მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნაზარი (მიტროპოლიტი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაზარი

ნაზარი - ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა, (1872, ქუთაისის გუბერნია, სოფ. დიდი ჯიხაიში - 28.VIII.1924) - მიტროპოლიტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პატარა იოსები მამამ ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა სემინარია და დაიწყო სამღვდელმსახურო საქმიანობა დიაკვნის ხარისხში, 1893 წელს ხონის ფერისცვალების ეკლესიაში აკურთხეს მღვდლად. 1894 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1897 წელს სკუფიით. ამ დროს მას ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე და შვილები. 1900 წელს მამა იოსები ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში. 1904 წელს ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად „ნაზარი” (ღვთისათვის შეწირული). 1905 წელს დაამთავრა სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო „კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლა“. 1905 წელს დაინიშნა ველინსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად, ხოლო 1907 წელს გადაიყვანეს კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1910 აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს დაინიშნა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად და იმავე წელს დადგენილ იქნა არქიმანდრიტად და ქართლ-კახეთის კეთილმოწესედ. 1912 წელს აირჩიეს საქართველოს ეპარქიების მუზეუმების კომიტეტის წევრად. 1913 წელს დაჯილდოვდა წმიდა ანას I ხარისხის ორდენით. 1916 საქართველოს ეგზარქოსის, პლატონის, წარდგინებით დაინიშნა სინოდის კანტორის წევრად.

1917 წლიდან აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში. მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 1918 წლის 17 ნოემბერს არქიმანდრიტი ნაზარი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. იგი აქტიურად დაუპირისპირდა საქართველოს დროებით მთავრობის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საკათალიკოსო საბჭოსა და ადგილობრივ ეპარქიასთან შეუთანხმებლად გელათის მონასტრიდან გამოიტანეს საეკლესიო სიწმინდენი და გადაიტანეს მუზეუმში.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსვლამდე ორი დღით ადრე, საკათოლიკოსო საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო დადგენილება საეკლესიო სიწმიდეთა ქუთაისში გადატანის შესახებ, რომლებიც მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში დამალეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე), არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე), დეკანოზ დიმიტრის (ლაზარიშვილს) და მიტროპოლიტ ნაზარს.

1923 წლის 25 აპრილს შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერდნენ ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე ლორთქიფანიძე და ბოლშევიკური ხელისუფლების სხვა აღმასრულებლები, სარდაფიდან ამოიღეს საეკლესიო განძი, ხოლო ნაზარი დააპატიმრეს. სასამართლომ ვერ დაუმტკიცა მიტროპოლიტს დანაშაული და გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. 28 აგვისტოს ნაზარმა ერთ-ერთი სოფლის ეკლესია აკურთხა და იმ ღამით მღვდელ პ. ვარდოსანიძის ოჯახში დარჩა, სადაც ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. „განსაკუთრებული სამეულის” (ტროიკა) გადაწყვეტილებით ნაზარი და სხვა დაპატიმრებულები საფიჩხიის ტყეში გაიყვანეს და დახვრიტეს.

1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთისა და ერის წინაშე მოწამებრივი ღვაწლისათვის მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად მღვდელნი: სიმონ მჭედლიძე, გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველნი უღმერთოთგან წამებულნი წმინდანებად შერაცხა.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ცხოვრება და მოღვაწეობა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო გოჩა ასათიანმა, თბ., 1995;
  • მათ არ უღალატეს ქრისტეს, შემდგენელ-გამომცემელი დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე, თბ., 2005;
  • ვ. გურული, მიტროპოლიტ ნაზარის საქმე (1924 წლის აგვისტო-სექტემბერი), თბ., 2009.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნაზარი (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები