ნადირაშვილი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ნადირაშვილი

ნადირაშვილი შოთა − Nadirashvili Shota, Надирашвили Шота 1926-2011

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954), დოქტორი (1964), პროფესორი (1969). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1949) და ასპირანტურა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1954 წლიდან მოყოლებული აქვე მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო სოციალური ფსიქოლოგიის და შრომის ფსიქოლოგიის, ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, ხოლო 1985-2006 წლებში − დირექტორი. აქვე, 1990 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა „თბილისის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტს”. როგორც პროფესორი, ლექციებს კითხულობდა აგრეთვე თსუ-ში. დიდ დროს ანდომებდა სპეციალისტების მომზადებას, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 60-ზე მეტი სადისერტაციო ნაშრომი, მათ შორის უცხოელ მეცნიერთა მიერაც. ამით ფსიქოლოგთა რამდენიმე თაობას გაეკვალა გზა მეცნიერებაში.

შ. ნადირაშვილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა ფსიქოლოგიის ქართულ სკოლას საბჭოთა და საზღვარგარეთულ კონფერენციებზე, საზოგადოებებსა თუ ჟურნალებში. იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე. თავმჯდომარეობდა განწყობის ფსიქოლოგიის სიმპოზიუმებს ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა).

შ. ნადირაშვილის სამეცნიერო ინტერესები მეტად მრავალფეროვანი იყო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ზოგადი ფსიქოლოგია, ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგია, აზროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, განწყობის თეორია, ისტორიული ფსიქოლოგია და ეთნოფსიქოლოგია.

შ. ნადირაშვილმა ექსპერიმენტულად იკვლია აღქმის პროცესი, შეასრულა ამ ფუნქციის ღრმა ანალიზი განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით; სადოქტორო დისერტაცია მიუძღვნა ცნების შემუშავების პროცესის ონტოგენეზის შესწავლას, კერძოდ გამოავლინა განზოგადების უნარის განვითარების კანონზომიერებანი სასკოლო ასაკში.

სოციალური ფსიქოლოგია, როგორც დარგი საქართველოში, პირდაპირ უკავშირდება შ. ნადირაშვილის სახელს. მან გაიაზრა ამერიკულ და ევროპულ ფსიქოლოგიაში გავრცელებული ატიტუდისა და სოციალური განწყობის ცნებები განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციებიდან; აღმოაჩინა სოციალური განწყობის მოქმედების საინტერესო კანონზომიერებანი ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა დარგში. კვლევის ეს ხაზი განწყობის თეორიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა {პიროვნულ-სოციალური განწყობისეული შეფასების მეთოდი}.

შოთა ნადირაშვილი და კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის აღიარებული ლიდერი

შ. ნადირაშვილი ჰარმონიულად უხამებდა ერთმანეთს თეორიულ და ექსპერიმენტულ მუშაობას. მან შექმნა არაერთი ახალი მეთოდიკა ფსიქოლოგიის სხვადასხვა საკითხის საკვლევად. განსაკუთრებულია მისი ნოვატორული ექსპერიმენტული კვლევანი, რომლებიც მიეძღვნა დ. უზნაძის ფსიქოლოგიური სისტემის ემპირიული საფუძვლის, ფიქსირებული განწყობის მეთოდით მიღებული მონაცემების ექსპერიმენტულ შემოწმება-ანალიზს. ორიგინალური მეთოდიკური ხერხის გამოყენებით შ. ნადირაშვილმა აღმოაჩინა კანონზომიერება, რომელიც გასაგებს ხდიდა უზნაძიდან მოყოლებული, თავსატეხად ქცეული კონტრასტული ილუზიის პრობლემას. ეს აღმოჩენა „განწყობის ასიმილაციური მოქმედებისა და კონტრასტული განცდის კანონის” სახელწოდებით შევიდა განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ოქროს ფონდში.

ბევრი სიახლე შეიტანა შ. ნადირაშვილმა განწყობის თეორიული სისტემის განვითარებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ დამუშავებული ფსიქიკური აქტივობის სამდონიანი მოდელი. მასში საგულდაგულოდ იქნა დახასიათებული ინდივიდის იმპულსური/ფსიქოფიზიკური, სუბიექტის ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე და პიროვნების ნებელობით/სოციალური აქტივობა, მათი შესატყვისი განწყობის ჩამოყალიბებისა და მოქმედების პრინციპები {ადამიანის დონეთა იერარქია}. ამ მოდელის შემდგომი განვითარებაა „განწყობის ანთროპული თეორია”, რომელშიც ნაჩვენებია სპეციფიკურ ადამიანური ქცევის თავისებურებანი. ამისთვის განწყობის თეორიაში შემოტანილ იქნა თავისუფლებისა და თვითქმნადობის ცნებები, დამუშავდა და განვითარდა დისპოზიციური განწყობის ცნება, ჩამოყალიბდა განწყობის ვალენტობის კონცეფცია, შეიქმნა სოციალურ განწყობათა ჩამოყალიბების, მოქმედებისა და შეცვლის კანონების სისტემა, განწყობათა მტევანის ცნება, ბალანსის პრინციპი და სხვა.

აქვე გამოითქვა ორიგინალური აზრები ეროვნულ პრობლემასთან დაკავშირებით. შ. ნადირაშვილს მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტად პროგრესულ ერს, სრულყოფილი და შემოქმედი პიროვნების მსგავსად, უნდა ახასიათებდეს იმთავითვე მოცემული მთლიანობა, მშობლიური ენის სიყვარული, მყარი ღირებულებითი ორიენტაცია, სიახლისადმი ღიაობა და ეთნიკური შემწყნარებლობა. აქედან გამომდინარე, ერებზე უნდა განზოგადდეს პიროვნების უფლებათა ხელშეუხებლობის ისეთი ჰუმანისტური პრინციპები, როგორიცაა მისი თავისუფლების უზრუნველყოფა, თვითმყოფადობის დაცვა და შინაგან შესაძლებლობათა გამოვლენა, თვითგანხორციელება. (იმედაძე)

შ. ნადირაშვილი 1987-1991 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. მისი აქტიური მონაწილეობით 1971 წელს თბილისში ჩატარდა ფსიქოლოგთა საკავშირო ყრილობა. 1986 წელს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უზნაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისა, რომელშიც მონაწილეობდნენ მეცნიერები ამერიკიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, იაპონიიდან და სხვა.

შ. ნადირაშვილმა უკუაგდო ტრადიციული „განწყობის შეცვლის ძირითადი კანონი”, რომელმაც განწყობის თეორია ჩიხში შეიყვანა. აღმოაჩინა განწყობის მოქმედების ზოგადი კანონზომიერება და კონტრასტული ილუზიის ადაპტაციური მნიშვნელოვნება. ამით განწყობის თეორია ჩიხიდან გამოიყვანა და მას განვითარების ფართო გზა დაუსახა. ეს კანონზონიერებანი ერთნაირად მოქმედებს ყველა მოდალობაში: სენსომოტორულ, მხედველობით, ჰაპტურ, სმენით, ტემპერატურისა თუ გემოს შეგრძნების მოდალობებში, ენობრივ, სააზროვნო, პიროვნულ-სოციალურ, ესთეტიკურ და სხვა მოდალობებში. ასეთი საყოველთაო და არსებითად უგამონაკლისო კანონები ფსიქოლოგიაში სულ რამდენიმე თუა (მაგ., ფიგურაციისა და გეშტალტიზაციის კანონი). ამიტომ განწყობის ასიმილაციური მოქმედებისა და კონტრასტული განცდის კანონი განწყობის თეორიის უდიდეს მნიშვნელოვნებასა და პერსპექტივებს გვიჩვენებს.

შ. ნადირაშვილმა მნიშვნელოვნად განავითარა და სრულყო დ. უზნაძისეული განწყობის თეორია, რომელიც ქართული მეცნიერების ერთერთი უდიდესი მონაპოვარია, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წვლილია მსოფლიო მეცნიერებაში. ბატონი შოთა არის განწყობის ანთროპული თეორიისა და სოციალური განწყობის თეორიის ფუძემდებელი.

შ. ნადირაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გვერდით (ვაჟიშვილთან, დიმიტრი  ნადირაშვილთან და რძალთან, თეა გოგოტიშვილთან ერთად)

საეტაპოა მონოგრაფია „განწყობის ფსიქოლოგია”, ტ. I-II (1983, 1985 წწ.), რომელშიც ავტორს დიმიტრი უზნაძის სახ. პრემია მიენიჭა. შ. ნადირაშვილმა გამოკვეთა ქცევის სამი იერარქიული დონე: უდაბლესი − ინდივიდისა (ცხოველის ქცევა, ან ადამიანის გაუცნობიერებელი ქცევა); საშუალო − სუბიექტისა (მეტყველი და მოაზროვნე ადამიანისა); უმაღლესი − პიროვნებისა (ნებელობის მქონე ადამიანისა) {ადამიანის დონეთა იერარქია}. ამ სამივე დონეს აერთიანებს განწყობის ზოგადი კანონზომიერებანი, მაგრამ თვითეულს თავისებური მახასიათებლებიც აქვს. შ. ნადირაშვილს სამივე დონის კანონზომიერებანი აქვს ნაკვლევი. უდაბლეს დონეზე მთავარია აღქმა-მოძრაობა (აღქმის ფსიქოლოგიის საკითხებს სპეციალური მონოგრაფია ეძღვნება); მეორე დონეზე − ენა და აზროვნება (ამ საკითხების შესახებაცაა მონოგრაფია); ხოლო მესამე დონეს შ. ნადირაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოღვაწეობის ბოლო ხანებში აქცევდა. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა „განწყობის ანთროპული თეორია”. მეორე დონეზე ქცევის შეფერხება და მისი გააზრების საჭიროება გამოწვეულია ინსტრუმენტულ-ინტელექტუალური შეუსაბამობით. ამისგან განსხვავებით, მესამე დონეზე წამოიჭრება საკუთრივ და ღრმად ადამიანური წინააღმდეგობანი: ადამიანის მისწრაფებებსა და საზოგადოებრივ მოთხოვნებს შორის, მოთხოვნილებებსა და მოვალეობებს შორის {პასუხისმგებლობა}, მრწამსსა და სინამდვილეს შორის, საკუთარ თავზე წარმოდგენასა და ქცევას შორის... {ამბიდენტობა}. მესამე დონეზე პიროვნება, ცოცხალი ინდივიდისგან და მეტყველ-შემმეცნებელი სუბიექტისგან განსხვავებით, თავისუფალია და თვითონ ქმნის საკუთარ თავს. ეს მიდგომა ეხმიანება ეგზისტენციალისტური ფსიქოლოგიისა და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შეხედულებებს. ამ ინტერესის გაჩენა ყველაფერთან ერთად განპირობებული იყო შ. ნადირაშვილის პირადი და კოლეგიალური ურთიერთობებით ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებთან. შ. ნადირაშვილი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი იყო.

ისევე როგორც ეგზისტენციალიზმში, შ. ნადირაშვილის ანთროპულ თეორიაშიც თავისუფლების ცნებას მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის სულოვნებისა და რელიგიურობის პრობლემატიკა. შ. ნადირაშვილის უკანასკნელი ნაშრომებიდან რამდენიმე მიეძღვნა მეცნიერების, კერძოდ ფსიქოლოგიისა და რელიგიის, ანუ ცოდნისა და რწმენის მიმართებას. ამ აზრების ჩამოყალიბება მწყობრ მოძღვრებად ავტორს, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა.

შ. ნადირაშვილი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და პატრიარქის მიერ უმაღლესი ჯილდოთი, წმ. გიორგის ორდენით დაჯილდოვდა.

მესამე, ანუ პიროვნების დონეზე, ყველაზე უფრო მკაფიოდ ვლინდება ადამიანის ქცევის პიროვნული და სოციალური ბუნება. 1960-იანი წლებიდან დაიწყო საბჭოთა კავშირში მანამდე აკრძალული დარგის, სოციალური ფსიქოლოგიის განვითარება. საქართველოში ამ მიმართულების ფუძემდებელი შ. ნადირაშვილია, რომლის თაოსნობითაც 1966 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილება გაიხსნა. ამჟამად საქართველოში სოციალური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ერთერთი ყველაზე განვითარებული დარგია {სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში}. გაიშალა სოციალურ განწყობათა ფართო კვლევა. შოთა ნადირაშვილისა და მისი მრავალი მოწაფის მიერ ახალი ექსპერიმენტული ტექნიკით შესწავლილ იქნა განწყობის ზოგადი კანონზომიერებანი სოციალურ მოდალობაში. შესაძლებელი გახდა კონკრეტულ სოციალურ განწყობათა შეცვლის მიმართულების პროგნოზირება სხვადასხვა მხრივ: პოლიტიკაში, ურთიერთობებში, სოციალურად საშიში მოვლენებისა და დაავადებათა პრევენციაში (ნარკომანიისა, ალკოჰოლიზმისა, შიდსისა) და სხვა.

უცხოურ სოციალურ ფსიქოლოგიაში მთავარია სოციალური დამოკიდებულების, ანუ ატიტუდის ცნება. მისი საფუძველი კი, როგორც შ. ნადირაშვილმა დაასაბუთა, მყარად ფიქსირებული ანუ დისპოზციური სოციალური განწყობაა. საბოლოოდ, ამგვარ დისპოზიციურ განწყობებს ეფუძნება ადამიანის მრწამსი, რწმენა და ცხოვრების საზრისი. ამიტომ გასაგებია, თუ რა დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელოვნება ენიჭება სოციალურ განწყობათა ჩამოყალიბების, მოქმედებისა და შეცვლის ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა გარკვევას. შ. ნადირაშვილისა და მისი მოწაფეების მიერ ამ მხრივაც სერიოზული მუშაობა ჩატარდა. მაგალითად, გაირკვა, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა, მათ შორის ფსიქოთერაპევტის, მასწავლებლისა თუ თანამდებობის პირის გავლენაც, მოქმედებს განწყობის ზოგად კანონზომიერებათა (ასიმილაცია-კონტრასტისა და თავსებადობის) მიხედვით. სოციალურ განწყობათა კვლევამ საგრძნობლად გაამდიდრა ჩვენი ცოდნა საზოგადოდ განწყობის ფუნდამენტური მექანიზმების შესახებაც. პიროვნულ და სოციალურ მოვლენებში განწყობისეული საფუძვლების აღმოჩენამ განწყობის თეორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება წარმოაჩინა.

აკადემიურ საკითხებთან ერთად, შ. ნადირაშვილი უყურადღებოდ არც გამოყენებითი ფსიქოლოგიის პრობლემატიკას ტოვებდა და მიაჩნდა, რომ ეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო. მას ეკუთვნის წიგნები „პროპაგანდის ფსიქოლოგია”, „შეჯიბრის ფსიქოლოგია”, „ალკოჰოლი და პიროვნება” და სხვა. შ. ნადირაშვილის მეთაურობით დაარსდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ანტინარკოტიკული ცენტრი, რომელიც შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარებისა და კონსულტირების ცენტრად გაფართოვდა. შ. ნადირაშვილი სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ცენტრის მრჩეველი. მისი ხელმძღვანელობით ფსიქოლოგიის ინსტიტუტი მუშაობდა ფართო მიმართულების გამოყენებით საკითხებზე, კერძოდ: კონფლიქტების ფსიქოლოგია; იურიდიული ფსიქოლოგია, დანაშაულებრივი ქცევის პრევენცია; ნარკომანიის პრევენცია, კლინიკური ფსიქოლოგია; პედაგოგიკური ფსიქოლოგია, აღზრდისა და სწავლების მეთოდები; საინჟინრო ფსიქოლოგია; შრომის სოციალური ფსიქოლოგია (რასაც ამჟამად ეწოდება „ეიჩარი”).

შ. ნადირაშვილის თანახმად, პიროვნების მსგავსად ერსაც აქვს საკუთარი მისწრაფებები, მოთხოვნილებები, სასიცოცხლო ინტერესები, გამოცდილება {ისტორიული მეხსიერება}, საზოგადოებრივი ღირებულება-ფასეულობები, დისპოზიციური განწყობები. ერიც მოქმედი სუბიექტია და მისი აქტივობის კანონზომიერებანი ფსიქიკური აქტივობის კანონზომიერებათა მსგავსად შეიძლება იქნეს გაგებული და ახსნილი. ამ მიმართულებით შ. ნადირაშვილს შეხედულებათა მწყობრი სისტემა ჰქონდა ჩამოყალიბებული, დისპოზიციური განწყობის ჩამოყალიბებისა და შეცვლის კანონზომიერებათა საფუძველზე.

შ. ნადირაშვილი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე იყო, აქტიურად მონაწილებდა კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას მკაფიოდ გამოხატული და მეცნიერულად დასაბუთებული ეროვნული პოზიცია ეკავა და ცდილობდა, ფსიქოლოგიური ცოდნა გამოეყენებინა საქართველოს სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს აღმშენებლობის დიად საქმეში. მან გამოიკვლია საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებები სოციალურ ღირებულებათა და ინსტიტუციათა მიმართ, რელიგიის მიმართ; გამოკვეთა განსხვავება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის და თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქის აღზრდაზე ოცნებობდა. და კონკრეტულ რჩევებსაც გვაძლევდა ამასთან დაკავშირებით, ინტერვიუები შ. ნადირაშვილთან ხშირად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში და გადაიცემოდა ტელევიზიით.

შ. ნადირაშვილი კარგად ხედავდა ფსიქოლოგიის უდიდეს მნიშვნელოვნებას ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გადასაჭრელად. ფსიქოლოგები მრავალ უაღრესად საყურადღებო რჩევას შეიმუშავებდნენ, რომელთა გათვალისწინება საქართველოში მრავალ შესაჭირს მოაგვარებდა ან შეარბილებდა მაინც, ხელს შეუწყობდა განათლების, ჯანდაცვის, კულტურის წინსვლას, მართვის დახვეწას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებას და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. მაგრამ, სამწუხაროდ, არც კომუნისტური და არც ერთი მომდევნო ხელისუფლება არ აქცევდა ყურადღებას ფსიქოლოგიას, სკოლებში მისი საწყისებიც კი არ ისწავლება (მიუხედავად თვით კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის რჩევისა), არ ითვალისწინებენ ქართველი ფსიქოლოგების არცერთ დასკვნას. უფრო უარესიც, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დახურა. ამ ამბებმა კი მძიმედ იმოქმედა ბატონი შოთას შერყეულ ჯანმრთელობაზე და ის რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

შოთა ნადირაშვილი იყო არაჩვეულებრივად მრავალმხრივი და ნაყოფიერი მკვლევარი, შექმნილი აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 12 მონოგრაფია. მისი ნაშრომები ითარგმნა რუსულ, ინგლისურ, ფინურ და ბულგარულ ენებზე. მის მიერ დასახული სამეცნიერო მიმართულებები ამჟამადაც წამყვანია განწყობის თეორიაში. მისი წყალობით განწყობის თეორია დიდ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიად ჩამოყალიბდა, ასეთები კი მსოფლიოში სულ რამდენიმეა.(ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები:

  • განზოგადების უნარის განვითარება სასკოლო ასაკში. თბილისი: “მეცნიერება”, 1963;
  • პიროვნების სოციალური ფსიქოლოგია. თბილისი: “მეცნიერება”, 1975;
  • Психологическая природа восприятия. Тбилиси: “Мецниереба”, 1976;
  • განწყობის ფსიქოლოგია. ტ. I-II, თბილისი: „მეცნიერება”, 1983-1985;
  • Понятие установки в общей и социальной психологии. Тб.-1974.
  • Установка и деятельность. Тбилиси: Мецниереба, 1987;
  • განწყობის ანთროპული თეორია. თბილისი: “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2014.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები