ნაბუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაბუ
(ძვ. წ. IX ს.ს.), ქ. ბაღდადი, ერაყის მუზეუმი

ნაბუ(ბაბილონ.) „ხმობა“, პანთეონის ღვთაება, მარდუქის ძე და მრჩეველი, ქ. ბორსიფას პატრონი. ნაბუ ითვლება სიბრძნის და, განსაკუთრებით, მწერლობისა და დამწერლობის შთამაგონებელ და მფარველ ღვთაებად. მას მიეწერება დამწერლობის შექმნა, რაც ჩანს მის ეპითეტებში – „შემქმნელი დამწერლობის ნიშნებისა“, „დაფის ლერწმის (ე. ი. საწერი ლერწმის) უფალი“. ამის გამო მის განკარგულებაშია „ბედისწერათა დაფები“.

როდესაც აშურეთის მეფემ აშურბანიფალმა თავისი განთქმული დაფათსაცავი („ბიბლიოთეკა“) შექმნა, პირველ რიგში, ნაბუს მიმართა, რათა მას წრფელი თვალით მოეხედა დაფათსაცავისთვის და მისი შემქმნელისთვის. „ნაბუ, მეუფეო ცათა და ხმელისა, დაფათსაცავს ამას წრფელად მოხედე! აშურბანიფალს, შენი ღვთიურობის მოშიშს, დღენიადაგ წყალობდე“.

ნაბუ ძირითადად ძე-ღმერთი იყო, მაგრამ ისევე, როგორც მარდუქმა (აგრეთვე ძემ) დაჩრდილა თავის მშობელი ეა და რეალურ კულტში უპირატესობა მოიპოვა მასზე, ასევე ახალბაბილონურ ხანაში ნაბუ იჭერს მარდუქის ადგილს. ხშირდება თეოფორული სახელები ნაბიუმ-აფლა-უცურ, ნაბიუმ-ქუდურრი-უცურ (ნაბუქოდონოსორი) ნაბიუმ-ნაიდ და სხვა.

ნაბუს თაყვანისცემა არ შემწყდარა ბაბილონის სამეფოს დაცემის შემდეგაც, იგი გრძელდება სპარსელთა ბატონობის დროს და მის მერეც – ელინისტურ ხანაში. შემორჩენილია ანტიოქოს I სოტერის ლოცვა ნაბუს მიმართ აქადურ ენაზე. ასე რომ, მან ყველაზე დიდხანს გაძლო ბაბ. პანთეონის ღვთაებათა შორის.

ნაბუ, როგორც დამწერლობის შთამაგონებელი და პატრონი, ენათესავება ეგვიპტელთა თოთს და ბერძენთა ჰერმესს. მისი ნიშანი არის თიხის დაფაზე საწერი ლერწმის ღერი („დაფის ლერწამი“). საგულისხმოა აშურბანიფალის, მწერლობის მეცენატი მეფის, ურთიერთობა ნაბუსთან. შემორჩენილია ტექსტი, სადაც ეს ღმერთი ამგვარად მიმართავს მეფეს: „ნუ გეშინია, აშურბანიფალ, მე გაძლევ შენ ხანგრძლივ სიცოცხლეს, შთაგბერავ კეთილ სუნთქვას... შენ პატარა ხარ, აშურბანიფალ, ზიხარ ნანევიის დედოფლის, ქალღმერთის, მუხლებზე; მისი ოთხი ძუძუ გიდევს პირში, შენ სწოვ ორს, ხოლო ორით სახეს იფარავ... შენ ფეხზე დადგები, აშურბანიფალ, დიდი ღმერთების წინაშე, შენ განადიდებ ნაბუს“.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები