ნადირაშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ნადირაშვილი

ნადირაშვილი დიმიტრი - Nadirashvili Dimitri, Надирашвили Дмитрий, 1961-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), დოქტორი (2005), პროფესორი. განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სოციალური ფსიქოლოგის სპეციალობით. 1985-2011 წლებში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის − კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; 1988-1991 წლებში ხელმძღვანელობდა განყოფილებას პროფესიული ორიენტაციის ცენტრში. 1995-2007 წლებში სამედიცინო გამოყენებითი და ზოგადი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის პრორექტორი იყო. 2000 წელს მუშაობდა მეცნიერ-სტიპენდიანტად რ. მეის სახ. კვლევით ინსტიტუტში (სან ფრანცისკო, სეიბრუკი, აშშ). 2007-2011 წლებში იყო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია. 2005 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელია. 2011 წელს დააარსა და უძღვება საქართველოს გეშტალტთერაპიის ინსტიტუტს, რომელიც ინტეგრირებულია ევროპის გეშტალტთერაპევტთა პროფესიულ სივრცეში, თვითონ მიღებული აქვს შესაბამისი ევროპული სერტიფიკატი. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დ. უზნაძის სახ. პრემიის ლაურიატი.


დ. ნადირაშვილის კვლევის მიმართულებებია: სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, გეშტალტთერაპია, პიროვნების ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, განათლების ფსიქოლოგია.

დ. ნადირაშვილი საქართველოში გეშტალთთერაპიული მიმართულების შემომტანი და დამფუძნებელია. ის პირველი (EAGT) ლიცენზირებული გეშტალტთერაპევტია საქართველოში და ამიერკავკასიაში. მის ორ სახელმძღვანელოში გეშტალტთერაპიის მთავარი პოსტულატები, თეორიისა და ტექნიკის დღევანდელი მდგომარეობაა გადმოცემული. ავტორმა განავითარა თვითობის კონცეფცია გეშტალტთერაპიაში, მიანიჭა რა თვითობის ცნებას იერარქიული მნიშვნელოვნება. ქართული ენისა და კულტურის სპეციფიკის გათვალისწინებით, სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, ქართულ ენაზე თარგმნა გეშტალტთერაპიის ძირითადი ცნებები, რომლებიც მანამდე ვერ ითარგმნებოდა. მაგ., გეშტალტთერაპიის ერთერთი მთავარი ცნება (ინგლისურად − Awareness), თარგმნა და დაამკვიდრა ქართულში, როგორც ცხადგრძნობა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალი საერთაშორისო და რეგიონული კონფერენცია ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. იგი აქტიურად ეწევა საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ და ფსიქოთერაპიულ მეცნიერებათა პოპულარიზაციას.

დ. ნადირაშვილის ყველაზე ფუნდამენტური კვლევა მაინც სოციალურ, კერძოდ გავლენის ფსიქოლოგიას ეხება. მისი ძირითადი ღირსება ისაა, რომ ავტორმა სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის ეფექტები (ურთიერთგაცვლის, უმრავლესობის, დეფიციტის, პასუხისმგებლობის, ავტორიტეტისა და სხვა) განწყობის თეორიის კანონზომიერებებზე დაყრდნობით ახსნა, განწყობის თავსებადობისა და კონტრასტ-ასიმილაციის კანონზომიერებებით. ამით წარმოაჩინა დ. უზნაძისა და შ. ნადირაშვილის თეორიების უპირატესობა სხვა ამხსნელ თეორიებთან შედარებით. სათანადო კვლევით დაასაბუთა, რომ სენსომოტორულ და სოციალურ გაწყობათა მოქმედება მსგავსი კანონზომიერებებით ხასიათდება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა დისპოზიციურ განწყობათა თავსებადობის საკითხს {ჰაიდერის სამკუთხედები}. სამკომპონენტიან სოციალურ განწყობათა სისტემაში იქმნება განწყობათა თავსებადი ურთიერთობის ოთხი და არათავსებადი ურთიერთობის ასევე ოთხი მდგომარეობა, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს გარკვეული ვალენტობის სოციალურ განწყობათა და შესაბამისი ატიტუდების ჩამოყალიბებაზე, პიროვნების სოციალურ აქტივობასა და სოციალური გავლენის პროცესებზე. ამ კანონზომიერებათა საფუძველზე შემუშავებულია ნარკომანიის პრევენციის თეორიული მოდელი. მასში, განწყობის თეორიაზე დაყრდნობით, შემუშავებულია მოზარდ-დელიკვენტებთან პრევენციული მუშაობის აგების პრინციპები.

დ. ნადირაშვილი ცნობილი ფსიქოლოგების ოჯახის წარმომადგენელია. მისი მეუღლეა თეა გოგოტიშვილი, დედა − ქეთევან (მანანა) ცინცაძე, მამა − შოთა ნადირაშვილი.

მთავარი ნაშრომები

  • ფსიქოლოგიური გავლენა. თბილისი: „დიოგენე“, 2006;
  • ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია. თბილისი: „ნეკერი”, 2007;
  • ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძველბი. თბილისი: „ნეკერი”, 2009;
  • სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა. თბილისი: „ნეკერი”, 2009;
  • მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ ფსიქოლოგიური პრევენცია. თბილისი: „ფავორიტი” 2011;
  • ადამიანის თვითობის ფენომენი განწყობის თეორიაში // საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე. 2016, 1;
  • გეშტალტთერაპია − თეორია და ტექნიკა. თბილისი: „ნეკერი”, 2017.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები