდა. კაცებისა და ქალების შეჯიბრებისათვის განკუთვნილი ბილიკები ერთმანეთისაგან 10-მეტრიანი ზოლით არის დაშორებული. თითო ბილიკზე 2 სამიზნეა განლაგებული. მას მშვილდოსნები „სროლის ხაზიდან“ ესვრიან. სროლის ხაზის უკან, 5 მ დაშორებით არის „ლოდინის ხაზი“, სადაც სპორტსმენები თავის რიგს ელოდებიან. ტარდება როგორც ინდივიდუალურთ ისევე გუნდური შეჯიბრება. გუნდი 3 წევრისგან შედგება. მშვილდოსნები ისვრიან ზეზელა უსაყრდენოდ. ზედიზედ სამი სროლის შემდეგ მონაწილე „ლოდინის ხაზს“ უკან ბრუნდება. სპორტსმენმა 3 სროლა 2, 5 წუთში უნდა მოასწროს. 2 წუთის გასვლისთანავე ირთვება გამაფრთხილებელი სიგნალი. იმარჯვებს ის, ვინც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. 1990-იან წლებში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების წესები შეიცვალა. FITA-ს წინადადებით შემოიღეს ვარჯიში „ოლიმპიური წრე“, რომელიც ორი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე სროლის ხაზზე გამოდის ყველა მოასპარეზე, სრულდება „ვარჯიში M-1“, ან მის ნაცვლად ეწყობა სროლები 70-მეტრიან დისტანციაზე, სადაც თითოეული მშვილდოსანი 72 ისარს ისვრის. მეორე ეტაპზე ტურნირს აგრძელებს საუკეთესო შედეგის მქონე 64 სპორტსმენი, რომელთა შორის შეჯიბრება ეწყობა ოლიმპიური სისტემით. 2000 წლიდან ოლიმპიური შეჯიბრება ტარდება მხოლოდ 70 მ დისტანციაზე ინდივიდუალურ და გუნდურ თანრიგში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები