მწუხრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწუხრი - (ლათ. vesper „საღამოსი“), ეკლესიის ლიტურგიული ლოცვა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში ლიტურგიკული დღე მზის ჩასვლიდან იწყება. ეს ჩვეულება მომდინარეობს შესაქმის შესახებ ბიბლიური თხრობიდან: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი“ (დაბადება, 1:5)

მწუხრის მსახურება ყოველთვის იწყება მწუხრის ფსალმუნთა კითხვით: „აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან“ (ფსალმ. 103:22). ეს ფსალმუნი, რომელიც სამყაროს შექმნას ადიდებს, წარმოადგენს პირველ ღვთისმსახურებას, ღმერთისადმი ადამიანის პირველ თაყვანისცემას, რადგან ადამიანი ღმერთს, უწინარესად, ხვდება, როგორც შემოქმედს.

ფსალმუნს შემდეგ მოჰყვება დიდი კვერექსი – ეკლესიის ყველა ლიტურგიკული მსახურების პირველდაწყებითი ვედრება.

შემდეგ იკითხება რამდენიმე ფსალმუნი, რომლებიც ყოველ მწუხრზე იცვლება. სამრევლო ტაძრებში მათ ხშირად გამოტოვებენ, ხოლმე, მაგრამ მონასტრებში ამ ფსალმუნებს აუცილებლად კითხულობენ. თუმცა, კვირის წინა მწუხრზე ფსალმუნთა პირველი შემცირებული ჯგუფი, რომელიც იწყებს კვირის შვიდეულს (საეკლესიო კვირის შვიდეული იწყება კვირა დღეს) სამრევლო ეკლესიებშიც იგალობება.

შემდეგ იგალობება 140-ე ფსალმუნი, რომლის დროსაც მღვდელი აკმევს:

უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა... წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ხელთა ჩემთა მსხუერპლსამ წუხროდ“.

მსახურების ამ ნაწილისას იგალობება განსაკუთრებული საგალობლები, რომლებიც ამ დღისადმია მიძღვნილი. საეკლესიო დღესასწაულებზე ისინი განადიდებს დღის წმინდანს ან მოვლენას, ხოლო შაბათს მწუხრზე, საუფლო დღის წინა საღამოს, საგალობლები ადიდებს უფლის მკვდრეთით აღდგომას. ჩვეულებრივად, ეს საგალობლები მთავრდება განსაკუთრებული საგალობლით, რომელსაც „საღვთისმშობლო“ ჰქვია და რომელიც განადიდებს დედას ღვთისას.

დღესასწაულებისა და კვირის წინა დღეს მღვდელი ასრულებს შესვლას – აღსავლის კარებით შედის საკურთხეველში. ამ დროს იგალობება მწუხრის საგალობელი:

ნათელი მხიარული, წმიდისა დიდებულისა, უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, მოსრულთა დასვლასა მზისასა, ვიხილოთ ნათელი სამწუხროჲ. ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა, ღირსმცა ვართ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა, ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა მგალობლად შენდა ხმითა ტკბილითა, ძეო ღვთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს“.

შემდეგ მოდის სტრიქონები ფსალმუნებიდან, რომელსაც „წარდგომა“ ეწოდება. წარდგომები იცვლება ყოველ დღე, რადგან ისინი, თითქოსდა, აცხადებს დღის სულიერ თემას. მათ შემდეგ, დღესასწაულების წინა დღეს, იკითხება სამი ნაწყვეტი ძველი აღთქმიდანპარემიები, შემდეგ – სამწუხრო ლოცვები და კვერექსები, რომლებიც მთავრდება სიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვით:

აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა“ (ლუკა, 2:29-32).

მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე განცხადებულ იქნება როგორც სამყაროს ნათელი და მხსნელი, წარმოითქმევა შემდეგი ლოცვები: „წმინდაო ღმერთო“, „ყოვლადწმინდაო სამებაო“, და „მამაო ჩვენო”; შემდეგ კი იგალობება ტროპარის საგალობელი, რომლითაც ვიგონებთ იმ დღის მთავარ მოვლენას. და ჩვეულებრივი კურთხევის შემდეგ მსახურება მთავრდება.

მწუხრი ყოფიერების სამ ასპექტს გვიხსნის: შესაქმეს, ცოდვით დაცემასა და ხსნას ქრისტეში. ის გვაფიქრებს უფლის სიტყვასა და ჩვენდამი უფლის სიყვარულზე. მწუხრი გვასწავლის უფლის მიმართ მადლიერებას ყველაფრისთვის და გვამზადებს დაძინებისა და მომავალი დღისათვის. საღვთო ლიტურგიის წინა საღამოს მწუხრით ვიწყებთ მოძრაობას ღმერთთან ყველაზე სრულყოფილი ერთობისაკენ ზიარების საიდუმლოში.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები